fbpx

მარიანა ჭყონია = გემოვნებას


გააზიარე სტატია

პროფესიით მხატვარია, თუმცა  ისე მოხდა, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, პირველი ლამაზი და განსხვავებული სამოსის მაღაზია სწორედ მან გახსნა; მერე კი ერთ-ერთი პირველი რესტორატორიც გახდა და ფრანგულ რესტორან “ლე მარეს” შემდეგ,  გურმანების საყვარელი რამდენიმე ადგილი თბილისში სწორედ მარიანას  და მისი მეგობრების ინიციატივით გაიხსნა (“მუხა-ცაკატუხა”, “ალუბალი”). დღეს კი გვინდა, მარიანას კიდევ ერთ ახალ წამოწყებაზეც ვესაუბროთ.

 

At.ge უკვე წერდა Mavile-ზე – მარიანას მიერ შექმნილ ვირტუალურ სივრცეზე, სადაც უნიკალურ, ხელნაკეთ კიმონოებს აღმოაჩენთ. ამ სახელწოდების უკან ძალიან საინტერესო კონცეფცია იმალება – ავტორის ხელსაქმისადმი სიყვარული და ნამუშევრებში ჩაქსოვილი სხვადასხვა კულტურის სინთეზი. Mavile – აღმოსავლური ქალის სახელია, ჟღერადობით კი ყვავილს ჰგავს. სწორედ აღმოსავლური კულტურა, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, ქართული მოტივები, უძველესი ფრესკები, ნაქარგები და რენესანსის ეპოქა იქცა მარიანა ჭყონიას შთაგონების წყაროდ. 

პროფესიით მხატვარი და რესტორატორი ამ სივრცის და ყველა ნამუშევრის ავტორი და შემოქმედია. კიმონოს ტიპის ხალათები და ფარდაგები, რომლებსაც Mavile-ის ინსტაგრამის გვერდზე აღმოაჩენთ, ხელით შესრულებულია.  

AT: მარიანა რამდენიმე პროფესიაში სცადე ბედი  და  ძალიან წარმატებული იყავი ყველგან. სულ ახლის ძიებაში ხარ?

მარიანა: ჩემი პროფესიული ცვალებადობა, სხვადასხვა სფეროში საქმის კეთება, ვფიქრობ, ჩემი თვითრეალიზაციის, გაზრდის, განვითარების საშუალებაა.

ყოველთვის მაინტერესებდა ახალი სივრცეების აღმოჩენა, რა გამოწვევებიც მას მოჰყვებოდა, მათი დაძლევა და შემეცნება, ისე რომ, მთავარ ფასეულობებზე უარი არ მეთქვა.

1996 წელს მე და ჩემმა მეგობარმა გავხსენით ბუტიკის ტიპის მაღაზია. ეს ჩემთვის დამოუკიდებლად არსებობის მცდელობა იყო – სხვადასხვა სფეროში თავის მოსინჯვა, ძიების პროცესი, რაც თავისთავად რისკსაც და მოულოდნელობებსაც გულისხმობს – უნდა დატოვო კომფორტის ზონა და მოძებნო სად არის შენი ადგილი, რისი გაკეთება შეგიძლია, რა არის სამყაროში შენი როლი.

შემდეგ დაიწყო კულინარიის პერიოდი. ჩემთვის საინტერესო იყო ამბიანსის და ინტერიერის შექმნაც და ასევე კერძების მომზადება. 

AT: გარდა იმისა, რომ მუდმივად ეძებს სიახლეებს,  ფაქტია, რისკიანიც ხარ, და როგორც ვიცი, ერთი  პერიოდი კახეთშიც გადასახლდი.

მარიანა: კიდევ უფრო საინტერესო იყო სტერეოტიპების დანგრევა, როდესაც მე გახსნილ სივრცეში სტუმრების თანდასწრებით ვამზადებდი კერძებს და მათ ვემსახურებოდი. იმ დროს რესტორნის საქმიანობა და მზარეულის პროფესია ასეთი პოპულარული არ იყო, როგორიც დღეს არის. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რაც ამ პერიოდში გავაკეთე – პურია, რომელიც ჩემს უსაყვარლეს კაფე “მუხაში” შეიქმნა.

პარალელურად, 2011 წელს, გაჩნდა ახალი ცხოვრების დაწყების აუცილებლობა.

კახეთში მარტივად მოვახერხე სახლის შეძენა და მას შემდეგ ჩემი ოცნებები კახეთს უკავშირდება. 

AT: და კორონას პერიოდში კიდევ ახალმა შთაგონებამ მოგაკითხა. მოგვიყევი MAVILE-ს ფარდაგების შესახებ.

მარიანა: პანდემიის დროს დავიწყე ფარდაგების კეთება – ქართული შალის ძაფით ქართული ორნამენტების ქარგვა, მატყლის მოთელვა და თექის ნოხების დამზადება.

თექა ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა, კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც, სამწუხაროდ, დაუმსახურებლადაა მივიწყებული, ისევე როგორც ბევრი სხვა ხელსაქმე.

მიხარია, რომ ფარდაგებით და ნოხებით დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის გალერეები, რამდენიმე ფარდაგი გაგზავნილია საზღვარგარეთ. ასევე არის კერძო შეკვეთები საქართველოშიც.

 ვფიქრობ, ადამიანის არსებობა უნდა იყოს ცოცხალი, ყოველ წამს… მგონია, რომ არც გვაქვს უფლება სხვანაირად ყოფნის. ცოცხალი – ამ სიტყვის ყველაზე ღრმა და მშვენიერი მნიშვნელობით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.