fbpx

Skatepark & Parkour Ground Mziuri მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

“უნდა ვეცადოთ, რომ ბუნება, შენობები და ადამიანები მეტად გავაერთიანოთ”.  – ლუდვიგ მის ვან დერ როე

ლუდვიგ მის ვან დერ როე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი იყო და მოდერნისტული არქიტექტურის ფუძემდებლადაც ითვლება. მისი სახელობის ფონდი ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო წლების განმავლობაში სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში. პრემია ორ წელიწადში ერთხელ საუკეთესო  თანამედროვე ევროპული არქიტექტურის პროექტებს გადაეცემა, ბოლო პერიოდში ნომინაციებში ხშირად ვხვდებით ქართულ პროექტებსაც.

წლევანდელ ნომინაციებს შორის კიდევ ერთი ქართული არქიტექტურული პროექტი მოხვდა, დავით გიორგაძე არქიტექტორების მაქსიმე მაჩაიძის და გივი მაღრაძის კოლაბორაციით  შექმნილი სკეიტ და პარკურ მოედნები მზიურში (Skatepark & Parkour Ground Mziuri). რადგან ჟიურის წევრთა შეკრება პანდემიის პირობებში ვერ ხერხდება, 2021 წლის დაჯილდოება 2022 წლის მაისში გაიმართება ბარსელონაში. 

“მზიური – ბავშვების ქალაქი” – ასე ეწოდა თავდაპირველად, 1980 წელს, თბილისის ცენტრში ამ გამწვანებულ პარკს. მზიური გამოჩენილი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახელს და მის ისტორიებს უკავშირდება, მას სურდა თბილისის ბავშვებისთვის საზოგადოებრივი სივრცის შექმნა. პარკი ვერეს ხეობის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ამ ტერიტორიამ წლების განმავლობაში მრავალი თავგადასავალი გამოიარა, 2010 წელს მდინარის გასწვრივ გზატკეცილი მოეწყო, რის შედეგადაც მდინარეს კალაპოტი შეეცვალა. 2013 წელს წყალდიდობის შედეგად პარკიც და მიმდებარე ზოოპარკიც დაიტბორა, რის შემდეგაც ჩატარდა მისი რეკონსტრუქცია. 

როგორც არქიტექტორები აღნიშნავენ, ეს ორი დამოუკიდებელი სივრცე, პარკურის და სკეიტის მოედნები, ახლო-ახლოს მდებარეობს, რომ ამ ორ “ტომს” ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდეს. პარკურის მოედანს წრიული ფორმა აქვს და მასზე მოწყობილია სხვადასხვა ფორმის და ზომის ფიგურები, რომლებიც ქალაქის მცირე ზომის იმიტაციას წარმოადგენს. ეს ფიგურები ტრეიდერებს სხვადასხვა ილეთების გაკეთების საშუალებას აძლევს.  პარკურისთვის განკუთვნილი ბარიერების პროექტირებაში და ფუნქციურად გამართვაში ჩართული იყო ტრეისერი გივი მაღრაძე, რომელსაც ასევე ეკუთვნის მზიურში წყალდიდობამდე არსებული პარკურის მოედნის პროექტი.

სკეიტპარკი ორი ნაწილისგან შედგება: ქუჩის ელემენტების მქონე ნაწილი და ნახევარწრის პროფილის მქონე ზონა. სკეიტპარკის ფორმა, მთლიანად მორგებულია ამ ადგილას ძველად არსებული მდინარის კალაპოტის მორფოლოგიას. სკეიტპარკის ფორმის ასეთი განვითარება, ყოფილი მდინარის მეხსიერების დაფიქსირების ჟესტს წარმოადგენს. სკეიტბორდინგის მოყვარულების გარდა ეს სივრცე საინტერესოა პარკის სხვა სტუმრებისთვისაც, რომლებსაც საშუალება აქვთ უყურონ ამ სანახაობებს. ამ მოედანმა ასევე ჩამოაყალიბა ერთგვარი თავშეყრის ადგილი, სადაც როგორც სკეიტბორდინგით და პარკურით დაინტერესებულები, ასევე სხვა ადამიანებიც იპოვიან თავიანთ ადგილს.

ფოტოები:

  • გივი მაღრაძე
  • დავით გიორგაძე
  • ლევან მაისურაძე
  • ნასტია სართანია

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.