ისტორიული საცირკო დასები – საცირკო ხელოვნების მოკლე მიმოხილვა
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
თეატრის, ბალეტის, ოპერის, ფილმებისა და ტელევიზიის ისტორია, როგორც წესი, კარგად არის დოკუმენტირებული, ცირკის ისტორიის სერიოზული კვლევები კი იშვიათია.
ჯორჯ სფიაითი (თეატრის ისტორიკოსი, ავტორი წიგნისა “The Book of Clowns and A History of the Circus” და მე-19 საუკუნის თეატრისა და ცირკის ავტორიტეტი) საცირკო ხელოვნებას ასე განმარტავს: “მრავალფეროვანი ისტორიები, გასართობი ამბები, რომელსაც ადამიანები საკუთარი სხეულის უნიკალური უნარებითა და გაწვრთნილი ცხოველების მეშვეობით ჰყვებიან დაახლოებით 13 მეტრის დიამეტრის წრეზე, შემოკრებილი აუდიტორიის წინაშე”.
ის მცირეოდენი ინფორმაცია, რაც ცირკსა თუ მის ისტორიაზე წლების განმავლობაში პრესის ფურცლებიდან ვრცელდებოდა, ხშირ შემთხვევაში არასწორად და დამახინჯებული ფორმით გაიმეორეს და გადმოსცეს პოპულარული მხატვრული ლიტერატურის მწერლებმა, ჰოლივუდის სცენარისტებმა თუ ჟურნალისტებმა.
მიუხედავად იმისა, რომ სამოგზაურო ზოოლოგიურ გამოფენებში აკრობატები და გაწვრთნილი ცხოველების ნომრები გასართობი ელემენტებით XVIII საუკუნემდე ბევრად ადრე გვხვდება, ამ მახასიათებლების კომბინაციას ცირკის სახელი მხოლოდ XVIII საუკუნეში დაერქვა.
თანამედროვე ცირკის ფუძემდებლად ყოფილი კავალერი, სერჟანტი-მაიორი ფილიპ ასტლი ითვლება, რომელიც ახალგაზრდობიდან ცხენზე ჯირითის განსაკუთრებულ ნიჭს ავლენდა. 1768 წელს ასტლიმ ლონდონში დადგა შოუ, რომელშიც საცხენოსნო ნომერი ცოცხალი მუსიკის თანხლებით შეასრულა. შოუ წარმოდგენილი იყო წრიული სტრუქტურით და ეწოდა ასტლის ამფითეატრი. მოგვიანებით მან თავის სპექტაკლებს სხვა ტიპის ნომრები დაამატა – აკრობატები, მასხარა და ბენდი. ამასთან, ამ ტიპის წარმოდგენა აღინიშნა ტერმინით – „ცირკი“.
დღევანდელი სტატია ისტორიაში ყველაზე წარმატებულ საცირკო დასებს ეძღვნება.
მათი ყველაზე ცნობილი წარმოდგენა, სახელწოდებით “დედამიწის უდიდესი შოუ” 1871-დან 2017 წლამდე იმართებოდა.
ძმები რინგლინგების ცირკი 1884 წელს ვისკონსინის შტატში, ბარაბოში დაარსდა. სწორედ რიგლინგების ცირკის მფლობელთა და შემსრულებელთა ოჯახი გახდა ამერიკული ცირკის სინონიმი. 1882 წელს, სანამ ძმები რინგლინგები პირველ ცირკს შექმნიდნენ, შვიდიდან ხუთი ძმა სკეტჩებს და ჟონგლიორის ნომრებს ვისკონსინის შტატის მახლობლად მდებარე ქალაქებში ასრულებდა. მათი პირველი შოუც ოფიციალურად 1882 წლის 27 ნოემბერს გაიმართა.
მათ მალევე შეემატა ცხენზე ჯირითის და გაწვრთნილი დათვის ნომრები.
მალევე Ringling Brothers მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ მოსიარულე შოუდ იქცა და სხვა ცირკების შესყიდვა დაიწყო. 1907 წელს, ჯეიმს ბეილის, “ბარნუმი და ბეილის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, რინგლინგებმა იმ დროისთვის მათი ყველაზე დიდი კონკურენტი შეისყიდეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ლეგენდარული ამერიკული საცირკო გაერთიანების – “ძმები რიგნლინგების” და “ბარნუმი და ბეილის” ისტორია.
“ბარნუმს და ბეილის” ცირკს რამდენიმე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა – დაწყებული აკრობატებითა და ჯამბაზებით, დასრულებული გაწვრთნილი სპილოებით, მაგრამ, რაც მთავარია, მათ შექმნეს ე.წ. Freak Show, იგივე პანოპტიკუმი, რისთვისაც უნიკალური და გამორჩეული ფიზიკური მახასიათებლებით დაბადებული ადამიანები დაიქირავეს – ძაღლი-ბიჭი, ახალგაზრდა, რომელიც მთელ სხეულზე თმით დაიბადა, მსოფლიოში ყველაზე დიდი კაცი – 2 მეტრი და 41 სანტიმეტრის სიმაღლისა და 254 კგ წონის, ოთხფეხა ქალი და მრავალი სხვა.
აუდიტორია შეშფოთდა და ამავდროულად, აღფრთოვანდა ამ სრულიად ახალი, არაორდინალური წარმოდგენებით. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა “ბარნუმისა და ბეილის” მთავარმა ნომერმა, რომელმაც მათ ნამდვილი დიდება მოუტანა – “ჯამბო” – გიგანტური სპილო. სახალისო ფაქტია, რომ ჯამბომ შთააგონა დისნეის ფილმ Dumbo-ს შექმნა და ასევე, ეს ისტორიული ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა Jumbo-ს დიდი ობიექტების აღსაწერად იყენებენ.
მცირე დასწრების, ცხოველთა უფლებების დამცველთა პროტესტისა და მაღალი ხარჯების გამო, ცირკმა უკანასკნელი წარმოდგენა 2017 წლის 21 მაისს შეასრულა, და 146-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაიხურა.
Cirque du Soleil – ქართულად “მზის ცირკი” – მონრეალში დაარსებული გასართობი კომპანია და თანამედროვე ცირკის ყველაზე დიდი წარმომადგენელია მსოფლიოში. იგი ბაი-სენ-პოლში 1984 წლის 16 ივნისს დაარსდა ყოფილი ქუჩის შემსრულებლების, გაი ლალიბერტესა და ჟილ სტე-კრუას მიერ.
1980-იანი წლების გარიჟრაჟზე ჟილ სტე-კრუას მიერ დაარსებული შემსრულებელთა ჯგუფი თავიანთი ნომრებით ბაი-სენ-პოლის ქუჩებში გავიდა. ეს ის ჯგუფია, რომელიც ოდნავ მოგვიანებით Cirque du Soleil-ის ბირთვი გახდა.
ამ ჯგუფს ჰქონდა ელექტროშოუ მანათობელი ჟონგლიორებით, მოცეკვავეებით, ცეცხლის მფრქვეველებით და მუსიკოსებით, რომლებმაც ადგილობრივ მაყურებლებს თავი მალევე შეაყვარეს. იმდროინდელი შემსრულებლები და მაყურებლები ალბათ ვერც ხვდებოდნენ, რომ ის ყველაფერი, რისი მონაწილეებიც იყვნენ, მალევე გლობალური მასშტაბით რაღაც ჯადოსნურ, საინტერესო და რევოლუციურ მოვლენამდე მიიყვანდათ.
დღეს კომპანიაში დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფში მუშაობს. ამგვარი განაწილება სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენების ერთდროულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. დასის ძირითადი ნაწილი სპექტაკლებს ლას-ვეგასში ატარებს, ტურისტული ნაწილი სხვადასხვა შოუებით მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, ასპარეზობს როგორც დროებითი კარვის, ან მუდმივი ცირკის არენაზე, ასევე თეატრის სცენაზე და საკონცერტო დარბაზებში. ცირკის წლიური შემოსავალი 600 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ცირკი ცნობილია თავის სპექტაკლებში ცხოველების მონაწილოების პრინციპული უარყოფითა და სინთეზური წარმოდგენებით, რომელშიც საცირკო ნომრები ოსტატურად ერწყმის მუსიკას და სცენოგრაფიას. ცირკ დუ სოლეის შემოქმედება საცირკო ხელოვნების უმაღლეს მწვერვალად ითვლება.
“მოსკოვის ცირკმა” მსოფლიო აღიარება საბჭოთა პერიოდში მოიპოვა, როდესაც შეერთებულ შტატებში გასტროლებზე გასამგზავრებლად მრავალი რუსული ცირკის წარმოდგენა გააერთიანა, სახელწოდებით “მოსკოვის ცირკი”.
საბჭოთა ცირკები სტილისტურად განსხვავდებოდნენ დასავლელი კოლეგებისგან. მათი მოქმედებები უფრო მეტად აღმოსავლეთ ევროპის კულტურაზე იყო ორიენტირებული და უფრო მეტ თხრობის ელემენტს შეიცავდა, უფრო მეტად ცეკვის ელემენტებს წარმოადგენდა, ვიდრე მათი თანამედროვეები.
საბჭოთა პერიოდის განმავლობაში მოსკოვის ცირკმა მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულება შეიძინა. ცირკის რუსულ ტრადიციებში შედის კლოუნი, ჟონგლიორობა, აკრობატიკა და ნომრები ცხოველებით (განსაკუთრებით დათვების სხვადასხვა ნომერი – მაგალითად, დათვები, რომლებიც ფეხებით ჟონგლიორობენ).
მსოფლიოში არსებული ტენდენციის მიუხედავად, “მოსკოვის ცირკს” არ აუკრძალავს ნომრები, რომელშიც ცხოველები მონაწილეობენ.
“პიკლების საოჯახო ცირკი” პატარა ცირკი იყო, რომელიც 1974 წელს სან-ფრანცისკოში დაარსდა. მან ამერიკული ცირკის განახლებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მათ ასევე დიდი გავლენა აქვთ მონრეალში Cirque du Soleil-ის შექმნაზე.
პიკლების ცირკი ნომრებში არ იყენებს არც ცხოველებს და არც ტრადიციული ცირკისთვის დამახასიათებელ სამწრიან განლაგებას.
ახალ საცირკო მოძრაობას ახასიათებდა წარმოდგენის უფრო მცირე და პატარა წრის ირგვლივ მოწყობა. მცირე ზომის ერთმა წრიულმა სტრუქტურამ შემსრულებლები აუდიტორიასთან ბევრად ახლოს მიიყვანა და უფრო მეტი ინტერაქციის შესაძლებლობა მისცა.
პიკლის ცირკი პიონერი იყო იმ საცირკო დასებს შორის, რომლებმაც საცირკო წარმოდგენა გამოიყენეს როგორც თხრობის სახელოვნებო ფორმა – მათი კლოუნების ნომრების უმეტესობა მრავალფეროვან ამბებს უყვებოდა მაყურებელს.
ამასთან, კლოუნები ხშირად საუბრობდნენ მუშათა მძიმე პირობებზე და საზოგადოებაში არსებულ მატერიალურ სიდუხჭირეზე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი ღიად პოლიტიკური არასდროს ყოფილა, პიკლები მაინც განაგრძობდნენ პოლიტიკური ქვეტექსტების ჩადებას როგორც სპექტაკლებში, ასევე ბიზნესში.
ყველაფერი ჟონგლიორობით დაიწყო – თეატრ San Francisco Mime Troupe-სთან მუშაობის შემდეგ პიკლის ჟონგლიორების ოჯახმა (დაარსებული პეგი სნაიდერის, ლარი პიზონის და სესილ მაკკინონის მიერ) გადაწყვიტა პიკლების საოჯახო ცირკის შექმნა. მათი პირველი ჩვენება 1975 წლის მაისში გაიმართა, სან-ფრანცისკოს ჯონ ო’კონელის სკოლის გიმნაზიაში. მას შემდეგ, რაც 1976 წელს ხელოვნების ეროვნული ფონდიდან გრანტი მიიღეს, წავიდნენ პირველ ტურნეში – ჩრდილოეთ კალიფორნიის ხუთ ქალაქში.
ადრეულ წლებში ცირკი სახელგანთქმული იყო სამი მასხარით: ლარი პიზონით, ბილ ირვინით და ჯეფ ჰოილით; ისინი 1981 წელს პიკლების საოჯახო ცირკის ვარსკვლავები იყვნენ, სახელწოდებით “სამი მაღალი”. 1979 წელს ირვინმა პიკლები დატოვა და პიზონიმ და ჰოილიმ დუეტად დაიწყეს მუშაობა. სწორედ ამ დროს განვითარდა ჰოილის პერსონაჟი – მისტერ სნიფი. კლოუნი ყოველთვის იყო პიკლის სპექტაკლში მთავარი თემა.
ადრეული კომპანია სამ ფუნდამენტურ პრინციპზე მუშაობდა: ყველა გადაწყვეტილებას კოლექტიურად იღებდა მთელი ჯგუფი, ყველა წევრს ერთნაირი ანაზღაურება ჰქონდა და ასევე ყველა შემსრულებელს ევალებოდა სცენის მუშად მორიგეობა.
ჟონგლიორობა ყოველთვის იყო პიკლის საოჯახო ცირკის მნიშვნელოვანი ნაწილი და ყველა ჩვენება მთავრდებოდა “დიდი ჟონგლიორობით”, რომელშიც გუნდის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობდა.
1984 წელს პიკლის საოჯახო ცირკის ორმა წევრმა, ვენდი პარკმანმა და პეგი ჯუდი ფინელმა სან-ფრანცისკოს საცირკო ხელოვნების სკოლა დააარსა, რომელიც დღეს ცირკის ცენტრის სახელით არის ცნობილი. იგი დღემდე ფუნქციონირებს როგორც საცირკო ხელოვნების სავარჯიშო ცენტრი და ღიაა როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულთათვის.
პიკლების საოჯახო ცირკის თანადამფუძნებელმა ლერი პიზონიმ, ამასთან პირვანდელ სამ წამყვან კლოუნს შორის უკანასკნელმა, ცირკი 1987 წელს დატოვა. სამწუხაროდ, ცირკი 1992 წელს გაკოტრდა. მიუხედავად ამისა, მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ავტორიტეტი გამყარდა როგორც სან-ფრანცისკოში, ისე საცირკო საზოგადოებაში. ცირკის ცენტრი “ახალი პიკლის ცირკის” სახელწოდებით კვლავ აგრძელებს ყოველწლიური წარმოდგენების მოწყობას ქალაქში.
“ზეციური შოუ ჩინეთიდან” ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ცირკი და ამასთან მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საცირკო დასია.
“ზეციური შოუ ჩინეთიდან” ჩინური აკრობატული დასია უძველესი პროვინცია ჟეჯიანგიდან. 100 პროფესიონალისგან შემდგარ საცირკო დასს ისეთი ცნობილი აკრობატები ჰყავს, რომლებსაც პრიზები და ჯილდოები არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით აქვთ მოპოვებული.
“სამოთხის შოუს” შემსრულებლები ქოლგებით ჟონგლიორობენ. მათი ეს ნომერი იმდენად უნიკალურია, რომ მის გამეორებას ვერავინ ახერხებს.
ეს ხელოვნება ათასობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა და აკრობატულ დინასტიებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ჩინეთის “სამოთხის ცირკში” ქოლგებით მხოლოდ მამაკაცები ჟონგლიორობენ. ქალი შემსრულებლები სხვა მრავალფეროვანი აკრობატული ნომრებით აოცებენ მაყურებლებს, მათგან ყველაზე გამორჩეული კი ერთთვლიანი ველოსიპედის ნომერია.
“დიდი ბრიტანული ცირკის” დასის ნომრებში ძირითადად დომინირებდნენ გარეული მოთვინიერებული ცხოველები – ვეფხვები, აქლემები და ლომები. კომპანიის მფლობელი და ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელი 2012 წლამდე მარტინ ლეისი იყო. 70 წლის ასაკში მან განაცხადა, რომ გადადგებოდა და დიდი ბრიტანეთის ცირკი სცენაზე ახალი რეპერტუარით 2013 წლის სეზონისთვის აღარ დაბრუნდებოდა.
მარტინ ლეისი მრავალი წლის განმავლობაში ამრავლებდა ვეფხვებს, თუმცა მათი უმრავლესობა არა საცირკო წარმოდგენებში, არამედ Esso-ს ბენზინის სატელევიზიო რეკლამებში მონაწილეობდა 1970 წლამდე.
2009 წლის თებერვალში გამოცემა Independent-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იტყობინებოდა, რომ კომპანიამ ათწლიანი პაუზის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ცირკში ისევ ჩამოიყვანა გაწვრთნილი სპილოები.
განახლებულმა საცირკო წარმოდგენებმა ცხოველების უფლებადამცველები და დემონსტრანტები უფრო მიიზიდა, ვიდრე მაყურებელი, საპროტესტო ტალღამ ნელ-ნელა მთელი ბრიტანეთი მოიცვა.
2009 წლის აგვისტოში მიმდინარეობდა საიდუმლო საგამოძიებო ოპერაცია, რის შედეგადაც ფარულად გადაიღეს ცირკის პერსონალის წევრი, რომელიც ლითონის კაუჭით სპილოს ურტყამდა. თანამშრომელი მალევე გაათავისუფლეს.
დიდი ბრიტანული ცირკი 2014 წელს კირილოვების ოჯახმა შეიძინა. მათ გადააკეთეს და განაახლეს შოუ და საცირკო ნომრებში ცხოველების ნებისმიერი სახით მონაწილეობა აკრძალეს. “დიდი ბრიტანული ცირკი” ახლა ყველაზე საინტერესო ტრადიციული საცირკო შემსრულებლებისგან შედგება. ისინი წარმოადგენენ აკრობატიკის, მუსიკისა და ცეკვის ნაზავს მაღალტექნოლოგიური გაფორმებით.