fbpx

STUDIO9-ს რესტორნის პროექტი “წისქვილი” მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

“უნდა ვეცადოთ, რომ ბუნება, შენობები და ადამიანები მეტად გავაერთიანოთ”.  – ლუდვიგ მის ვან დერ როე

ლუდვიგ მის ვან დერ როე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი იყო და მოდერნისტული არქიტექტურის ფუძემდებლადაც ითვლება. მისი სახელობის ფონდი ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო წლების განმავლობაში სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში. პრემია ორ წელიწადში ერთხელ საუკეთესო  თანამედროვე ევროპული არქიტექტურის პროექტებს გადაეცემა, ბოლო პერიოდში ნომინაციებში ხშირად ვხვდებით ქართულ პროექტებსაც.

წლევანდელ ნომინაციებს შორის კიდევ ერთი ქართული არქიტექტურული პროექტი მოხვდა, STUDIO9-ს რესტორანი – “წისქვილი”, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. რადგან ჟიურის წევრთა შეკრება პანდემიის პირობებში ვერ ხერხდება, 2021 წლის დაჯილდოება 2022 წლის მაისში გაიმართება ბარსელონაში. 

პროექტი 4825 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მისი 18-წლიანი მშენებლობა 2020 წელს დასრულდა. როგორც არქიტექტორები აღნიშნავენ, თავიანთი კონცეფცია საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე ჩანჩქერს მოარგეს. ასეთი შემოქმედებითი გადაწყვეტის ამომავალი წერტილი კი სანაპიროს ლანდშაფტი იყო. მდინარის გასწვრივ, საკმაოდ დიდ მონაკვეთზე განთავსდა დასვენების, გართობის და საზოგადოებრივი კვების მრავალფუნქციური კომპლექსი – ეთნო მუზეუმ-რესტორანი. 

შენობას აქვს შიდა ეზო, რომელიც აერთიანებს პატარა დასახლების ტიპის სხვადასხვა ნაგებობებს: ლუდის მოედანს, ლუდის დარბაზს, ღვინის ეზოს, ღვინის დარბაზს, ეთნო დარბაზს, წისქვილს წყალზე, მხატვრის სახელოსნო-რესტორანს, მწვადის სახლს, პურის სახლს და მარანს. 

ეს მუზეუმ-რესტორანი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორია. პროექტში თანამედროვე მასალებთან ერთად გამოყენებულია ტრადიციული დეტალებიც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული ფრაგმენტები და მასალებია: აგური, კრამიტი, ქვა, ხე. მასალებს შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი იერსახე. 

პროექტში ასევე გამოყენებული თანამედროვე მასალები – ლითონი, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა, მასშტაბური ვიტრაჟები და ლითონის ფერმები; მშენებლობაში კი  მდინარის სანაპიროდან მოპოვებული ქვის მასალა. პროექტის ავტორის მიზანი იყო იერსახის, მასშტაბის, პროპორციის და სტრუქტურის ზუსტი გააზრებით, ძველის და ახლის შერწყმით, საკმაოდ რთულ საპროექტო ტერიტორიაზე შეექმნა ტურისტული ცენტრი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.