ჯეკუნა – ახალი ვეგანურ-ვეგეტარიანული კაფე თბილისში
ავტორი: რუსა გვენცაძე
თბილისში ვეგეტარიანული და ვეგანური კერძების გასინჯვა უფრო და უფრო მარტივი და საინტერესო ხდება. სულ ახლახან ვეგანურ და ვეგეტარიანულ კაფეებს კიდევ ერთი შეემატა. ჯეკუნა უკვე პოპულარული გახდა გემრიელი+ჯანმრთელი კვების მოყვარულთა შორის.
ჯეკუნა პირველი ვეგეტარიანელი ვამპირია და კაფესაც მისი სახელი დაერქვა.
ჯეკუნას ვეგეტარიანული ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც პირველად იმოგზაურა ეგზოტიკურ ქვეყნებში და აღმოაჩინა ტროპიკული ხილი – ჯეკფრუტი. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხილია, რომელიც ხეზე იზრდება. ჯეკფრუტი სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. ჯეკფრუტი ვეგეტარიანულ/ვეგანურ სამზარეულოში დიდი პატივისცემით სარგებლობს და სხვადასხვა სახეობის კერძების მთავარ ინგრედიენტად გვევლინება. ჯეკუნაც სწორედ ამ ხილს იყენებს მთავარ ინგრედიენტად და გვთავაზობს ახალ და საინტერესო მენიუს.
„არსებობს მითები, რომ ვეგეტარიანული/ვეგანური კვება არ არის გემრიელი, რასაც ჯეკუნა არ ეთანხმება. საბედნიეროდ, ამ ბოლო დროს, თბილისში შეინიშნება საინტერესო ადგილები, რომლებიც ამ მითებს ამსხვრევენ და ჯეკუნაც სიამოვნებით უერთდება მათ რიგებს. ვეგეტარიანული/ვეგანური კვება არის არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ გემრიელი, მხიარული და მრავალფეროვანი. ჯეკუნა უზომოდ ბედნიერია, რომ საინტერესო სიახლეს და კიდევ ერთ განსხვავებულ არჩევანს სთავაზობს ქართველ ვეგანებს და ვეგეტარიანელებს“, – გვიყვება „ჯეკუნას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თოკიტო ხოტივარი.
ვიეტნამური ჯეკბურგერი, ჯეკნაგეთსი, ჯეკ პოკე ბოული, ჯეკსენდვიჩი, ჯეკქარი – ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „ჯეკუნაში“ დიდი სიყვარულით მოგვიმზადებენ. ჯეკფრუტის კერძების დაგემოვნების შემდეგ თავს დანაყრებულად, თუმცა მსუბუქად იგრძნობთ, რაც განწყობაზეც დადებითად მოქმედებს.
ვამპირმა ჯეკუნამ დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ მუდმივი ბინა ქიაჩელის 12 ნომერში დაიდო, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ჯეკუნას პირადად გაცნობას ვერ შევძლებთ, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, მანამდე მისი კერძების გამოძახება ვოლტის და გლოვოს საშუალებითაა შესაძლებელი.
კაფე „ჯეკუნას“ რეგულაციების მოხსნისთანავე შეგიძლიათ ეწვიოთ მეგობრებთან ერთად, სადაც მყუდრო გარემო და გემრიელი კერძები დაგხვდებათ.
ჯეკუნასთან დამეგობრება კი ახლავე შეგიძლიათ მის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე.