fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – გიორგი შველიძე – კინოოპერატორი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის ინტერვიუების სერიას თანამედროვე ქართულ კინოში მომუშავე ადამიანებთან. 

სერიის დღევანდელი სტუმარია კინოოპერატორი გიორგი შველიძე.

ნენე კვინიკაძე: გაიხსენეთ პირველი კინოგადაღების პირველი დღე.

გიორგი შველიძე: სამწუხაროდ, არ მახსოვს ჩემი პირველი გადაღების დღე, თუმცა ნათლად მახსოვს და ყოველთვის მენატრება ის გრძნობა, რაც სტუდენტობის დროინდელ გადაღებებს ახლდა: მეგობრების საკურსოები, სადიპლომოები,  დავალებები თუ უბრალოდ ახირებები, მცირე ჯგუფი, ალბათ, ჯგუფიც არ ჰქვია, სულ სამი ან ოთხი ადამიანი, ერთ მანქანაში ჩაყრილი აპარატურა, გადანაწილებული საქმე, საჭმლის და ბენზინის ფული, თუმცა გაცილებით მეტი გამბედაობა, სითამამე, სიხალისე და თავისუფლება. ეს გრძნობა ყოველთვის მიბრუნდება მცირე ჯგუფთან მუშაობის დროს; ალბათ, მთლად ასეც არ არის, მაგრამ ვიჯერებ, რომ ასეთი გადაღებისას  თითქოს ყველა თანამოაზრეა, თითქოს ყველა უფრო უკეთ უგებს ერთმანეთს და პროცესიც უფრო უახლოვდება ჯადოსნობას.

 

ნ. კ.: კარგი და ლამაზი კადრის თქვენებური დეფინიცია როგორია?

გ. შ.: ვფიქრობ, ოპერატორისთვის ერთ-ერთი  ყველაზე მტკივნეული კომპლიმენტია – რა კარგი გადაღებული ფილმია ან რა ლამაზი ფილმია. ეს ნიშნავს, რომ ვიზუალური ფორმა, სხეული, განყენებულია შინაარსისაგან. ასეა ლამაზი კადრიც, რომელსაც თუ არ აქვს დატვირთვა, გამართლება და შინაარსი, ჰაერში გამოკიდებული რჩება და მხოლოდ კალენდრის ყდას თუ დაამშვენებს. კარგი კადრი კი საპირისპიროა, ის სწორად ასახავს დრამატურგიულ შინაარს და ზუსტად გადმოსცემს მიზანსცენის არსს.

ნ. კ.: როგორ აისახება ციფრული ტექნოლოგიების გავლენა კინოზე?

გ. შ.: ხშირად მსმენია და მეც არაერთხელ ვყოფილვარ კამათის მონაწილე ფირის და  ციფრული ტექნოლოგიების შედარებისას. არ ვუყურებ ციფრული ტექნოლოგიების დომინაციას ტრაგიკულად. მიუხედავად იმისა, რომ ფირი, მისი სტრუქტურა, ქიმიური პროცესი ბევრისთვის ხარისხის ეტალონად რჩება და ხანდახან, ზოგისთვის წარმატების მისაღწევად ერთადერთ და უალტერნატივო საშუალებადაც გვევლინება, მგონია, რომ ციფრული ტექნოლოგიებით პროცესი გახდა უფრო მეტად ხელმისაწვდომი, იოლი, კომფორტული და რაც მთავარია – დემოკრატიული. ვთვლი, რომ უფრო მნიშვნელოვანია მეტი ფილმის გადაღების საშუალების გაჩენა, ვიდრე ფირის საკრალიზაცია. 

ნ. კ.: რომელ ქართულ კინოსურათს უწოდებთ თქვენთვის ძვირფასს?

გ. შ.: ძვირფასია ის ფილმები, რომლებმაც რაიმე ზეგავლენა მოახდინეს და ასევე ის ფილმები, რომელზეც მომიწია მუშაობა.

ნ. კ.: რომელი კინოსურათები გამოადგება ყველაზე მეტად დამწყებ ოპერატორს?

გ. შ.: ოპერატორის ხელოვნება არის ნაზავი ტექნიკური ცოდნის, რომელიც მუდმივად განახლებადი პროცესია და შემოქმედებითი მხარის, რომელიც ასევე მუდმივად განახლებადია, თუმცა ძალიან ინდივიდუალური და ინტიმურია… საბოლოო მიზნის მისაღწევად ორივე კომპონენტი მნიშვნელოვანია. 

ტექნიკური ცოდნა ზოგადია და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველა ოპერატორმა იცის და თვალს ადევნებს განათების, ოპტიკის, კამერების ტექნიკურ მახასიათებლებს და მათ ცვლილებებს, მაგრამ მათი შესაბამისად  შერჩევა, გამოყენება უკვე ინდივიდუალურ და უნიკალურ შედეგს გვაძლევს. 

ანუ, მნიშვნელოვანია როგორც ის, თუ რას ხედავ შენ და როგორ გადასცემ შენ დანახულს სხვებს, ასევე, რა ტექნიკურ საშუალებებს იყენებ ამისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დამწყებმაც და გამოცდილმა  ოპერატორმაც მუდმივად უნდა იზრუნოს ორივე მხარის მოძლიერებაზე. უყუროს ყველაფერ საინტერესოს, რაც გაუღრმავებს ცოდნას, განუვითარებს გემოვნებას და ხანდახან თავდაყირა დააყენებს ყველაფერს, რაც კი აქამდე უსწავლია. 

ეს შეიძლება იყოს ჰოლივუდური  ფილმები, სადაც ტექნიკური მხარე ყოველთვის მაღალ დონეზეა, სადაც შეიძლება დააკვირდე საინტერესო, ძვირად ღირებულ გადაწყვეტილებებს და ამავე დროს, საავტორო ფილმებს, სადაც ზუსტად ეს “გამართული” ტექნიკური მხარე გააზრებულად უგულებელყოფილია და გაცილებით ორიგინალური მიგნებებია გამოყენებული.

ნ. კ.: კინოს და ლიტერატურას შეუძლია დიდი შთაბეჭდილების მოხდენა, ასევე ინფორმაციის გავრცელებაც, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, შეცვლა შეუძლია?

გ. შ.: არა მარტო ლიტერატურას – მუსიკას, თეატრს, მხატვრობას და ამ ყველაფრის გამაერთიანებელს – კინოს – დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. დიდი შთაბეჭდილება კი უკვე შეცვლაა, შენ აღარ ხარ ისეთი, როგორიც იყავი, შეიძლება დროებით, მაგრამ მაინც შეცვლაა. ასე რომ, მეტი შთაბეჭდილების მიღებას და ცვლილებას გისურვებთ : )


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.