fbpx

Für Karlo – დღეს კარლო კაჭარავას დაბადების დღეა


გააზიარე სტატია

ავტორი: დათო კოროშინაძე

 

1964 წლის 7 თებერვალს ქართველი მხატვარი, პოეტი, ესეისტი და არტ-კრიტიკოსი კარლო კაჭარავა დაიბადა. დღეს ის 57 წლის გახდებოდა. კარლოს მემკვიდრეობა ახალგაზრდა თაობების უმეტესობისთვის უკვე კარგადაა ცნობილი. მან განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა მათთვის, ვისაც ქალაქში მიმდინარე ცვლილებებში ჩართვა 2000-იანი წლების ბოლოს მოუწია. ეს იყო ხელოვანების და ჰუმანიტარების ცალკეული ჯგუფები, რომლებიც გაუქმებულ შემოქმედებით სივრცეებში – ბარებში, კაფეებში და ქუჩებში ეძებდნენ თბილისური ცხოვრების შინაარსს, იგებდნენ მის სირთულეებს და ხელახლა უსვამდნენ კითხვებს დემოკრატიის შუქურას, რომელიც ჩვენთან 90-იან წლებში აინთო და რომელიც წლიდან წლამდე ჩაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

კარლოს აღმოჩენა, სწორედ ამ ტიპის სინათლის ძიების ნაწილი იყო. ერთი მხრივ, 90-იანების რომანტიზებით და მეორე მხრივ, ცარიელ და გაღატაკებულ წარსულში შინაარსის შეტანის სურვილით.  კარლო იყო ის ფიგურა, რომელმაც ბევრი ჩვენგანისთვის შეცვალა წარსულის აღქმა და გვაჩვენა, რომ ისეთ კრიზისულ დროშიც კი, როგორიც ჩვენი იყო და კვლავაც არის, შესაძლებელია წარმოსახვის გაფართოება, ცოდნის გაღრმავება, სიახლეებზე, უკეთეს ყოფაზე ფიქრი და ყოველდღიური გამოწვევების მიღმა სოციალური სახის შენარჩუნება. კარლო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ხმამაღლა საუბრობდა ქართველების რომანტიკულ დამოკიდებულებაზე ცხოვრებასთან და ამავდროულად, ამ პრობლემას საკუთარი ცხოვრებითაც უპირისპირდებოდა:

 

„სამედიცინო ანუსში გასაჩერებელი სანთლებით
მე ვერ ავანთებ
შენს მოწყენილ ღამეს სადღაც სხვაგან:
სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში.
და არც არის ამის საჭიროება – იქ დენი არის.
მე აღარ ვწუხვარ ამის გამო.
ე.ი. მე ვსწავლობ ნამდვილ ცხოვრებას,
რომ დარჩენილი მცირეოდენიც
არ წამართვას საფრთხესთან უმიზნო ბრძოლამ –
რომანტიზმმა […]“

“სიყვარული”, 1994 წ.

 

ეს არის ბოლო, რასაც მის ლექსებში ვაწყდებით და ვაწყდებით არა მხოლოდ სევდით, არამედ კრიტიკულად, ჩვენთვის თითქმის გადამწყვეტი ეგზისტენციალური მნიშვნელობით. ქართული ყოფის და კულტურის კრიტიკა, მის წერილებში არაერთი მიმართულებით ვრცელდება, განსაკუთრებით კი – თანამედროვე ხელოვნების, რომელიც დღეს უკვე გლობალურად, დემოკრატიული კრიტიკის და პლურალიზმის ერთ-ერთი მთავარი გამტარია:

 

„ხელოვნების სოციალურ ფუნქციაზე დღეს ცოტა ფიქრობს ჩვენში. აქ თითქმის არ არის მიღებული სოციალური პრობლემატიკის სრულიად გაცნობიერების ცდა, თუ არა სოციალური სოლიდარობის გამჟღავნება მაინც. ჩვენი ხალხი სოციალურად საშინლად დიფერენცირებულია. ისევ რაღაც უჩვეულოდ ეგზალტირებული, კასტური სისტემის მსგავსი იერარქიით. ყველანი, უჩვეულოდ დაბნეულნი, ცდილობენ კეთილდღეობის იერი შეუქმნან თავიანთ სოციალურ სტატუსს, წარმატებით ჩაეწერონ ამ ”ღირებულებათა” მოთხოვნებში“.

საუბრები სოციალური პრობლემატიკის ასპექტებზე უახლეს ქართულ მხატვრობაში, 1992 წელი     

 

იმავე წერილში კარლო აგრძელებს უფრო ფართო სურათის წარმოდგენას, ის ხელოვნებიდან ეროვნულ სიმპტომებზე გადადის და დაუნდობლად აკრიტიკებს საზოგადო აღქმას:

 

“ჩვენი უბედურებების რიგით ჩამოთვლა და სრულიად გაცნობიერება დიდად მწუხარე და თითქმის ამოუწურავი საქმეა. რეალობასთან ვერშეგუებული, პარალიზებული ერის თავდაცვითი ფუნქცია თავდაცვითი რეაქციაა, უჩვეულო ეგზალტაცია და ამის გამო რეალობას მოწყვეტილი ”ღირებულებების” შექმნაა. შექმნა ”ქართული (ქართველობის) მითისა”, ე.ი. სავსებით განსაკუთრებული ცხოვრების წესისა, რომლის პროფანაციაც საკმაოზე უფრო იოლი აღმოჩნდა. იგი მთლიანი გადაგვარების წინაშე აყენებს ერს, რომელიც რეალობის გაცნობიერების ნაცვლად, ისევე ხელოვნურად შემუშავებული ათასგვარი დიდი თუ მცირე უბედურებებით უარესისაკენ იერშეცვლილი მითით საზრდოობს. არაფერია ცრუ განზოგადებებზე უფრო საშიში”.

 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თაობისთვის, რომელმაც თვითგამორკვევა ნულოვანი დონიდან დაიწყო, სივრცეში, რომელშიც ყველაფერი კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

დღეს, როდესაც მეტ-ნაკლებად შევჯერდით ეროვნული სულისკვეთების და კასტური ყოფის ავკარგიანობაზე, დღის წესრიგში დგება სრულიად ახალი გამოწვევა, კერძოდ – დასავლეთთან ინტეგრაცია. ამ პირობებში, კაჭარავას კრიტიკა, ესეისტიკა და დღიურები ხელახლა იძენენ მნიშვნელობას. კარლოს მთავარ ამოცანად არა ქართული სივრცის კრიტიკა, არამედ დასავლეთთან კომუნიკაციის დამყარება, უკეთეს ცხოვრებასა და პირობებზე უფლების მოპოვება რჩებოდა. ამიტომ არის, რომ 90-იანებში მომხდარ უბედურებებს ავტორი გლობალურ ჭრილში აღიქვამს:

 

“ენდი უორჰოლს 1991 წელს თბილისში, სექტემბრის დემონსტრაციების დროს ესროლეს და არა 1967 წელს ნიუ-იორკში. ქართველებმა ესროლეს ენდი უორჰოლს, მოხუც ჯადოქარსა და პედერასტს, ვერცხლისფერი „ინგლისური” პარიკით. მასთან ერთად ესროლეს, რასაც ის წარმოადგენდა: დემოკრატიას, თავისუფალ ეკონომიკას, პიროვნების თავისუფლებას, ინიციატივას, სექსუალურ თავისუფლებას, ინდივიდუალიზმს, „მაკდონალდს”, ჰოლივუდს, შოუბიზნესს, „როლინგ სტოუნზს” და „ველვეტ ანდეგრაუნდს”, არტ-ბიზნესს, სონაბენდის და ლეო კასტელის გალერეებს, პოლ ტეკს, „ისტ ვილიჯს”, დენის ჰოპერის „უზრუნველ მხედარს” და ნილ ჯორდანის „მონა ლიზას”, ცხადია, ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

1991 წლის ჩანაწერი

 

ამ კრიტიკაში ორი მთავარი ამოსავალი წერტილი იკვეთება: სოციალური პასუხისმგებლობა და ინდივიდუალიზაციის რთული და მძიმე პროცესი. ერთი მეორის გარეშე აზრს მოკლებულია. ჩვენი სოციალური აქტიურობა ჩვენივე პიროვნების განვითარების შედეგია და პირიქით. ამ ველში გვთავაზობს კარლო თხრობას და მისი თხრობის ფორმა სრულიად თანამედროვეა, შეიძლება ითქვას, უფრო ადეკვატურიც კი, ვიდრე დღევანდელი ჩვენი ყოფა, რომელიც ისევ მიუწვდომელ სივრცეებსა და კომფორტზე ოცნებაში ილევა, არსებითად კი, სოციალური შინაარსი და პიროვნული მოთხოვნები არ გააჩნია.

1936 წელს გამოქვეყნებულ ესეში, „მთხრობელი“, ვალტერ ბენიამინი წერდა:

 

„ყოველი დილა გლობალური სამყაროდან ახალ-ახალ ამბებს გვთავაზობს და მიუხედავად ამისა, უმნიშვნელო ისტორიების შემსწრენი, ჩვენ უფრო და უფრო ვღარიბდებით. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენამდე არცერთი მოვლენა აღარ აღწევს ახსნა-განმარტების გარეშე. სხვა სიტყვებით, არაფერი აღარ ამდიდრებს ამბის თხრობას. ყველაფერი, მხოლოდ ინფორმაციის ღირებულებას ზრდის. ამბის მოყოლის ხელოვნების ნახევარს, მისი რეპროდუცირებისას, ამ ამბის ახსნა-განმარტებისგან გათავისუფლება მოიცავს… ყველაზე ექსტრაორდინალური და გასაოცარი ამბები აღწერილია უკიდურესი აკურატულობით, თუმცა მკითხველის მოვლენასთან ფსიქილოგიურად დაკავშირება იძულებით არ ხდება. ამბის დიდი ნაწილის ინტერპრეტაცია და გაგება უშუალოდ მასზეა დამოკიდებული. სწორედ ამ გზით ახერხებს თხრობა იმ სისავსის მიღწევას, რომელიც აკლია ინფორმაციას“.

 

დღევანდელ ჩვენს გამოწვევად სწორედ ეს რჩება, ინფორმაციის გამჭვირვალე ბუნებასთან გამკლავება და პირადი და საზოგადო ნარატივების შექმნა არა მითების, არამედ უკეთესი საარსებო პირობების, სივრცეების, რომლებიც გვიფართოებენ წარმოდგენას, გვაძლევენ განვითარების, დიალოგის, გადაწყდომის და გაცნობის საშუალებას. მათთვის კი, ვინც კაჭარავას შემოქმედებას და ესეისტიკას ეცნობა, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს თხრობის აღმოჩენა, რომელშიც ყოველდღიური ელემენტები იმდენად შემოდიან, რამდენადაც მწერლები, მხატვრები, ფილოსოფოსები, კონცეფციები ხელოვნების შესახებ, მოგზაურობები და რომანტიკული თავგადასავლები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც თანამედროვე ინტელექტუალი ადამიანის ცხოვრებაში ხდება. 

თუმცაღა, კარლოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობას, რომ ინტელექტუალის სტატუსი მეორეხარისხოვანია, რაც წინ მოდის ეს არის, თანამედროვე, ურბანული ადამიანის ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი ქალაქების ნიჰილიზმში საკუთარი და საზოგადო არსებობის მნიშვნელობას ეძებს. დღეს ყველა, ვინც რაიმე ფორმით საზოგადო დისკურსში ერთვება, ამ პროცესის გარდაუვალი მონაწილე ხდება. 

ამ მდგომარეობაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს პიროვნული ძალისხმევა. შემეცნების, აღმოჩენის და მოგზაურობის ცხოვრების სტილად ქცევა იმ ადამიანის გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, რომელსაც სხვადასხვანაირი ყოფა ვერ წარმოუდგენია; რომლისთვისაც სიახლე, აღმოჩენა, გაცნობა და ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილებია, მაშინაც კი, თუ ეს ცხოვრება სასიკეთოს ბევრს არაფერს გვთავაზობს. 

კარლოს ისტორიაც სრულიად ახალ სოციალურ გამოწვევაში გრძელდება, რაც ჩვენი კულტურის და ყოველდღიურობის სხვებისთვის გაცნობას და ამ გაცნობაში საკუთარი თავის ხელახალ აღმოჩენას მოიაზრებს. ეს არის ღირებულებების გადაფასების და აღქმის ცვლილებების პერიოდი, რომელშიც კაჭარავას მემკვიდრეობა, როგორც კომპასი და როგორც სავიზიტო ბარათი, ისე გვესახება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.