fbpx

დიზაინი და არტ-ობიექტები სტუდია “ტრიკოლორისგან’


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია

 

კომპანია “ტრიკოლორი” 15 წლის წინ დაფუძნდა. თავდაპირველად ის შეიქმნა როგორც ტანსაცმლის დიზაინ-სტუდია, რომელიც 5 წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. 

2009 წლიდან კომპანიამ პროფილი შეიცვალა. სტუდია “ტრიკოლორმა” ივენთ-დიზაინის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა, რომელიც მოიცავდა ფლორისტიკიდან დაწყებული, დეკორაციის და სივრცის დიზაინზე მუშაობას. 2010 წლიდან კი  ღონისძიებების დაგეგმვა-მენეჯმენტის ფუნქციაც შეითავსეს. ექვსი წელია აქტიურად მუშაობენ ვიტრინების დიზაინზე. წელს კი პროდუქტის დიზაინი მოსინჯეს და ულამაზესი ობიექტები წარმოადგინეს.  

 

AT.ge სტუდია “ტიკოლორის” დამფუძნებელ ნინო კალანდაძეს გაესაუბრა: 

გარდა ღონისძიებების ორგანიზებისა, სტუდია “ტრიკოლორმა” წარმოადგინა ობიექტებიც. მოგვიყევით მათ შესახებ.

ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს მოვსინჯეთ  ბევრი ტიპის, თვისებისა და შესაძლებლობის მასალა. ღონისძიებების და ვიტრინების დეკორაციების შექმნის პროცესში მრავალი ექსპერიმენტი გვაქვს გაკეთებული. რეალურად არტ-ობიექტების შესაქმნელად წლების მანძილზე გამოცდილებასთან ერთად, ბევრ იდეას ვუყრიდით თავს.

“ლოქდაუნის” პერიოდში დაჩქარდა პროცესი. თავისუფალი დრო დავუთმეთ ამ იდეების განხორციელებას. 

ვიმუშავეთ აბსტრაქტულ და არქიტექტურულ ფორმებზე. ჩვენი სტუდიის კავშირი არქიტექტურასა და ხელოვნებასთან, ზოგადად, რეალიზებული პროექტების პორტფოლიოდანაც ჩანს. 

პროცესში საინტერესო აღმოჩნდა პალიტრაზე მუშაობა, ხოლო შემდეგ დამზადებული ობიექტის ფერისა და განათების შეხამება. 

 

 

გამოყენებული გაქვთ სხვადასხვა გეომეტრიული თუ აბსტრაქტული ფიგურა – რამე მნიშვნელობა ხომ არ აქვს ამ ფორმებს?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგადად, გვიყვარს გეომეტრიული, არქიტექტურული ფორმები და ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა პროექტებში.

 

 

რა მასალისგან მზადდება ობიექტები და როგორია მათი  ძირითადი ფუნქცია?

კონკრეტულად ეს მასალა – აკრილი, თითქოს თავიდანვე გვქონდა არჩეული, ყოველთვის მოგვწონდა. 

ვფიქრობთ, რომ ჩვენი მცირე  სკულპტურები თავისი არსით  ხელოვნების ობიექტებია, რომელიც ამავე დროს ინტერაქციული და ფუნქციურიცაა.

დავამზადეთ სხვადასხვა ფერის ფიგურები, თაროზე წიგნის დამჭერი და სამაგიდე თამაში X-0;

ეს ობიექტები  შეიძლება გახდეს ინტერიერის ნაწილი სხვადასხვა დანიშნულების სივრცეში (იქნება ეს სამუშაო ოთახი, მისაღები თუ სხვა). ის იძლევა სივრცისა და ინტერიერის კონკრეტული ნაწილის განახლების საშუალებას.  

 

 

თქვენ თავად თუ გამოგიყენებიათ ეს ობიექტები?

რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ ტვ სტუდია “ქალაქობანას” დიზაინი. სწორედ აქ გამოვიყენეთ თავდაპირველად ეს ობიექტები. 

 

 

სად შეიძლება შეძენა?

შეძენა შეიძლება ონლაინ, ჩვენი სოციალური გვერდებიდან და ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზეც.  შეზღუდვების  დასრულების შემდეგ კი ვგეგმავთ თანამშრომლობას სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიასთან.

 

 

როგორია სამომავლო გეგმები ობიექტებთან დაკავშირებით?

გამომდინარე იქიდან, რომ საინტერესო პროექტი აღმოჩნდა ჩვენთვის და საკმაოდ დიდი ყურადღებაც მიიქცია მოკლე პერიოდში, ვგეგმავთ, აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა პროდუქტის დიზაინის მიმართულებით.

უკვე დაწყებული გვაქვს ექსპერიმენტები სხვადასხვა ფორმებსა და მასალებზე. ვაგრძელებთ  ტექნოლოგიური სიახლეების მიმართულებით ძიებას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.