fbpx

თასიდან „სკუდეტომდე“ ერთი ნაბიჯია


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი უაღრესად დაძაბულია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოსახვედრად ერთბაშად შვიდი გუნდი იბრძვის, რომელთაგან „სკუდეტოს“, სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილში პირველი სამეულის ერთ-ერთი წარმომადგენელი – „მილანი“, „ინტერი“ ან „იუვენტუსი“ მოიპოვებს.

გარდა ამისა, იტალიის თასის ნახევარფინალური წყვილები საუკეთესო ოთხეულითაა წარმოდგენილი, რადგან „იუვენტუსის“ და „ინტერის“ გვერდით, გათამაშების დასკვნით ეტაპზე უკანასკნელ წლებში სკუდეტოსთვის მუდმივად მებრძოლი „ნაპოლი“ და იტალიური ფეხბურთის ბოლო პერიოდის აღმოჩენა – ბერგამოს „ატალანტა“ იმყოფებიან. ასეთი თანხვედრა კი შთამბეჭდავი განმეორებითი ნახევარფინალების და ფინალის მომასწავებელია.

შედარებისთვის ევროპის წამყვანი სხვა სათასო გათამაშებების დასკვნითი ეტაპები შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ვერც მიუნხენის „ბაიერნს“, ვერც მადრიდის „რეალს“, „ატლეტიკოსა“ თუ „ლივერპულს“ ვხედავთ.

მართალია, იტალიის თასის ოთხეულს მიღმა სერია A-ს გათამაშების ამჟამინდელი ლიდერი „მილანი“ აღმოჩნდა, მაგრამ როგორ შეიძლება „როსონერის“ იტალიური ფეხბურთის მამოძრავებელ ძალად შერაცხვა, როდესაც მას ჩემპიონატში სათასო ნახევარფინალების ოთხი წარმომადგენლიდან ორთან – „იუვენტუსთან“ და „ატალანტასთან“ თამაშები შინ შესაბამისად, 1:3 და 0:3 აქვს წაგებული, ევროპის ლიგაზე საფრანგეთის „ლილთან“ 0:3 მარცხზე რომ აღარაფერი ვთქვათ?

„მილანმა“ თასზე ასპარეზობა „ინტერთან“ მეოთხედფინალში მარცხით შეწყვიტა. თამაში თავდაპირველად „როსონერის“ კარნახით მიმდინარეობდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩმა საჯარიმო მოედნის ფარგლებიდან ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა, თუმცა შვედ თავდამსხმელს ტაიმის უკანასკნელ წუთზე „ინტერის“ ფორვარდ ლუკაკუსთან კონფლიქტი მოუვიდა, მეორე ტაიმში კი ის მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის მინდვრიდან გააძევეს. 

აღსანიშნავია, რომ კაცნაკლულმა „მილანმა“ დარჩენილ დროში მეტოქის კარის მიმართულებით ერთი დარტყმაც ვერ განახორციელა.

„ინტერმა“ კი თავის მხრივ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. მატჩის 71-ე წუთზე წონასწორობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ლუკაკუმ აღადგინა. საბოლოოდ კი შეხვედრის დამატებით უკანასკნელ წუთზე ერიქსენმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით „ინტერს“ ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

ამგვარად, „მილანს“ თასიდან გამოვარდნის შემდეგ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ სერია A-ზე გადაწყობა მოუწევს. ევროპის ლიგის დასკვნითი ეტაპი კი მისთვის ზედმეტი ტვირთია.

გასულ კვირას იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში შინ „იუვენტუსთან“ წაგების შემდეგ, „მილანის“ მსგავსად, მალე „ინტერსაც“ შეიძლება მხოლოდ სერია A-ს გათამაშებაზე მოუწიოს გადართვა. 

„სკუდეტოსთვის“ ბრძოლის ასეთი ხელსაყრელი ნიადაგი, „ინტერს“ კარგა ხანია არ ჰქონია. 

„იუვენტუსმა“ თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი „ინტერთან“ თითქოს დამაჯერებლად, მაგრამ იმავდროულად, სრულიად შემთხვევითი გოლების წყალობით მოიგო, რაც ალბათ ანტონიო კონტეს გუნდის „დამსახურებაცაა“.

მასპინძლები ბუფონის შეცდომის გამო დაწინაურდნენ, როდესაც მან ლაუტარო მარტინესის უხეიროდ დარტყმული ბურთი ვერ დაიმორჩილა. 

სამაგიეროდ, ლეგენდარულმა გოლკიპერმა თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა, როდესაც დარმიანის ახლოდან დარტყმული ურთულესი ბურთი მოიგერია. 

სტუმართა მხრიდან ორივე გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, რომელმაც თავდაპირველად თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი ბასტონისა და ჰანდანოვიჩს შორის წამიერი გაუგებრობით ისარგებლა, ბურთი „მოიპარა“, ცარიელ კარში გადაგზავნა და როგორც გაირკვა, მატჩის საბოლოო შედეგი – 2:1 პირველივე ტაიმში დააფიქსირა.

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა თასის ამჟამინდელი მფლობელის, „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ შორის ნახევარფინალური შეხვედრაც. უგოლო ფრის მიუხედავად, საგოლე მომენტები ორივე კართან საკმარისად  შეიქმნა. 

„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა სათამაშო ინიციატივა შედარებით მოკლე სკამის მქონე სტუმრებს დაუთმეს და წარმატების მიღწევას ისინი უკვე მატჩის ბოლოსკენ, მეტოქის მოქანცვის ხარჯზე ეცადნენ. 

მასპინძელთა მხრიდან მეტოქის შეცდომებზე თამაშის აწყობის სტრატეგიას შესაძლოა, „ატალანტადან“ გუნდის ლიდერ გომესის წასვლამაც შეუწყო ხელი. ასეთი მნიშვნელოვანი დანაკლისის შევსებაზე ზრუნვა ამჟამად ბერგამოელთა მწვრთნელ გასპერინის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, რადგან შორს არც „რეალთან“ მერვედფინალური მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე.

„ატალანტას“ ხილული თუ უხილავი პრობლემები იტალიის სერია A-ს გათამაშების უკანასკნელი ტურის მატჩმა წარმოაჩინა „ტორინოს“ წინააღმდეგ, როდესაც ბერგამოელები მატჩის დებიუტშივე სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

„ტორინო“ სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მისი სწრაფვა თამაშის გადასარჩენად ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვა „ატალანტამ“ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რომელმაც ეტყობა, ვერ გაუძლო ბოლო პერიოდის დაძაბულ გრაფიკს, რადგან „ნაპოლისთან“ ზემოთ ხსენებულ 0:0-თან ერთად, მას რომის „ლაციოსთან“ ერთი კვირის მანძილზე თასზე და ჩემპიონატში ზედიზედ ორი მეტად საპასუხისმგებლო მატჩის ჩატარება მოუწია.

თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბერგამოელებმა გმირობა ჩაიდინეს და მეორე ტაიმში მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩენის მიუხედავად, გადამწყვეტი გოლი გაიტანეს და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვეს. 

ჩემპიონატში კი წარმატება „ლაციომ“ იზეიმა, რომელიც „ატალანტასთან“ და „იუვენტუსთან“ ერთად, მიმდინარე სეზონში იტალიურ ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე წარმოაჩენს.

ამგვარად, სატურნირო ცხრილში ზედა შვიდეულის წარმომადგენელთაგან აწი ყველაზე დაძაბული გრაფიკი სწორედ ამ სამ გუნდს ესახება. მაგრამ, თუკი „ლაციოს“ ორ ფრონტზე – სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მოუწევს ასპარეზობა, „იუვენტუსს“ და „ატალანტას“ იტალიის თასის მატჩებიც ემატებათ, რაც მათგან ძალების განსაკუთრებით რაციონალურად გადანაწილებას ითხოვს.

გამოწვევა რთულია, თუმცა დიდი კლუბებისთვის მისაღები. ყველაზე მეტად  ეს ტურინის „იუვენტუსს“ ეხება, რომელმაც თასზე „ინტერის“ დამარცხების შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის ცენტრალურ მატჩში შინ ანგარიშით 2:0 დაამარცხა „რომა“ და სატურნირო ცხრილში პრინციპულ მეტოქეს ორი ქულით გადაასწრო.

ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს 36 წელიწადი შეუსრულდა და პორტუგალიელმა ვარსკვლავმაც სოციალურ ქსელში ვრცელი კომპლიმენტები განათავსა საკუთარი გულშემატკივრების მისამართით.

იუბილარმა პირველი გოლი მატჩის დებიუტშივე გაიტანა. მალე კი პორტუგალიელი ვარსკვლავი დუბლის შესრულებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მის დარტყმულს გზად რომაელთა მცველი გადაეღობა, ტრაექტორია შეცვალა და საბოლოოდ ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

„იუვენტუსმა“ ეს მატჩი ისევე ადვილად მოიგო, როგორც ერთი დღით ადრე „ინტერმა“ „ფიორენტინასთან“.

იქაც ანალოგიური ანგარიში – 2:0 დაფიქსირდა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან „ფიორენტინა“ სატურნირო ცხრილის შუაგულში თავს მშვიდად გრძნობს და მას „ინტერთან“ ისე არ უომია, როგორც „ტორინომ“ „ატალანტასთან“.

საკვირველი მხოლოდ ისაა, რომ „იუვენტუსს“ და „ინტერს“ შორის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის წინ, მილანური კლუბი თავის მეტოქესთან შედარებით, ერთი დღით მეტს დაისვენებს.

როგორც ჩანს, იტალიური ფეხბურთის მესვეურები იმედოვნებენ, რომ „ნერაძურისთვის“ ასეთი უპირატესობის მინიჭებით, მას შეუმსუბუქებენ მატჩის შემობრუნების ისედაც რთულ პერსპექტივას და ამით განმეორებითი შეხვედრა უფრო საინტერესო გახდება.  

იტალიის თასის ფინალისტების ვინაობა ამ სამშაბათ-ოთხშაბათს გაირკვევა. თასიდან „სკუდეტომდე“ კი ერთი ნაბიჯია, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიმე კლუბმა სეზონი დუბლითაც აღნიშნოს…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.