fbpx

კინოში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ხელოვნების ნიმუშებმა არაერთი რეჟისორის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. კინემატოგრაფიაში ხშირად გვხვდება ცნობილი მხატვრების ნამუშევრები და ისინი კონკრეტული სცენის სტრუქტურას თუ  შინაარსობრივ დატვირთვას ასახავენ. 

ინგლისელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში – “ფსიქო”  ნორმან ბეიტსის სახლი ედვარდ ჰოპერის ნახატის – “სახლი რკინიგზის პირას” იერსახეა. მხატვრის გოთიკური, მიტოვებული სახლი, უკაცრიელობის და სიცარიელის შეგრძნებას ტოვებს და გასაკვირი არ არის, რომ ის იდეალურად მოერგო ფილმის გმირის ფსიქოტიპს. 

მეტიც, როგორც  რეჟისორმა აღნიშნა, ნორმან ბეიტსი ნახატი რომ ყოფილიყო, მას სწორედ ედვარდ ჰოპერი  შექმნიდა. თავად ჰოპერი კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო და მასში წვლილის შეტანას დიდ პატივად მიიჩნევდა. 

ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის სენ-რემი-დე-პროვანსში შექმნილი ნამუშევარი, სახელწოდებით  “პატიმრების გასეირნება”, ჩაკეტილობის და გამოუვალი ვითარების შეგრძნებას ასახავს, რასაც მხატვარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას განიცდიდა. 

ნახატი სტენლი კუბრიკის “მექანიკურ ფორთოხალში” ალექს დე ლარჯის ციხის ერთ-ერთი სცენის ინსპირაციად იქცა. 

რთულია პირდაპირი კავშირი არ დაინახო ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს – გუსტავ კლიმტის “კოცნას” და მარტინ სკორსეზეს “შეშლილთა კუნძულს” შორის. სცენა, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მიშელ უილიამსს ეხვევა, მხატვრის ჩანაფიქრის ზუსტი ეკრანიზაციაა. 

ნახატის მსგავსად, უილიამსის ჩაცმულობა, ეპიზოდის კონტრასტული ფერები და დიკაპრიოს სევდიანი პერსონაჟი სასოწარკვეთისა და ამაოების განცდას ქმნის. 

ლარს ფონ ტრიერს არაერთი მხატვრული დეტალი აქვს გამოყენებული 2011 წლის ფილმში – “მელანქოლია”. ყველაზე აშკარა კავშირი ფილმის სარეკლამოდ  გამოყენებულ პოსტერშია. კირსტენ დანსტის პერსონაჟი ქორწინების შემდეგ ღრმა დეპრესიითაა შეპყრობილი და ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. 

ფოტო  ფილმის არსს განსაზღვრავს და იმ მდიდარი მხატვრული პერიოდის ალუზიაა, როდესაც ფერმწერები შემოქმედებაში მელანქოლიის თემას ეხმაურებოდნენ. მსგავს კონცეფციას ვხვდებით ჯონ ევერეტ მილეს შედევრში – “ოფელია”. ის შექსპირის ტრაგედიის, “ჰამლეტის” პერსონაჟს ასახავს. სიმბოლური თეთრი შროშანებით გარშემორტყმული დანსტის პერსონაჟის – ჯასტინის სხეული, ოფელიას მსგავსად, ნაკადს მიჰყვება და  არსებულ სამყაროს სცილდება. 

ალექსანდრ პეინმა ფილმის, “შმიდტის შესახებ” სცენა, რომელშიც ჯეკ ნიკოლსონის გმირს,  უორენ შმიდტს აბაზანაში ფურცელი და კალამი აქვს მომარჯვებული, ჟაჯ-ლუი დავიდის 1973 წელს შექმნილი ნახატის, “მარატის სიკვდილის” რემინისცენციაა. მხატვარი ტილოში ფრანგი რევოლუციონერის, მარატის სიკვდილის სცენას ასახავს.  

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნამუშევარი “საიდუმლო სერობა” პოლ ტომას ანდერსონმა ფილმში – “თანდაყოლილი ნაკლი” პიცის წვეულებად აქცია. იესოს უკანასკნელი ტრაპეზის ინტერპრეტირებულ სცენაში იუდას ინკარნაცია – ოუენ უილსონი პიცის ნაჭერს იტაცებს და ამით ფილმის მთავარ მორალს უსვამს ხაზს. “თანდაყოლილი ნაკლი” თომას პინჩონის წიგნის ადაპტაციაა და ის ამერიკული საზოგადოების ერთი ნაწილის სიხარბის შესახებ მოგვითხრობს. 

ხშირად რეჟისორები ფილმებში ნახატებს ახალ მნიშვნელობას სძენენ. მაგალითად, 2016 წლის ფილმში – “მთვარის შუქი” მთავარი პერსონაჟი, შირონი ზურგით დგას და ზღვასა და მთვარეს აკვირდება. შირონს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ როდესაც ის ზღვას უყურებს, თითქოს ყველა მისი პრობლემა ქრება. სცენა ძალიან წააგავს რენე მაგრიტის ნახატს – “საღამოს კაბა”, რომელშიც უცნობი ქალი ოკეანეს გაჰყურებს. 

თანამედროვე კულტურაში მხატვრული რემინისცენციების გამოყენების კიდევ უამრავი მაგალითია.

მსგავსი პრაქტიკა ამ ორი მედიუმის გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ესთეტიკური გზაა.

შთამბეჭდავი ვიზუალური მხარე კი ხელოვნების ნიმუშებს ახალ სიცოცხლეს სძენს დიდ ეკრანზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.