სუნამოების პრინცი – Prince Matchabelli
ავტორი: მზეხა მახარაძე
“ზღაპრიდან მოსული პრინცი”, – წერდა 20-იანი წლების ამერიკული პრესა ჯორჯ მაჩაბელზე. იმ არისტოკრატზე, რომელიც ნიუიორკელებს იტალიელი ჯენტლმენი ეგონათ… “იტალიელი? – არა ბატონო, მე ქართველი გახლავართ!” – მოკრძალებით იტყოდა თურმე სევდიანი ღიმილით. არსებობს სინამდვილე და მითები გიორგი მაჩაბელზე, თუმცა ისტორიულ მახსოვრობაში ახლაც ძნელია მათი განცალკევება.
“ძველი ქართველი არისტოკრატი და განათლებით ევროპელი”. – მასზე დაუწერია მიხაკო წერეთელს, გრიგოლ რობაქიძეს კი უთქვამს: “გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს: აქ საქართველოს სურნელიაო…” გიორგი ივანე მაჩაბლის ძმისშვილი იყო და “ვისაც ორივე ენახა, პირწავარდნილ მსგავსებას ხედავდნენ მათში”.
ამერიკაში “ქალებს თავზე სამეფო გვირგვინები დაადგა პრინცმა, რომელიც საქართველოდანაა, ერთი კეთილი და წარჩინებული ოჯახიდან…”- იწერებოდა პრესა მისტერ მაჩაბელზე, რომელმაც თავისი პარფიუმერული ბრენდით შოკში ჩააგდო ამერიკული ელიტა. 1926 წელს სუნამოების კლასიკური ხაზი – Prince Matchabelli არისტოკრატებისთვის შექმნა და გლამურული ცხოვრებით განებივრებულებს შესთავაზა აღმოსავლური მისტიკით შეფერილი სურნელი, არასტანდარტული ნოტების გამა… და ეს მდიდარი არომატები უყვარდებოდათ.
Queen of Georgia, Princess Norina, Ave Maria, Duchess of York, Wind Song, Golden Autumn – ეს სუნამოები შეფუთული იყო მაჩაბლების საგვარეულო გერბის გვირგვინების რეტრო დიზაინითა და ოქროს დეტალებით… Prince Matchabelli-ს პარფიუმის ფლაკონები ერთ სტილშია, – ყველას გვირგვინის ფორმა აქვს, ჯერ გერმანული ფაიფურისაგან, შემდეგ კი ამერიკაში ქართველი მრეწველის, ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის კომპანიაში უკვე მინისგან ამზადებდნენ. რატომ აირჩია ბრენდის ემბლემად გვირგვინები? ეს ლეგენდარული გვირგვინები ქართული ჯვრებით, თავადი მაჩაბლისთვის იყო სამშობლოს სიმბოლო, ყველაზე ძვირფასი რელიკვია, რომელიც თავისი არსით საკრალურ მნიშვნელობასაც იძენდა. NY-ში ეს ბევრმა არც იცოდა… გივი კობახიძე წერდა: “გვირგვინისებრი მოყვანილობის ფლაკონების დაპროექტებაში გიორგიმ გამოავლინა ნამდვილი გენიოსობა… ეს მიგნება – მაჩაბლების საგვარეულო გერბზე გამოსახული სამეფო ოქროსვარაყიანი გვირგვინის გამოყენება-გაფორმებაში იღბლიანი აღმოჩნდა…”
Madison Avenue-ზე 1924 წელს გიორგი მაჩაბელმა გახსნა ანტიკვარული სალონი “წითელი და შავი”, მოგვიანებით აქ იყიდება სუნამოების კლასიკური ხაზი Prince Matchabelli. და მაინც, Prince Matchabelli იყო ნოვაცია 20-30-იანი წლების ამერიკაში, ამერიკულ სილამაზეს აღმოსავლური სურნელი მისცა. მეტიც, 1926 წელს დაარსებული პარფიუმერული კომპანია Prince Matchabelli, რომელიც მილიონიან ბიზნესად იქცა, 1920-1930-იან წლებში ამერიკის 5 ლიდერ კომპანიას შორის დასახელდა. ასე რომ, ნიუ-იორკს პირველად ქართველმა თავადმა შეუქმნა პარფიუმერული ბრენდი Prince Matchabelli. ბუნებრივი ექსტრაქტები + რომანტიკა + ეგზოტიკა = ხელოვნება. თითქმის ასეთი იყო პარფიუმერის თეორიული ფორმულები, როცა სენსუალური სუნამოების კლასიკურ ხაზზე მუშაობდა. მისივე ხელწერა იყო ამ ექსპერიმენტული “ხელოვნების” ეტიკეტები და… საგაზეთო რეკლამებიც:
“სუნამო “ოქროს შემოდგომა”/Golden Autumn – ეს არის ძალზე თანამედროვე ექსტრათბილი, იმბირის სურნელის მქონე, ძალზე გამორჩეული და აღმაფრთოვანებელი სუნამო. თუ გსურთ იყოთ მისი სახელის მსგავსად საუკეთესო, გამოიყენეთ ამაყად და სიამოვნებით. ის იქნება საწინდარი ყოველივე არაჩვეულებრივისა. დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი მაჯებზე, იდაყვებზე, ყელთან, ყურების უკან. ეს არის სუნამოს მოხმარების ყველაზე სწორი წესი, რათა სუნი კარგად იგრძნობოდეს ($ 4.00).
სუნამო “ქარის სიმღერა”/Wind Song – აბაზანის შემდეგ უნდა შეისხუროთ კისერზე, მკლავებზე, შუბლზე. ეს მოგანიჭებთ სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში. დაისხით ხშირად – ადრიანი დილიდანვე. მას აქვს ყვავილებისა და ტყის შესანიშნავი ნაზი სურნელი, რომელიც თქვენც და თქვენ გარშემო მყოფთაც კარგ განწყობას შეუქმნის ($ 0.75).
ზეთი “აბანო”/Abano – ზეთი, ცოტაოდენ თბილ წყალში გაზავებული, მოგანიჭებთ არაჩვეულებრივ სიამოვნებას. ორგანიზმის მიერ თანდათანობით შეწოვის შემდეგ თქვენ რამდენიმე საათით ჩაიძირებით ამ აღმოსავლურ არომატში. გამოძებნეთ დრო – ისიამოვნეთ ამ ფუფუნებით. ის აგიმაღლებთ განწყობას, მოგიხსნით დაღლილობას, გაგანებივრებთ და მოგესიყვარულებათ. როცა საღამოს ხანგრძლივი დროით სადმე წაბრძანდებით, მისი წყალობით გარშემორტყმული იქნებით ჯადოსნური აურით ($1.50)”.
თავად მაჩაბლის საარქივო მასალები, რომლებიც წლებია ინახება მარინა ჩერქეზიშვილისა და ქეთევან ჯინჭარაძის ოჯახებში, თაობების ხელში მემკვიდრეობად გადადის…
NY-ის სალონური შეხვედრები… საღამოს ხმაურიანი წვეულებები… ჯორჯ მაჩაბელი ყველასთვის სასურველ სტუმრად ითვლება, უამრავი ლედი ტრიალებს მის გარშემო… ყველა მოხიბლული რჩება მისი გალანტურობით, არც მალავენ, მაგრამ იციან, რომ ქართველი ჯენტლმენი არ არის მარტო, მისი რჩეული ნორინა ჯილია, ცნობილი იტალიელი მსახიობი, თეატრალური ფსევდონიმით – მარია კარმი. ამბობენ იმასაც, რომ განსხვავებულად ლამაზი ყოფილა მათი სიყვარულის ბიოგრაფია. მარია კარმი ხდება სუნამოების პრინცის მუზაც. Prince Matchabelli იქცა ამერიკელი ლედის ელეგანტურ, თუმცა მაცდურ აქსესუარად, რომელმაც სხვა სიხალისე და სულ სხვა შარმი შეიტანა იმ დიდი დეპრესიის პერიოდის ყოველდღიურობაში… Prince Matchabelli-ს სალონები გასხნილი იყო კალიფორნიაში, ჩიკაგოში, ტეხასში…
სპირიდონ კედიას მოგონებიდან: “მთელ ამერიკაში “თავადი მაჩაბლის პარფიუმები” ძალიან ცნობილი ხდება. იგი ბაზარზე უშვებს თავისი პარფიუმის კლასიკურ სერიას. მათ შორის არის “საქართველოს დედოფალი”, მისი ჭურჭელი – საპარფიუმო გვირგვინები – ხიბლავს საერთო ყურადღებას, მისი ფირმა მაღალი ხარისხის შარავანდედით იმოსება. სამწუხაროდ, პირველი ფეხის ადგმას თან ამერიკული კრიზისი მოსდევს. გიორგი ამ კრიზისს წარმატებით ებრძვის. მარტო მაჩაბლის ფირმაა, ამ საშინელი დეპრესიის წლებში თავის აღებ-მიცემობას შეუჩერებლივ რომ ავითარებს… ნიუ-იორკში, როცა გიორგი მაჩაბელი იწყებს პარფიუმერიის საქმეს, თითქმის ხელცარიელი, არაფერი გააჩნია… ამ საქმეში მთელი მისი თანხა მარტო საკუთარი პიროვნებაა. გიორგი იჩენს ამერიკელი მომხმარებლის ფსიქოლოგიის დაკვირვებულ ცოდნას… ის ნამდვილი არისტოკრატი გამოდგა თავისი ახალი პროფესიისა… თითქმის ერთდროულად ხსნის თავის განყოფილებებს პარიზში, ლონდონში, რომ მის ამერიკულ ფირმას პარიზის მსოფლიო რეპუტაციაც დაუკავშიროს. საქმეში დიდ მეთოდურობასა და მხნეობას იჩენს. აქვს იშვიათი გემოვნება. გიორგი ნამდვილი არისტოკრატი გამოდგა თავისი ახალი პროფესიისა”.
როგორი იყო გრძელი გზის დასაწყისი? იყო თუ არა ბრენდი Prince Matchabelli თავადის ამერიკული ოცნება? – არა, გიორგი მაჩაბელი რისკზე წავიდა, თუმცა მის თავგადასავალში სარისკო სვლები ყოველთვის ამართლებდა… უცხოეთში თუ მისი ცხოვრების ხასიათსა და სტილს გავშიფრავთ, საფრანგეთში ემიგრირებული მთავრობის პოლიტიკურ ინტრიგებში ის ნაკლებად, ან სულად არ ერეოდა. რა იყო მისი სულიერი საყრდენი? სამშობლოსათვის წართმეული სუვერენიტეტის დაბრუნება, ამიტომ პარფიუმერულ კომპანიას, რომელიც 1926 წელს NY-ში გახსნა და მალე მილიონიან ბიზნესად აქცია, ოკუპირებულ საქართველოში წითელი დიქტატურა უნდა დაემარცხებინა. მაინც როგორ? – თავიდანვე ასე ჩაიფიქრა და ეს ჩანაფიქრი გახდა მისი პოლიტიკური მიზანი, რადგან გასაბჭოებული საქართველო საკუთარ ტკივილთან მარტო იყო დარჩენილი, თავად მაჩაბელს კი თებერვლის ოკუპაცია შელახულ თავმოყვარეობად ჰქონდა გააზრებული: “ემიგრანტებს დიდი გასაჭირი მოგველის, გაჭირვებული და მშიერი უცხოეთში ვერც ღირსებას შეინახავს და ვერც ქვეყნისთვის იმუშავებს პოლიტიკურად. ამიტომ მთელ ჩემს ენერგიას დავხარჯავ, რომ ამერიკაში სიმდიდრე შევიძინო და ეს ბოლოს გამოგვადგება დამოუკიდებელი საქმიანობისათვის”. – უთქვამს ამერიკაში მიმავალ გიორგი მაჩაბელს მიხაკო წერეთლისთვის ბერლინში.
“მთელ ქართულ ემიგრაციაში მარტო გიორგი ქმნის დიდს ახალ საქმეს, რომელიც სწრაფად მიექანება მსოფლიო ბაზარზე პირველი ადგილის დასაჭერად… ამ მიზნის მიღწევა გიორგის იმისთვის უნდა, რომ მეორე მიზნის (ქართული პოლიტიკის) სამსახურში მალე გადავიდეს, რომ კვლავ შეუდგეს საქართველოს თავისუფლების ახლად გამოჭედვის საქმეს თავის დაცდილ მეგობრებთან ერთად…” – სპირიდონ კედიას მოგონებიდან.
საბჭოთა რეჟიმი ძალით ცდილობდა თავისუფლების კვალი წაეშალა ქართველებში, ამას კი გიორგი მაჩაბელი ბოლშევიკურ მთავრობას ვერ პატიობდა. “თუ ინტელიგენცია დაგვიპირისპირდება, ჩვენ ტყვიის გარდა სხვა ენაზე ლაპარაკს არ დავუწყებთ…” – ორჯონიკიძის ეს მუქარა შეეხებოდა ყველას, მათ შორის, გიორგი მაჩაბელსაც, რადგან “სეპარატისტთა ჯგუფის” მთავარ მონაწილეს, 1918 წელს “თავისი როლი ჰქონდა აღსრულებული 26 მაისის საქმეში”. უფრო მეტიც, გერმანიის პოლიტიკურ ელიტაში მას თავისი ავტორიტეტი ჰქონდა. “ნოე ჟორდანიას ხელში შეაჩეჩეს ქვეყნის დამოუკიდებლობაო…” – წერდა დასავლეთის პრესა. ასეც იყო: ქვეყნის სუვერენიტეტი დამკომმა, ანუ იგივე “დე ფაქტო” საქართველოს რევოლუციურმა მთავრობამ, ევროპაში გადაწყვიტა… პირველი მსოფლიო ომის და რუსეთში 1917 წლის რევოლუციის მერე, გიორგი მაჩაბელი საქართველოს თავისუფლებას ისე აღიქვამს, როგორც “უკვე მომხდარ ფაქტს”. მისივე ინიციატივაა დამკომის მიერ გერმანია-ავსტრია-ოსმალეთის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ვასო დუმბაძესთან ერთად საერთაშორისო სკანდალიც მან ააგორა – გერმანელებს გადასცა საიდუმლო საბუთები და ამერიკული ყუმბარების შეკვეთაში შეცვალა კალიბრები.
ილო მაჩაბლის (გიორგის ძმა) ჩვენებიდან: “1915 წლის დასაწყისში პეტროგრადში საზღვარგარეთიდან ჩამოდის ჩემი ძმა. გულში არ გამივლია, რომ იგი ამ დროს ჩამოყალიბებული გერმანოფილი იყო. ბერლინის სამთო აკადემიის კურსდამთავრებულმა, ჭკვიანმა, ნაკითხმა, მშვენიერი შესახედაობისამ პეტროგრადის მაღალ საზოგადოებაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. აქ იგი შეხვდა თავის ძველ მეგობარს ვასო დუმბაძეს, რომელიც “დაამუშავა” და აიყოლია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად ხელი შეეწყო ომში რუსეთის დამარცხებისათვის. სამხედრო აღჭურვილობაზე ყველა შეკვეთა ხომ ვ. დუმბაძის ხელში იყო! გიორგიმ ვასოსთან ერთად შეიმუშავა მზაკვრული გეგმა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ყველა ჭურვი, რომელიც მის მიერ შეკვეთილი და დამზადებულია რუსეთის არმიის გენერალური შტაბისათვის, სხვა კალიბრისაა და არ ერგება ჩვენს ქვემეხებს… დაიწყო ამერიკიდან რუსეთის არმიისათვის დუმბაძის შეკვეთების მიღება… ფრონტზე საშინელი კატასტროფა ხდება, რუსეთის არმია გენერალური შეტევის წინ ჭურვების გარეშე რჩება. დაიწყო რუსეთის არმიის კატასტროფული უკანდახევა კარპატებიდან… ამ საერთაშორისო სკანდალს შეეწირა მინისტრის კარიერა, ვასო დუმბაძეს კი ჩამოხრჩობა იმპერატორმა 20 წლის კატორღით შეუცვალა. მაგრამ, სანამ კატასტროფა მოხდებოდა, დუმბაძეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისიის შესრულება მოუწია…”
წყალქვეშა ნავების ოპერაციები? – ეს ლეგენდაც უკავშირდება მაჩაბელს და… სტოკჰოლმის სამხედრო-საზღვაო შტაბს. დამკომის წევრები გერმანიის წყალქვეშა ნავებით სამჯერ შემოვიდნენ სტამბოლიდან საქართველოში. შეხვედრის ადგილი უცვლელი იყო – მდინარე ჭურიასთან. ფარულად შემოტანილ იარაღს კოკი დადიანის საგვარეულო მამულში ინახავენ…
საიდუმლო საზღვაო ექსპედიციის დროს ვითომ უმნიშვნელო, თუმცა საინტერესო დეტალებზე წერს მიხაკო წერეთელი: “ჯერ სხვები ჩავიდნენ ნავში რიგრიგობით და საკმაოდ კარგი, წყნარი განწყობილებით. მეტ-ნაკლებად ოდნავი ღელვა ყველას ეტყობოდა. არ ღელავდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც გამოცდილი ჰქონდათ ამგვარი მოგზაურობა. ბოლოს ჩავიდა ქარცივაძე. დავრჩი მარტო მე. უცებ ამიტანა მოულოდნელმა შიშმა და უკან დავიხიე და უარი ვთქვი ისე, რომ დავაპირე წასვლა. ამ დროს სახეშეცვლილმა გიორგი მაჩაბელმა დააძრო რევოლვერი და ჩემთვის სრულიად უცნობი, მანამდე განუცდელი ხმით მითხრა: ჩადი, თორემ აქვე დაგაწვენ! ეს ისეთი მტკიცე გადაწყვეტილებით იყო ნათქვამი, ის ნამდვილად მომკლავდა. მე სწრაფად ჩავირბინე და შევუერთდი სხვებს”.
“გერმანიის აგენტს” ეძახდნენ თავად მაჩაბელს, მის სურათებს ავრცელებდნენ და როგორც საშიშ დამნაშავეს ამაოდ დასდევდა რუსეთის კონტრდაზვერვა. რაც უნდა შორს ყოფილიყო, სულ ცდილობდა, თავის მამულში წინაპრების კვალზე გაევლო, ცოტა ხნით მაინც ჩასულიყო თამარაშენში, იქ, სადაც დარჩა მაჩაბლების სათავადო რეზიდენცია.
რევაზ გაბაშვილის მოგონებიდან: “1916 წლის მეორე ექსპედიციაზე არ გასულა ერთი თვე ლადო მძინარიშვილის ამოსვლიდან, – ისე მოულოდნელად და იმავე გზით მესტუმრა თითონ გიორგი მაჩაბელიც. ისიც ორ კვირას იმალებოდა ჩემთან, მაგრამ ვაი ამ “ორ კვირას”: რამდენადაც ლადო წყნარად იჯდა და ოთახიდან არ გამოდიოდა, იმდენად გიორგი მოუსვენარი და გაბედული აღმოჩნდა; ხან სიონში წავიდა სალოცავად, ხან სარაჯიშვილებთან, მამიდის სანახავად, ხან ჩამოყვანილ ამაშუკელთან… რუხი ჩოხით გამოწყობილი გიორგი ისე დაიარებოდა, თითქოს არაფერი ამბავი ყოფილიყოს და როცა ვეუბნებოდი, “კაცო, შენი თავი თუ არ გებრალება, ჩემ ცოლ-შვილს უნდა გაუფრთხილდე მეთქი, შენ თუ ჩავარდი, ჩვენ ყველას დაგვახრჩობენ”, – არხეინად მიპასუხებდა: “ნუ გეშინიან, მე სხვანაირი ბედი მაქვსო”. თბილისში ასე თამამად სიარული არ იკმარა და ძმასაც ჩააკითხა სოფელში. ყველა საქმე რომ მოაგვარა, ბაქოს გზით მოინდომა წასვლა. რამდენიმე კაცმა შორი-ახლოდან გავაცილეთ და სანამ მატარებელი არ დაიძრა, გული გულის ალაგას არ ჩაგვდგომია”.
შალვა ქარუმიძის მოგონებიდან: “მოაწყო რა აქ, გერმანიაში, კომიტეტი, გერმანული წყალქვეშა ნავით ჩამოვიდა საქართველოში, გვინახულა, გაგვამხნევა. იმ დღიდან მუდმივ კავშირში ვიყავით ჩვენ, აქ მყოფნი, – მასთან აქ მყოფთან. საქართველოდან რომ ბრუნდებოდა (რუსეთ-იაპონია-ამერიკის გზით) კავკავამდის გავაცილე. რუსებს ალღო ჰქონდათ აღებული და კვალდაკვალ მისდევდნენ კავკავში, მოხუც ალბაგაჩის სახლში (როსტოვის ქუჩა 13) შეხვედრა გვქონდა მაშინდელ გავლენიან მთიელებთან. კრებული უკვე დაშლილი იყო და ჩვენც მასპინძლის შვილთან, ისმაილთან ერთად გავუდექით გზას. რომ მოგვაწიეს რუსებმა, მაშინ ვნახე ქართველი გმირი, დინჯი, მოხერხებული, ღირსეული, გულადი. ეს გიორგი იყო. სამმა გავარღვიეთ ალყა და ვისხლიტეთ რუსები”.
1921 წელი. გასაბჭოების დროს თავადი მაჩაბელი საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია იტალიაში. თავისუფლების მარცხი მისთვის მძიმე, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა. რატომ?
მიხაკო წერეთლის მოგონებიდან: “ბერლინში მიმავალმა სტამბოლითგან რომში ვნახე. ჩვენთვის საქართველოს უბედურება მოსალოდნელი იყო… საზღვარი არა ჰქონდა გიორგის მწუხარებას და ამბობდა: საქართველოს საკითხი დიდი ხნით გადაიდვა, მაგრამ ნიჭიერი და ენერგიული კაცები რომ ჰყოლოდა მმართველად დამოუკიდებელ საქართველოს, შეიძლება ეს უბედურება არ დაგვმართნოდაო”. მერე იტალიიდან ამერიკაში მიდის, მიდის პოლიტიკიდან ბიზნესში, ისიც დროებით. NY-ში მისთვის საქართველოს სიმბოლო იყო პარფიუმერული ბრენდი Prince Matchabelli, რომელიც 20-იანი წლების ამერიკაში 5 საერთაშორისო ლიდერ კორპორაციებს შორის დასახელდა. არადა, ყველაფერი დაიწყო უბრალო ჰობიდან და ამ მოკრძალებულმა წამოწყებამ მოიტანა გრანდიოზული შემოსავლები.
1935 წელს NY-ში, მე-5 ავენიუზე Prince Matchabelli-ის კიდევ ერთი ელეგანტური სალონი უნდა გახსნილიყო, ამბობდნენ, პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ ბრიტანელი დიზაინერი სესილ ბეტინი და ფოტოგრაფი პაველ ჩელიშჩევი, მაგრამ… ეს ყველაფერი მოულოდნელად ჩაიშალა. ფილიალების გახსნის მიზნით მისტერ მაჩაბელმა კალიფორნიაში იმოგზაურა, გზაში გაცივდა და ერთ კვირაში გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. დაკრძალეს ნიუ-იორკში.
1936 წელს ნორინა ჯილიმ ბრენდი Prince Matchabelli სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიჰყიდა. სუნამოების კლასიკური ხაზი Prince Matchabelli კონექტიკუტის შტატის პარფიუმერულ სალონებში ახლაც იყიდება და თუკი მოისურვებ, მის არისტოკრატულ სურნელს არა მარტო შეეხები, არამედ თითქოს მისი ნაწილიც გახდები.