ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულებები მსოფლიოს დიდ ქალაქებში
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
ხშირად დაწესებულებები იმაზე მეტ მნიშვნელობას იძენენ, ვიდრე მათი თავდაპირველი დანიშნულებაა ხოლმე. დამთხვევები, ან თუნდაც მიზანმიმართული ძალისხმევა უბრალო შენობებს განსაკუთრებულ კონტექსტს ანიჭებს და თავად ხდის ისტორიად.
“შექსპირი და კომპანია” მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წიგნის მაღაზია და პარიზის კულტურული და ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. თუმცა, ამ სახელით დროის სხვადასხვა მონაკვეთში, პარიზის სხვადასხვა უბანში, სამი მაღაზია არსებობდა.
მისი ისტორია 1919 წელს იწყება, როცა ამერიკელმა სილვია ბიჩმა პირველი ინგლისურენოვანი წიგნების მაღაზია “შექსპირი და კომპანია” გახსნა პარიზში. “შექსპირი და კომპანია”, გარდა მაღაზიისა, ფუნქციონირებდა როგორც ბიბლიოთეკა – ნებისმიერ მსურველს შეეძლო წიგნები ადგილზე წაეკითხა, ან სულაც სახლში წაეღო და შემდეგ დაებრუნებინა. 1922 წელს ბიჩმა მაღაზია სხვა ქუჩაზე, უფრო დიდ შენობაში გადაიტანა.
ამ მისამართზე სილვიას ხშირად სტუმრობდნენ ერნესტ ჰემინგუეი, ეზრა პაუნდი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჯეიმს ჯოისი და სხვა უამრავი. მწერლები და პოეტები მეგობრობდნენ სილვიასთან, მაღაზიაში საჯაროდ კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს და ზოგიერთი მათგანი სამუშაო ადგილადაც კი იყენებდა იქაურობას. ითვლებოდა, რომ აქ გემოვნებიანი წიგნები იყიდებოდა, ამასთან – იშვიათი გამოცემები, ან სულაც აკრძალული ლიტერატურა.
სილვია ბიჩი საგამომცემლო საქმიანობასაც ეწეოდა. მისი დამსახურებაა ჯეიმს ჯოისის “ულისეს” გამოცემა. მაშინ, როცა ყველა გამომცემლობა უარს ეუბნებოდა წიგნის დაბეჭდვაზე, ბიჩმა ფული ისესხა და “ულისე “ მცირე ტირაჟით გამოსცა.
“შექსპირი და კომპანია” პარიზის კულტურული ცხოვრების მთავარი ცენტრი იყო, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზი ნაცისტებმა არ დაიპყრეს. 1941 წელს მაღაზია საბოლოოდ დაიხურა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჩმა უარი განაცხადა ნაცისტი ოფიცრისთვის ჯოისის “ფინეგანის სამძიმარი” მიეყიდა იმ მოტივით, რომ ეს წიგნის უკანასკნელი ეგზემპლარი იყო და მისი გაყიდვის შემთხვევაში ბიბლიოთეკისთვის აღარ დარჩებოდა. ამ ამბის შემდეგ, ბიჩი 6 თვით გადაასახლეს, “შექსპირი და კომპანია” კი დაიხურა.
თუმცა, “შექსპირი და კომპანიას” ისტორია აქ არ მთავრდება. 1951 წელს კიდევ ერთმა ამერიკელმა, ჯორჯ უიტმენმა გახსნა ინგლისურენოვანი წიგნების მაღაზია პარიზში. თავდაპირველად მის მაღაზიას “მისტრალი” ერქვა, თუმცა 1964 წელს, სილვია ბიჩის ნებართვით და მისდამი პატივისცემის ნიშნად, უიტმენმა მაღაზიას სახელი გადაარქვა და ხელახალი სიცოცხლე დაიწყო “შექსპირი და კომპანიამ”.
მსგავსად წინამორბედი მაღაზიებისა, უიტმენის “შექსპირი და კომპანიაც” მწერლების საყვარელ ადგილად იქცა. თუ ბიჩის მაღაზიას ე.წ. დაკარგული თაობის მწერლები სტუმრობდენ, უიტმენის მაღაზიაში ხშირად ნახავდით ბიტ თაობის წარმომადგენლებს. როგორც ამბობენ, უილიამ ბეროუზმა თავისი საეტაპო ნაწარმოებისთვის “შიშველი საუზმე” თემების მოკვლევა სწორედ მაღაზიის ბიბლიოთეკის სამედიცინო სექციაში ჩაატარა. ხოლო კიდევ ერთ ცნობილ ბიტ თაობის წარმომადგენელს, ლორენს ფერლინგეტის თავისი, აწ უკვე ისტორიული, მაღაზიის და გამომცემლობის გახსნის იდეა სწორედ “შექსპირი და კომპანიაში” სტუმრობის შემდეგ გაუჩნდა.
1951 წლიდან დღემდე წიგნის მაღაზიამ და ბიბლიოთეკამ 30 000-მდე მწერალს უმასპინძლა – მცირე სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მათ შენობაში ღამის გათევის უფლება ეძლევათ.
ჯორჯ უიტმენი 2011 წელს გარდაიცვალა, მაღაზიას კი მისი ქალიშვილი, სილვია ბიჩ უიტმენი ხელმძღვანელობს.
კაფე “რეჯიო” მანჰეტენის ყველაზე ცნობილ უბანში, გრინვიჩ ვილიჯში მდებარე ყავახანაა, რომელიც 1927 წელს გაიხსნა. ყავახანა იმითაა ცნობილი, რომ მისმა მფლობელმა დომენიკო პარისიმ ამერიკელებს კაპუჩინო სწორედ აქ გაასინჯა პირველად.
1954 წელს “ჰაროლდ ტრიბუნში” განთავსებული სტატიის მიხედვით, პარისი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა დალაქად იმისთვის, რომ ესპრესოს აპარატის იტალიიდან გამოწერის საფასური, იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა, 1000 დოლარი შეეგროვებინა.
კაფე უამრავი ფილმის მოქმედების ადგილია, მათ შორისაა – The Godfather Part II, Next Stop, Greenwich Village, Serpico, Inside Llewyn Davis და სხვა.
ნიუ-იორკში არსებული სასტუმრო “ჩელსი” კარგა ხანია, რაც ისტორიული ადგილი გახდა – ხშირად მე-20 საუკუნის ამერიკული ხელოვნება აქ იქმნებოდა, თავად ხელოვანებისთვის კი ეს სასტუმრო ერთგვარი თავშესაფარი, ხანდახან კი გრძელვადიანი საცხოვრებელი ადგილიც იყო. ამიტომ დიდი დრო არ დასჭირვებია იმას, რომ საერთო სივრცეები ტილოებით და კედლის მხატვრობით გაფორმებულიყო.
სასტუმროს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს იწყება, მე-20 საუკუნეში კი ახალ სიცოცხლე ელის. თუმცა, მივყვეთ ქრონოლოგიურად. 1882-1885 წლებში არქიტექტორმა ფილიპ ჰუბერტმა ფირმიდან “ჰუბერტი, პირსონი და კომპანია” ნიუ-იორკში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა. შენობას სპეციფიკური დანიშნულება ჰქონდა – ეს უნდა ყოფილიყო პირველი კოოპერატიული სახლი მანჰეტენზე. სასტუმრო “ჩელსი” ჩაფიქრებული იყო როგორც ექსპერიმენტი.
მსგავსი ტიპის დაწესებულება ამ არქიტექტურულ ფირმას ადრეც გაუხსნია. “Hubert Home Club”-ის სახელით ცნობილი მოდელი 1880 წლიდან ეფექტურად მუშაობდა.
არქიტექტორ ფილიპ ჰუბერტის, რომელიც ფრანგი ფილოსოფოსის, ჩარლზ ფურიეს მსოფლმხედველობით იყო შთაგონებული, სურდა ცხოვრების ახალი, ალტერნატიული გზების მოფიქრება. ამიტომ, მან შეიმუშავა საცხოვრებლის იდეა, სადაც ყველა მობინადრისთვის უზრუნველყოფილი იქნებოდა პირადი და პროფესიული მოთხოვნილებები. თუმცა, ის, რაც ჰუბერტმა რელურად შექმნა, იყო ნიუ-იორკის პირველი კოოპერატიული ტიპის საცხოვრებელი, სადაც მდგმურები კომუნალურების და სხვა მომსახურების გაზიარებით თანხას ზოგავდნენ.
შენობამ ფუნქციონირება 1884 წელს დაიწყო. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც შენობის აშენებაში მონაწილეობნენ, ჰუბერტმა საცხოვრებელი ბინები ხელოვან ხალხსაც დაუთმო, ხოლო ზედა სართული სახელოსნოდ გადააქცია მხატვრებისთვის. ამგვარმა სისტემამ დიდხანს არ იმუშავა. ფინანსური პრობლემების გამო კოოპერატიული საცხოვრებელი გაკოტრდა.
1905 წელს შენობის რეკონსტრუქცია ჩატარდა. კოოპერატიული საცხოვრებლის ნაცვლად გაიხსნა ძვირად ღირებული სასტუმრო, სადაც ხშირი სტუმრები იყვნენ – მარკ ტვენი, უილიამ დინ ჰოუელზი, ჯონ სლოანი.
მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიქმნა ფინანსური პრობლემები. სასტუმროს ხელმძღვანელობა იძლებული გახდა ნომრების ფასი დაეწია. ეს იყო ის, რაც შენობას სჭირდებოდა იმისთვის, რომ გამხდარიყო მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების, მსახიობების საცხოვრებელი და თავშეყრის ადგილი.
სასტუმროში ცხოვრობდნენ: მხატვარი ჯექსონ პოლოკი, მწერალი ჯეიმს ფარელი, მხატვარი და მუსიკოსი ლერი რივერსი, თეატრის კრიტიკოსი და მწერალი კენეტ თინანი, პოეტი ჯეიმს შულერი, მუსიკოსები – ლეონარდ კოენი, პატი სმიტი, ჯენის ჯოპლინი; ფოტოგრაფი რობერტ მეპლტორფი. ჩელსის ნომერში გარდაიცვალა დილან ტომასი, 614-ე ნომერში ცხოვრობდა არტურ მილერი მერლინ მონროსთან განქორწინების შემდეგ.
რობერტ მეპლტორფმა ამ სასტუმროში ცხოვრებისას დაიწყო ფოტოების გადაღება. მე-100 ნომერში ცხოვრობდნენ “სექს პისტოლსის” ბასისტი სიდ ვიშისი და მისი შეყვარებული, რომელიც ერთ დილას მოკლული იპოვეს. მკვლელობას სიდი კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ის ერთადერთი ეჭვმიტანილი იყო.
აქ დაწერა არტურ კლარკმა “კოსმოსური ოდისეა 2001”, ხოლო ენდი უორჰოლმა 1966 წელს გადაიღო თავისი ფილმი Сhelsea Girls ედი სედვიკის მონაწილეობით. მადონა კი, რომელიც წლების წინ იქაური რეზიდენტიც იყო, 1992 წელს დაბრუნდა სასტუმროში და თავისი წიგნისთვის Sex Book ფოტოები გადაიღო.
ამ შენობას უამრავი ამბავი უკავშირდება – ბევრი სიმართლე, ბევრიც შეთხზული ისტორია და სწორედ ეს ტყუილ-მართალი ქმნის ლეგენდას, რომელსაც სასტუმრო “ჩელსი” ჰქვია.
21-ე საუკუნის დასაწყისში შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და დაიწყო მისი რემონტი. თუმცა 100-ზე მეტის წლის შენობას რემონტთან ერთად საფუძვლიანი რეკონსტრუქციის ჩატარებაც სჭირდებოდა, ამიტომ 2011 წელს სასტუმრომ ახალი ჯავშნების მიღება შეწყვიტა და იქ მხოლოდ მუდმივი მცხოვრებლები დარჩნენ.
სასტუმროს ახალი კონცეფციით გახსნა რამდენჯერმე დაანონსდა და შემდეგ გადაიდო, ჯერ არც მობინადრეებმა და არც მოიჯარეებმა იციან მისი გახსნის ზუსტი თარიღი.
ლოურენს ფერლინგეტის და პიტერ მარტინის მიერ 1953 წელს გახსნილი წიგნის მაღაზია City Lights 2001 წლიდან ოფიციალურადაა ისტორიული ღირსშესანიშნაობა. როგორც წესი, ამ წოდებას შენობებს ანიჭებენ ხოლმე და ეს შემთხვევა ის გამონაკლისია, როდესაც ისტორიულ ღირსშესანიშნაობად საქმიანობა ჩათვალეს და არა ნაგებობა.
მაღაზიას სახელი ჩარლი ჩაპლინის ფილმის “დიდი ქალაქის ჩრაღდნების” მიხედვით პიტერ მარტინმა დაარქვა, რადგანაც ფილმის დიდი გულშემატკივარი იყო.
ფერლინგეტის და მარტინის იდეა იყო გაეხსნათ წიგნების დამოუკიდებელი მაღაზია და ამასთან, შეექმნათ სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისთვის.
1955 წელს ფერლინგეტიმ გამომცემლობა გახსნა, იმავე წელს მოისმინა გინზბერგის “ყმუილი” Six Gallery-ში და მეორე დღესვე შესთავაზა სხვა ლექსებთან ერთად გამოცემა.
გინზბერგის “ყმუილი და სხვა ლექსები” 1956 წელს გამოიცა მცირე ტირაჟით და მალევე, როგორც ავტორს, ისე გამომცემლობასაც სახელი საქვეყნოდ გაუთქვა. 1957 წლის ივნისში ადგილობრივმა პოლიციამ წიგნის მაღაზია დაარბია, ხოლო მაღაზიის მენეჯერი შიგ მურაო უხამსი წიგნის გასაღების და გაყიდვის ბრალდებით დააკავა.
ფერლინგეტი, რომელიც იმ დროს ბიგ სურში იმყოფებოდა, სან-ფრანცისკოში დაბრუნებისთანავე ჩაბარდა პოლიციას. ორივეს 500 დოლარიანი ჯარიმა და 6 თვიანი პატიმრობა ემუქრებოდა. გინზბერგი იმ დროს ტანჟირში იმყოფებოდა და ბრალი არ წაუყენეს. დაკავებულებს სასამართლო პროცესების დროს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი დაეხმარა და ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების საფუძველზე ბრალდებებიც მოეხსნათ. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე აქამდე აკრძალული წიგნების – დევიდ ლოურენსის “ლედი ჩატერლეის საყვარელი” და ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი”- გამოცემა გახდა შესაძლებელი.
სასამართლო პროცესმა მედიის ყურადღება მიიპყრო და წიგნმაც და გამომცემლობამაც ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ 1958 წლისთვის კრებულის 20 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა.
წიგნის მაღაზია და გამომცემლობა დღემდე ფუნქციონირებს და სან ფრანცისკოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა City Light-საც შეუქმნა ფინანსური პრობლემები, გულშემატკივრების დახმარებით საჭიროზე მეტი თანხა შეგროვდა. პლატფორმა gofundme-ზე საწყისი თანხის 300 000 დოლარის ნაცვლად, თითქმის ნახევარ მილიონ დოლარამდეა შეგროვებული 10000-ზე მეტი დონორის დახმარებით.