ქართული ბრენდები, სადაც ლამაზ ქუდებს შეიძენთ
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
გარდა იმისა, რომ ცივ ზამთარში ქუდი ჩვენი განუყრელი ატრიბუტია, წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარიც გახდა. ბერეტს აქტუალობა არც წელს დაუკარგავს, მაგრამ პანამების, ბალაკლავების და ჩვეულებრივი ნაქსოვი ქუდების სხვადასხვა ვარიაცია განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა.
გაგაცნობთ ქართულ ბრენდებს, რომლებიც ადგილზე ამზადებენ ქუდებს და მათი შეძენა როგორც თქვენთვის, ასევე საჩუქრად ონლაინაა შესაძლებელი.
AMBŌRY
კომპანია AMBŌRY-ს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ქუდები მორგებულია ოთხივე სეზონს. ზაფხულის კოლექცია მზისგან მაქსიმალურად იცავს და ფერების უმეტესობა გამორჩეულად მკვეთრია, თუმცა არც ზამთრის კოლექციაშია ფერთა ნაკლებობა.
20/21 შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შექმნისას “ამბორის” გუნდი მხოლოდ ქსოვილის შეცვლას ფიქრობდა, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, ქსოვილთან ერთად ფორმაც შეიცვალა და ქუდებს დაემატა შლემი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირბადის ფუნქციასაც ითავსებს.
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქუდების მოზომებას და ისე შეძენას flover shop-ში შეძლებთ, ხოლო შეკვეთა შეგიძლიათ როგორც ბრენდის ინსტაგრამგვერდზე, ასევე საიტზე – etsy.com.
ინსტაგრამზე შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება თბილისში 1-2 დღეში ხდება და საკურიერო მომსახურება 5 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო რაიონებში 5 სამუშაო დღეში მოგაწვდიან და ტარიფი დამოკიდებულია რეგიონზე.
Iknit
IKNIT ონლაინმაღაზიაა, რომელიც სხვადასხვა სახის ხელნაკეთ, ნაქსოვ აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს. სეზონის შესაბამისად, ნიღაბი-ქუდების, ბალაკლავების შეძენა შეგიძლიათ მათსავე ფეისბუქ- ან ინსტაგრამგვერდზე.
ქუდები ხელითაა მოქსოვილი 50%-იანი შალის ძაფით. იმის გამო, რომ ბალაკლავებზე მოთხოვნა გაზრდილია, ნივთი შეკვეთიდან ერთ კვირაში ჩაგბარდებათ. აღსანიშნავია, რომ IKNIT-ს აქვს როგორც სახლში მიტანის სერვისი, ასევე შეგიძლიათ მისამართზე მიაკითხოთ და წამოიღოთ.
MUZARADI
კიდევ ერთი ქართული ბრენდი,რომელიც ორიგინალურ თავსაბურავებს ქმნის, ქეთევან ხერხეულიძის მიერ დაარსებული”მუზარადია”. აქ თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ შლემების, ჰუდების, პანამებისა და ნაქსოვი ქუდების ახლებური ვარიაციები.
“მუზარადის” კოლექციის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია “იერი”- ში, აღსანიშნავია, რომ “იერს” მიწოდება მსოფლიო მასშტაბით აქვს.
Tamri HandCreations
Tamri HandCreations მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელნაკეთ სამკაულს ამზადებს, ზამთარში კი ფერად და მრავალფეროვან ქუდებს გვთავაზობს. თამრის წელს დამხმარე არ ჰყავს და თავად ქსოვს. როგორც ამბობს, მისი ინსპირაცია ყოველთვის იყო ვინტაჟური სათხილამურო ტანსაცმელი, ხოლო ბავშვებისთვის განკუთვნილი ქუდების მოქსოვისას უფრო ინფანტილური ხდება, ბევრ ფერს ურევს ერთმანეთში. ამ დროს მისი ინსპირაცია პოპ-არტია.
წელს თამრი ჩვეულებრივ ქუდებთან ერთად ბალაკლავებსაც ქსოვს, რომლის მოდელსაც დიდხანს ამუშავებდა, რომ ყველასთვის ადვილად მოსარგები ყოფილიყო. .Tamri HandCreations უკვე მზა ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა, როცა დრო და მასალა აქვს, იშვიათად, ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს.
ქუდების შეძენა ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე შეგიძლიათ, ფეისბუქზე ცალკეა მაღაზიის განყოფილებაც. შეძენილი ნივთები იმავე ან მეორე დღეს იქნება თქვენთან. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ შენაძენს ხელით მოხატული მისალოცი ბარათები მოჰყვება საჩუქრად, ხოლო მიწოდების სერვისი თბილისში ნივთის ღირებულებაში შედის.
აღმა-უკუღმა
წაღმა-უკუღმა ნაქსოვი ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ბავშვების, ასევე დიდების ტანსაცმელი, ხელთათმანები, ჟაკეტები. ყველაზე დიდი არჩევანი კი ბრენდს ქუდების ხაზში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დეტალი და ნაქარგი ხელით მზადდება, ცდილობენ, მაქსიმალურად მოერგონ მყიდველის სურვილებს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეცვალონ ნაქარგობა ან ძაფის ფერი.
ქუდები ძირითადად შალნარევი კოტონით იქსოვება, ხოლო ბავშვებისთვის იყენებენ ანტიალერგიულ ძაფებს.
ქუდების დამზადებას საშუალოდ 2-3 დღე სჭირდება. შეკვეთის გაფორმება შეგიძლიათ ფეისბუქ- ან ინსტაგრამგვერდზე. მიწოდება კურიერის საშუალებით ხდება, რაც თბილისში 2 ლარი ღირს, ხოლო რეგიონებში ამანათი ფოსტით იგზავნება. შეკვეთა ლამაზად იფუთება და უკვე მზა, სასაჩუქრე მდგომარეობაშია.
რკო
“რკო” ნაქსოვი და შეკერილი ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია ბავშვებისთვის, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და მისი ყველა ნივთი ხელითაა დამზადებული. ბრენდი ქუდების წარმოებითაა გამორჩეული – დაახლოებით 10 სახეობამდე ქუდს სთავაზობს მომხმარებელს. ქუდების უმეტესობა 100%-ანი შალის ძაფითაა ნაქსოვი. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს შალზე ალერგია აქვთ, აკრილით ანაცვლებენ.
გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეკვეთებს საცალო გაყიდვებისთვის არ იღებენ. თბილისის მასშტაბით შეკვეთილ ნივთს მეორე დღესვე მოგიტანთ კურიერი. რეგიონებში და საზღვარგარეთ მიწოდება კი საქართველოს ფოსტით, ან DHL-ით ხდება.
“რკოს” პროდუქცია პანდემიამდე შოურუმშიც იყო წარმოდგენილი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი გაყიდვებმა მთლიანად გადმოინაცვლა ონლაინსივრცეში. შეკვეთა მათ ფეისბუქ- ან ინსტაგრამგვერდზე შეგიძლიათ. ასევე, პროდუქცია განთავსებულია anovano.ge-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ “რკოს” ქუდების შეძენა საზღვარგარეთ მოგინდებათ, მაშინ უნდა ეწვიოთ საერთაშორისო გამოფენას – iloveplaytime.com
ბებიას
“ბებიას” მომხმარებელს სთავაზობთ ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებს. ამჟამად ორი სტილის ქუდის შეძენაა შესაძლებელი: სადა ქუდი პომპონით და პომპონის გარეშე – ფერების 20-მდე ვარიაციით. ყველა ქუდი ქართველი ხანშიშესული ქალბატონების მიერ სპეციალურად ბრენდისთვისაა დამზადებული. მასალა ნატურალური თუშური შალია, ხოლო შიგნიდან ჩაკერებული აქვს ბამბის რბილი სარჩული.
ბებიები ქუდებს მთელი წლის განმავლობაში ქსოვენ და სეზონს დიდი მარაგით ხვდებიან, რის გამოც, თუ განსაკუთრებული შეკვეთა არაა, რაც არსებული მოდელებისგან, მაგალითად, ორნამენტით, ჩაქსოვილი წარწერით ან სპეციალურად დამზადებული იარლიყით განსხვავდება, ამანათი მომხმარებელს შეკვეთის მეორე დღესვე ბარდება. შეკვეთა შეგიძლიათ ონლაინ – ვებგვერდის, ფეისბუქის ან ინსტაგრამის მეშვეობით.
საკურიერო მომსახურების ღირებულება თბილისის უბნებში 5 ლარია, ხოლო თბილისის შემოგარენში – 6. ასევე, შეკვეთა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მიტანის ღირებულება განისაზღვრება 10-დან 18-ლარამდე – რეგიონების მიხედვით. ქუდს მიიღებთ შეფუთულ, სასაჩუქრე მდგომარეობაში.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთიდან გსურთ ბებიების ნაქსოვი ქუდების შეძენა, გაითვალისწინეთ, რომ etsy.com-ს უნდა ეწვიოთ.