fbpx

NOA Studio-ს პროექტი მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი ჩიგიტაშვილი

 

„არქიტექტურა არის მცდელობა იმისა, რომ ეპოქა სივრცეში გადმოთარგმნო“.  – ლუდვიგ მის ვან დერ როე

ლუდვიგ მის ვან დერ როე  მე-20  საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი იყო და მოდერნისტული არქიტექტურის ფუძემდებლადაც ითვლება. მისი სახელობის ფონდი ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო წლების განმავლობაში სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში. პრემია ორ წელიწადში ერთხელ საუკეთესო  თანამედროვე ევროპული არქიტექტურის პროექტებს გადაეცემა, ბოლო პერიოდში ნომინაციებში ხშირად ვხვდებით ქართულ პროექტებსაც.

წლევანდელ ნომინაციებს შორის არქიტექტურული ოფისის, NOA Studio-ს კერძო სახლის პროექტიც მოხვდა. რადგან ჟიურის წევრთა შეკრება პანდემიის პირობებში ვერ ხერხდება, 2021 წლის დაჯილდოება 2022 წლის მაისში გაიმართება. 

ამ პროექტის მთავარი გამოწვევა იყო კერძო სახლის შექმნა ქანობიან რელიეფზე, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ არეალში. სახლი წყნეთში მდებარეობს და მისი ფართობი 550 კვადრატული მეტრია. როგორც არქიტექტორები აღნიშნავენ, მათი მიზანი იყო, სახლი იზოლირებული ყოფილიყო მეზობლებისგან, მაგრამ, ამავდროულად, ხედი გაშლილიყო კავკასიონის მთებისკენ. რელიეფის  ქანობი იხრება ჩრდილოეთისკენ, რაც სახლში მზის სინათლის შეღწევასაც ართულებდა.

დახრილი რელიეფი შუაში მოსწორებულია და უკან მოჭრილი მიწა წინ არის დაყრილი, რადგან ქუჩის დონიდან მაღლა შეიქმნას ეზო, მეორე სართულის დონეზე. მაღალი დამჭერი კედელი ღობის ფუნქციას ასრულებს და ქვედა ქუჩისგან გამოყოფს, სახლის მხარეს კი ქმნის ერთგვარ ბაღს ქუჩის დონეზე, რომელიც სახლის სახურავზეც გრძელდება. უკანა მხარეს სამი შიდა ეზოა, რომ შენობაში განათება და ბუნებრივი განიავება ჭარბად იყოს. 

პროექტში  მთავარ მასალად გამოყენებულია ბეტონი, რომელიც ფასადზე მოპირკეთების გარეშეა დატოვებული. ეს მასალა უკავშირდება საბჭოთა საქართველოს ბრუტალისტურ კონსტრუქციებს და ასევე წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურასაც, სახლში კი ქმნის დამატებით კომფორტს და დაცულობის შეგრძნებას.

 

AT.ge ქეთუნა ყრუაშვილს – Noa Studio-ს დამფუძნებელს – პროექტის შესახებ გაესაუბრა:

 

რა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს არქიტექტურის სფეროსთვის?

ლუდვიგ მის ვან დერ როე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიო არქიტექტურაში. მისი სახელობის პრიზი დიდი პატივია. 1988 წელს გამოვლინდა პირველი გამარჯვებული. ეს იყო პორტუგალიელი არქიტექტორი, ალვარო სიზა. მას შემდეგ ევროპული არქიტექტურის უდიდესი სახელები გვხვდება გამარჯვებულთა ნუსხაში. ეს უდაოდ დიდი აღიარებაა. 

 

როგორ შეირჩა თქვენი პროექტი ამ ნომინაციისთვის? რა კრიტერიუმები იყო მნიშვნელოვანი?

კრიტერიუმებს ალბათ თვითონ განსაზღვრავენ და ეს ჩვენთვის უცნობია. რამდენიმე ეტაპი გადავლახეთ და ნომინანტთა სიაში მოვხვდით.

 

რას ნიშნავს თქვენი ოფისისთვის ამ ჯილდოს მოპოვება?

საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ჯილდოს მიღება. საბოლოოდ არქიტექტურა ხომ ქალაქებს და შესაბამისად ყვეყანას ემსახურება.  ჩვენი ოფისისთვის კი ეს დიდი აღიარება იქნება, თუმცა shortlist-ში მოხვედრა უკვე დიდი წარმატება იქნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.