fbpx

ევროპული ფეხბურთი სრული სვლით


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სერია A-ს მე-18 ტურის მატჩს მილანის „ინტერსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ისტორიული მეტოქეების მორიგი დაპირისპირების, ისე სატურნირო თვალსაზრისითაც, რადგან პირველი წრის დამაგვირგვინებელ მატჩს უნდა გამოევლინა, თუ ვინ მეტად იმსახურებს სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე ყოფნას.

„ინტერის“ გულშემატკივართა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ „ნერაძურიმ“ ამ მატჩში მართლაც საჩემპიონო თამაშის ხარისხი უჩვენა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც სრულიად სამართლიანად, დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა, რომელმაც თავისივე წამოწყებული შეტევა ეფექტური თავური დარტყმით დააგვირგვინა.

ეს გოლი იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში დაუოკებელი ჩილელისთვის სადებიუტო იყო. იქამდე კი მან „ფიორენტინასთან“ სათასო მატჩშიც ისახელა თავი, რომელშიც, ლუკაკუს არყოფნისას, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში.

იტალიის სერია A-ს გათამაშება წლეულს განსაკუთრებით დაძაბულია, რადგან ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნის შემდეგ, წარსულს ჩაჰბარდა ჰეგემონია „ბებერი ქალბატონისა“, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყნის უცვლელი ჩემპიონია.

„იუვენტუსს“ სკუდეტოს მოპოვების შანსი ნამდვილად არ დაუკარგავს, მაგრამ მისი დღევანდელი თამაშის ხარისხის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ამაში მას კონკურენტები თუ დაეხმარებიან ზემოთ ხსენებული „ინტერის“ და „მილანის“ სახით, რომლებმაც გასულ ტურში „ატალანტას“ და „უდინეზეს“ წინააღმდეგ მატჩებში გაანიავეს ქულები.

საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მცირეოდენი რეაბილიტაცია „იუვენტუსმა“ სუპერთასზე „ნაპოლის“ ანგარიშით 2:0 დამარცხებით შეძლო, მაგრამ ეს გამარჯვება ხომ ახლოსაც ვერ მივა „ინტერთან“ მარცხის მნიშვნელობასთან, რომელთანაც დაკარგული ქულები სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ სკუდეტოს დაკარგვის ფასადაც შეიძლება დაუჯდეს.

ცოტა ხნით ადრე „იუვენტუსმა“ გასვლაზე გათამაშების ლიდერი „მილანი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და თითქოს ამით მეტოქეებს აგრძნობინა – მიფრთხილდითო, მაგრამ სწორედ ამ გაფრთხილების შედეგი იყო „ინტერის“ მიერ საუკეთესო თამაშის ჩვენება „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ შეხვედრაში.

ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან შედარებით გამოხატული ლიდერები ესპანეთის ლა ლიგას მადრიდის „ატლეტიკოს“ და გერმანიის ბუნდესლიგას მიუნხენის „ბაიერნის“ სახით ჰყავს. მაგრამ თუკი „ატლეტიკო“ სტაბილურად ასპარეზობს და მეტოქეებს ძალიან უჭირთ მისი კარის დალაშქვრა, „ბაიერნის“ ყოველი თამაში თავგადასავლებითაა აღსავსე. 

ბუნდესლიგის ამასწინანდელ მატჩში „აუგსბურგთან“ საკუთარი კარის მშრალად შენახვა „ბაიერნმა“ გასული წლის ოქტომბერში „აინტრახტის“ ანგარიშით 5:0 განადგურების შემდეგ პირველად მოახერხა. არადა მისი კარის დარაჯი ხომ თვით მანუელ ნოიერია!

ორკვირიანი პაუზის დაწყებამდე „ბაიერნმა“ „ლევერკუზენთან“ 2020 წლის უკანასკნელ შეხვედრაში პირველი გოლი გაუშვა, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ რისი „რეკორდმაისტერი“ იქნებოდა, თუკი ამ პრინციპულ მატჩში ლევანდოვსკი მეტოქეს ანგარიშს არ გაუთანაბრებდა და დამაგვირგვინებელ დუბლს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე არ შეასრულებდა!

ამ გოლმა „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. იანვარში სეზონის განახლების შემდეგ კი ჰანს ფლიკის გუნდმა უშუალო კონკურენტებთან ქულათა სხვაობა გაზარდა და მეტოქეებისადმი პერიოდულად ზერელე დამოკიდებულების მიუხედავად, ეტყობა, ტიტულს წლეულსაც არ დათმობს.

სამაგიეროდ „რეკორდმაისტერი“ გერმანიის თასის გათამაშებაში მეორე დივიზიონის გუნდმა – „კილმა“ გამოაგდო, რაც სწორედ მისი ამგვარი გულგრილი დამოკიდებულების შედეგი უნდა იყოს ამ ტურნირის მიმართ.

ბუნდესლიგის განვლილ ტურში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „მიონხენგლადბახის“ მოგება აღმოჩნდა „დორტმუნდთან“, რადგან მასპინძლებმა უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში უხერხულ მეტოქესთან ზედიზედ 12 წაგებული მატჩის შემდეგ, როგორც იქნა, ნავსი გატეხეს და დრამატულ ბრძოლაში მასთან ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს. 

თუკი „ბაიერნის“ გერმანიის თასიდან გამოვარდნა გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება, რადგან „რეკორდმაისტერს“ შეიძლება უკვე მოსწყინდა კიდეც ყველა ტურნირის მოგება, გაურკვეველია, რა მიზანი ამოძრავებდა მადრიდის „რეალს“, როდესაც ის ესპანეთის თასის გათამაშებიდან მესამე დივიზიონის კლუბმა გამოაგდო. 

„რეალი“ ესპანეთის ლა ლიგის გათამაშებაში მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობისთვის მას ქულების ამოქაჩვა მოუწევს სტაბილურად მოასპარეზე „ატლეტიკოსთან“, რომელმაც ესპანეთის თასიდან წინა წრეშივე გაითავისუფლა თავი. 

შორს კი არც „ბარსელონაა“, რომელსაც არათანაბარი თამაშის მიუხედავად, ასევე არ დაუკარგავს ტიტულის მოპოვების შანსი.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი „სამეფო კლუბი“ კი უცნაურია, რომ ესპანეთის თასის გათამაშებას ზერელედ უყურებს. ნუთუ ჩემპიონთა ლიგის მოგების განსაკუთრებული იმედი აქვს მადრიდის „რეალს“?

ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის „აწყვეტა“ ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ მისი ამჟამინდელი შემადგენლობა თითქოს უკვე მოძველებულია იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეებს რაიმე განსაკუთრებული შესთავაზოს.

„რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დღევანდელი ფეხბურთის ერთ-ერთი ამოუცნობი ფიგურაა, რადგან კონკურენტ ტოპ მწვრთნელებთან შედარებით, მცირე გამოცდილების მიუხედავად, მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ამ გათამაშების ზედიზედ სამჯერ მოგება შეძლო, თანაც ისე რომ, დროდადრო მისი გუნდი არც ამ ტურნირზე და მით უმეტეს ესპანეთის ჩემპიონატში არ ბრწყინავდა.

შეიძლება ზიდანის მთავარი მიზანი მართლაც ჩემპიონთა ლიგის მოგებას და შემდეგ კი დიდების ზენიტში „სამეფო კლუბის“ კიდევ ერთხელ დატოვებას უკავშირდება.

ასეთ გადაწყვეტილებამდე ფრანგი სპეციალისტი ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩების („ინტერი“, „მიონხენგლადბახი“) იოლად მოგებას და ტოპ ჩემპიონატებიდან კონკურენტი გუნდების უნიათო ასპარეზობას შეიძლება მიჰყავდეს. ცეცხლთან თამაში კი „რეალს“ არ ესწავლება! 

ერთ-ერთი კონკურენტი „ლივერპულია“, რომელმაც იანვარში  პრემიერლიგის გათამაშებაში ერთადერთი (!) ბურთის გატანა შეძლო. 

უკანასკნელ ტურში მერსისაიდული კლუბი „ენფილდზე“ 2017 წლის აპრილიდან მოყოლებული, 68-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, „ბარნლისთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პრემიერლიგის გათამაშებაში მანჩესტერული კლუბები მომძლავრდნენ და სავსებით შესაძლებელია, რომ ტიტული ერთ-ერთმა მათგანმა მოიპოვოს, მაგრამ ისიც ხომ გვახსოვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, „ინტერის“ მსგავსად, ვერ დასძლია. 

„მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრა ზიდანს ნამდვილად არ სურს, ახსოვს რა მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში განცდილი ფიასკო.  

არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე პრემიერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი „ჩელსი“, რომელიც მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლემპადის გაშვების პირასაა. მის პოტენციურ შემცვლელად კი „იუვენტუსის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი მწვრთნელები – მასიმილიანო ალეგრი და თომას ტუხელი მოიაზრებიან.

„პარი სენ-ჟერმენი“ კი წლეულს ნამდვილად არ ხუმრობს, რადგან მისი ახალი მწვრთნელი – მაურიციო პოჩეტინო ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც გეგმავს. 

ამისთვის საფრანგეთის უკანასკნელი წლების უცვლელმა ჩემპიონმა,  უპირველეს ყოვლისა, მერვედფინალურ შეხვედრაში „ბარსელონას“ ბარიერი უნდა გადალახოს. 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.