fbpx

“Shish Kebab Requiem” – მოგზაურობა თბილისის ბაზრობებსა და ქუჩებში


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია

 

„ამ  ჩანაწერზე მუშაობა დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ. როდესაც ალბომის პირველი სკეტჩი შეიქმნა, არც ვფიქრობდით იმაზე, თუ რა ფორმით მიაღწევდა ეს ყველაფერი მსმენელის ყურამდე. კარანტინის დროს კი, უბრალოდ, გადავწყვიტეთ,  მოდი, ალბომი გავაკეთოთ!“  

 ალექსანდრე კორძაიამ და სანდრო ფოფხაძემ, რომელთაც მსმენელი kordz & DRO-ს სახელით იცნობს, 2-წლიანი მუშაობის შემდეგ სადებიუტო მუსიკალური კრებული – „Shish Kebab Requiem“ გამოსცეს. როგორც kordz იხსენებს, ყველაფერი ბახის სკეტჩით დაიწყო, რომელიც ალბომში შესულ კომპოზიციას, GZASHI VAR-ს  დაედო საფუძვლად, შემდეგ კი მოცარტის სკეტჩი დაემატა (კომპოზიცია – Success) და ამ უცნაურ შემოქმედებით პროცესში ალბომმა საბოლოო სახეც მიიღო. 

მიუხედავად იმისა, რომ kordz და DRO-ს მუსიკალური მიმართულებები ერთი შეხედვით განსხვავებულ შემოქმედებით ტრადიციებს ეფუძნება, შეუძლებელია არ შეამჩნიო ის ჰარმონია, რომელიც მათ ერთობლივ პროექტებში ჩანს. სანდრო აღნიშნავს, რომ ალექსანდრესთან ერთად სტუდიაში მუშაობა შატალოზე წასვლას ჰგავს, რადგან „იცი, რომ ამ მომენტში ყველაზე თავისუფალი ხარ, ერთობი, ხუმრობ, იგონებ თამაშებს, მაგრამ, ამავდროულად, პერიოდულად გაგიქროლებს აზრი, თუ რას იტყვიან მშობლები ამ ყველაფრის გაგებისას?“

მართლაც, რას იტყვიან მშობლები, როდესაც გაიგებენ, რომ მათი შვილები თანამედროვე ტრეპ ბითებზე გარეპვის დროს ზოგჯერ განგსტერობას იჩემებენ, ზოგჯერ კი უცნობ ბიძიებთან „ფეიქ“ საათებზე კამათობენ? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის მუსიკალურ ფონში ერთგან ალექსანდრე ბოროდინის ყივჩაღ გოგონათა გუნდის მუსიკალური თემა იკითხება, სხვაგან ბახი და მოცარტი, ზოგჯერ კი მაილს დევისი, ვის სემპლზეც DRO და სტეფანე ერთად მღერიან. ალბათ მშობლები ამ ყველაფერს ეჭვით შეხედავენ და იფიქრებენ, რომ საქმე სრულ ბგერით ქაოსთან გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. 

მე თუ მკითხავთ, ბოროდინის ზემოთ ხსნებული ნაწარმოების ფაბულა პირველივე კომპოზიციაში სავსებით უკონფლიქტოდ ეგუება თბილისის ურბანულ პრაქტიკას, რომელიც ქუჩაში მოსეირნე დიდი გოგოებისთვის თვალის აყოლებას გულისხმობს. ალბომის პირველივე წუთებში გასაგები ხდება, რომ ის იუმორისტული განწყობა და სილაღე, რომელიც ამ მუსიკოსების ადრინდელ ნამუშევრებშიც იკითხებოდა (Sakamoto, CocaCola), არსად გამქრალა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ „Shish Kebab Requiem“-ის მოსმენა ამ განწყობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

კომპოზიციაში Skeet, სადაც სანდრო თავისი ფანრიანი ნოკიით დემონებს აფრთხობს და საკუთარ ალტერაციებზე საუბრობს, kordz ძალიან საინტერესო ინსტრუმენტალურ გადაწყვეტებს გვთავაზობს. მინიმალისტური და პერკუსიული ელემენტებით დატვირთული ინსტრუმენტალი DRO-ს საშუალებას აძლევს ფრაზები ერთი შეხედვით უმისამართოდ ისროლოს და მსმენელის გონებაში სრულიად უკონტექსტოდ შეაღწიოს, რაც ჯამში ძალიან საინტერესო ემოციურ როლერ კოსტერს გვთავაზობს. 

უდავოდ საინტერესო კოლაჟი გვხვდება ნაწარმოებში Skateboard Dro, სადაც kordz-მა ერთ სივრცეში მაილს დევისი, სტეფანე და DRO მოაქცია. პირველი წამებზე 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპ ესთეტიკა თუ არა, ფარელის სამარკო 4-თვლიანი ინტროები გვახსენდება, მაგრამ შემდეგ კომპოზიცია იმდენად საინტერესო გაგრძელებას პოულობს, რომ მისი ავთენტურობა ყოველგვარი ეჭვის მიღმა რჩება. 

„ეს კოლაბორაცია ძალიან სპონტანურად შედგა: ერთ მშვენიერ დღეს სანდრომ ჩემთან სახლში სტეფანე მოიყვანა. ჩვენ მას Skateboard Dro-ს სკეტჩი მოვასმენინეთ და რაც ამ სკეტჩზე პირველად წაიღიღინა,  საბოლოო კომპოზიციაში ზუსტად ის ვერსია დავტოვეთ. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად და ჰარმონიულად მოხდა, რომ პროცესმა და შედეგმაც ძალიან მომხიბლა.“ 

გარდა იმისა, რომ ალექსანდრე „Shish Kebab Requiem“-ის მთავარი საუნდ არქიტექტორია, აქ დიდი დოზით გვხვდება მისი ვოკალიც. მართალია, მისი ხმა ძირითადად ბეგრაუნდ  ვოკალად ან კარგად შენიღბულ ხმის ეფექტებად გვევლინება, მაგრამ ფაქტია, რომ კომპოზიტორმა ახალ შემოქმედებით სივრცეში ძალიან წარმატებულად შეაბიჯა.

მეოთხე კომპოზიცია ჯონ უილიამსის ლეგენდარული ნაწარმოების საინტერესო ინტერპრეტაციით იწყება. აქ „შინდლერის სიის“  მუსიკალურ თემად ცნობილი კომპოზიცია ისე არ ჟღერს, როგორც ამას იცხაკ პერლმანი გააკეთებდა, მაგრამ ისე ნამდვილად ჟღერს, როგორც ამას kordz-ისგან მივეჩვიეთ. რაც შეეხება ტექსტს, ამ შემთხვევაში წინა ნამუშევრებისგან განსხვავებულ ემოციურ ფონს ვხვდებით, რასაც სანდრო იმით ხსნის, რომ ალბომზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა:

„ალბომს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვწერდით, ამიტომ თითოეული ტრეკი დაკავშირებულია ჩვენს კონკრეტულ გამოვლილ პერიოდებთან. შესაბამისად, ემოციური ბექგრაუნდი ყოველთვის სხვადასხვანაირი იყო. ამჟამად ალბომის მოსმენისას ვხვდები, რომ ნებისმიერი სიტუაციის მიუხედავად, ყოველთვის უპირატესობას ვაძლევდით პოზიტიური vibe-ის გადმოცემას, მცირეოდენი კომედიის ან ირონიის დახმარებით.“ 

კომედიის და ირონიის ვიზუალურ აღქმას კიდევ უფრო ეხმარება ალბომის სახვითი ნაწილი, რომელსაც არტვორქთან ერთად ვიდეოკლიპიც წარმოადგენს (რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან მალე ყველანი ვნახავთ). ყდის დიზაინზე თამუნა ქარუმიძემ, დავით მესხმა და ნოდარ სუმბაძემ იმუშავეს.

თუ „Shish Kebab Requiem“-ში ვეძებთ ისეთ კომპოზიციას, რომელიც ე.წ. ბენგერის ფუნქციას შეასრულებს, ვფიქრობ, GZASHI VAR ამ სტატუსს ყველაზე მეტად იმსახურებს. ვფიქრობ, ეს შედარებით აგრესიული და ხისტი ნამუშევარი ერთნაირი წარმატებით იმუშავებს როგორც მსმენელის ყურსასმენებში, ასევე ხალხმრავალ კლუბებში, სადაც ადამიანებს ენერგიისგან დაცლა უნდათ. ბახის სიმძიმეს ბოლო კომპოზიციაში მოცარტის სიხალისე ეპასუხება, რომელიც 20-წუთიან მოგზაურობას ისეთ ნოტაზე ასრულებს, როგორიც არც ვიცოდით, რომ ასე გვჭირდებოდა. 

ალბომი მანანა კორძაიას სიტყვებით სრულდება და, ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მშობელმა მუსიკალური შატალოდან დაბრუნებულ შვილს უნდა დაახვედროს: „ყველა საუკუნეს თავისი მუსიკა აქვს და აუცილებელია მუსიკა ის იყოს, რაც ამ საუკუნისაა. ამიტომ ჩემ ფიქრებს მნიშვნელობა არა აქვს.“

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.