fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – ვახო ჯაჯანიძე – კინორეჟისორი


გააზიარე სტატია
ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის მოკლე ინტერვიუების სერიას. 

თანამედროვე ქართულ კინოში მოღვაწე კინორეჟისორების, კინოოპერატორების, მსახიობების, მხატვრების  ხედვა, რეკომენდაცია და გამოცდილება მოკლედ.

 

კინორეჟისორი ვახო ჯაჯანიძე

ნესტან კვინიკაძე: როგორია კინოფილმისთვის ამბის შერჩევის თქვენებური მეთოდი?

ვახო ჯაჯანიძე: ყოველთვის ჩემს ინტუიციას ვენდობი, ყნოსვით ვგრძნობ, რა შეიძლება იყოს დღევანდელი საუკუნისთვის შემოქმედებითად ცოცხალი ან მკვდარი ზონა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იპოვო მასალა, არასტანდარტული პატერნები, შეაღწიო თანამედროვე ადამიანის ყოფის, ცნობიერისა თუ ქვეცნობიერის ისეთ ბნელ შრეებში, რომლებიც განაპირობებენ მისი მხრიდან საზოგადოებისთვის გაუცნობიერებელ, ქაოსურ ან შემზარავ, ხშირად  პასუხგაუცემელ და შესაბამისად, მიუღებელ ქცევის წესებს. ჩემი გადასახედიდან, დღეს სიბნელე ახალი სიცოცხლის ტოლფასი და საწინდარია შემოქმედებაში. სწორედ ეს განაპირობებს სამყაროს ახლებურ ხედვასა და ამბის კონსტრუირებას.

 

ნ. კ.: რა შემთხვევების ერთობლიობით ხდება კინოსურათი “თარგმნადი”?

ვ. ჯ.: მეოცე საუკუნის დასაწყისში კინოს როგორც ენის ჩამოყალიბება გრიფიტის სახელს უკავშირდება, მან მოიგონა ყველაფერი. რასაკვირველია, ნებისმიერ ეპოქაში კინოს შესაქმნელი შემოქმედებითი ინსტრუმენტები იცვლება, იცვლება ფორმები, ვითარდება ენა, მაგრამ ფუნდამენტი უცვლელი რჩება: კინო არის წმინდა გამოსახულებისა და ხმის სინთეზი, კინო ვიზუალური სახეხატებით თხრობისა და აზროვნების ხელოვნებაა, სადაც გადამწყვეტია დროის დინება, ატმოსფერო, მონტაჟური რიტმი, ქმედება, ჟესტი, მიმიკა, სამყაროს ხმოვანება. სწორედ ამაში გამოიხატება მისი მშვენება და უნივერსალურობა.

ნ. კ.: რა შეიცვალა ბოლო წლებში მსოფლიო კინემატოგრაფში? რა აღმოაჩინეს კინორეჟისორებმა?

ვ. ჯ.: პირველ რიგში, ეს არის დრო, კინო დროსთან მუშაობის ახლებური მეთოდოლოგია, მისი ახალი კონსისტენციაა. კინოდრო დღეს მუშაობს არა როგორც მასში გაბნეული  მოვლენების თუ ამბის ვიზუალური დესკრიფციის საშუალება,  არამედ როგორც სამყაროს ეგზისტენციასთან შეხებისა და  ამ პროცესში თანამონაწილეობის პირდაპირი გზა, ე.წ. ონლაინ რეჟიმი. 

 

ნ. კ.: რა აერთიანებს იმ კინორეჟისორებს, რომლებიც თქვენი პროექტის, “მსოფლიო კინოს დიდოსტატების” ფარგლებში საქართველოს სტუმრობდნენ?

ვ. ჯ.: ყველა ის ოსტატი,  რომელიც პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა  და მომავალში ჩამოვა,  თავის შემოქმედების ყველაზე ცოცხალ და აქტიურ ფაზაშია, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ახალ ფორმებს, არ ერიდებიან ექსპერიმენტებს, უგულებელყოფენ კინოს შექმნის სტანდარტულ, ქარხნული წარმოების პრინციპს. რაც მთავარია აზროვნებენ ამ საუკუნის შესაბამისად. პოულობენ ინდივიდუალურ ტემბრსა და ფერს თანამედროვე მსოფლიო კინემატოგრაფში. ყველა მათგანი გამორჩეული ხელწერის მქონე ოსტატია, შესაბამისად, მათი ხედვა და კინოს შექმნის თვითმყოფადი მეთოდოლოგია ჰაერივით სჭირდება ქართულ სივრცეს.

ნ. კ.: ყველაზე მეტად რა აკლია ქართულ კინოს?

ვ. ჯ.:

  • განათლება, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და ტექნოლოგიები. 
  • ალბათ ბევრს ეწყინება, ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ მირჩევნია გულწრფელი ვიყო: ქართულმა კინომ ჯერჯერობით ვერ მოახერხა საუკუნესთან შესატყვისი ენისა და ფორმის პოვნა, ჩემი აზრით, სწორედ აქაა პრობლემის მთავარი არსი ჩაფლული. თუ დააკვირდებით, იქმნება ფილმები, მაგრამ მათი ნარატივი სენსიტიურია თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანისთვის. ეს იმის ბრალი არ არის მხოლოდ, რომ  ხელობის არმცოდნე კინემატოგრაფისტები გვყავს ან ტექნიკურად ფილმები დაბალ ხარისხში კეთდება,  პირიქით. მეტიც, დიდწილად თემისა და ეგზოტიკის გამო საფესტივალო ცხოვრებაც კი წარმატებულია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ძალადაკარგულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩემთვის ხელოვნების ნამუშევარს, პირველ რიგში, ქმნის სტილი და ფორმა, რაშიც ვლინდება შემოქმედის ინდივიდუალიზმი.
  • ფული.

ნ. კ.: რომელია თქვენი საყვარელი ქართული კინოფილმი?

ვ. ჯ.: სიმართლე გითხრათ, ერთი ფილმის გამორჩევა ყოველთვის მიყვარს, გასული წლის ბოლოს ჩემთვის უდიდესი და სრულებით უნიკალური კინემატოგრაფისტი გამოაკლდა ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფს –  საშა რეხვიაშვილი, ამიტომ – მისი „გზა შინისაკენ” და “მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“.

 

ნ. კ.: ვინაა ის, ვისი არყოფნაც მსოფლიო კინოს შესამჩნევად დაეტყობოდა?

ვ. ჯ.: რთული კითხვაა. საბედნიეროდ, უამრავი ვარსკვლავი კაშკაშებს მსოფლიო კინოს ისტორიაში. თუმცა, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ალბათ ჩემთვის სულიერად ერთ-ერთ ყველაზე ახლოს მდგომ კინემატოგრაფისტს გამოვყოფ, მისი სახელია მიქელანჯელო ანტონიონი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.