VA[A]DS-ის სემესტრის შემაჯამებელი ონლაინგამოფენა
31 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სემესტრის შემაჯამებელი მეორე ონლაინგამოფენა გაიხსნა. გამოფენაში წარმოდგენილია პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტების ნამუშევრები.
ახალმა რეალობამ სტუდენტებს ახალი გამოწვევები მოუტანა და სამუშაო პროცესი სრულიად შეცვალა. გამოფენაში წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი VA[A]DS-ის სახელოსნოებშია შექმნილი, ნაწილი კი იზოლაციაში.
სემესტრის განმავლობაში პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიის სტუდენტების ამოცანა იყო ამერიკელი ხელოვანის, პოლ ტეკის ტექსტში – „სასწავლო ჩანაწერები: „ოთხგანზომილებიანი დიზაინი“ – დასმულ საკითხებზე თავიანთი ნამუშევრებით პასუხის გაცემა. პოლ ტეკმა ეს მრავალშრიანი კითხვარი კუპერ იუნიონის სახელოვნებო სკოლაში სწავლებისას შეადგინა. „სასწავლო ჩანაწერები“ ქმნის საერთო სივრცეს სტუდენტებს შორის, რადგანაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ პასუხებს ყველა ტიპის წარმოდგენილ კითხვაზე.
კითხვების შინაარსი ხან ბანალურია – „თქვენი დაბადების თარიღი?“, ხანაც ფილოსოფიური – „რა არის საჭირო სრულყოფილად ცხოვრებისათვის“, ხან პირადული – „საკუთარი თავის ქაღალდის თოჯინა გააკეთეთ“. ტეკის კითხვები სტუდენტებს თავისი თავის აღმოჩენისა და ამავე დროს საკუთარი შემოქმედებითი პროცესის სამყაროსთან მიმართებაში გადააზრების საშუალებას აძლევს.
გამოფენაში ასევე წარმოდგენილია თეა გვეტაძის მე-2 და მე-3 კურსის ჯგუფების ნამუშევრები.
ხატვის სტუდიის ლექტორები:
- ნინო ქვრივიშვილი
- გურამ შავდია
- ზურა ბეროზაშვილი
ფერწერის მეორე და მესამე კურსის ლექტორი:
- თეა გვეტაძე
სრული გამოფენის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: https://vaads2020.wixsite.com/online-exhibition.