fbpx

ინტერვიუ სახელოსნო KERA-ს არქიტექტორებთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი ჭიღიტაშვილი

ფოტოები: გიკო დადიანი

 

არქიტექტურული სახელოსნო KERA სამმა მეგობარმა არქიტექტორმა – კოტე გუნიამ, ბექა გუჯეჯიანმა და სანდრო ბახტაძემ დაარსეს ნახევარი წლის წინ. 

“კერა არ არის სახლი ან კედლები, რომელიც მას ქმნის, არამედ სივრცე მათ შორის –  გაჯერებული ადამიანის ყოფნით”

 

როგორ დაიწყეთ მოღვაწეობა არქიტექტურის სფეროში?

კოტე: ბავშვობიდან  ხშირად ვხატავდი სახლებს თავის გეგმებით. დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე არქიტექტორი გამოვსულიყავი. შემდეგ კინორეჟისორობაც მინდოდა, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე და მაინც არქიტექტურას დავუბრუნდი. დავამთავრე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის განხრით.

სანდრო: ჩემი ამ სფეროთი დაინტერესებაც, ბავშვობიდან, ხატვიდან დაიწყო. ჯერ სამედიცინოზე ვსწავლობდი, ერთი  წლის შემდეგ  მივხვდი, რომ არ იყო ჩემი საქმე. Მსურდა ხატვასთან დაახლოებული რომელიმე დარგის შესწავლა და განათლების მიღება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის მიმართულებით განვაგრძე.

ბექა: ბავშვობაში არანაირი შეხება ხატვასთან ან არქიტექტურასთან არ მქონია. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, მაშინ დავფიქრდი, რისი კეთება მინდოდა –  გამორიცხვის მეთოდით ავირჩიე ეს პროფესია და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. თან თვითონ არქიტექტორების მიმართ მქონდა სიმპათია და მათი ეს ნიშა საზოგადოებაში მომწონდა. აკადემიის შემდეგ გავაგრძელე სწავლა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

Vazisubani Arches

როგორ წამოიწყეთ საკუთარი ოფისი KERA?

კოტე: სანდროს ინიციატივა იყო, რომ ოფისი გაგვეკეთებინა, მე მაინც ბოლომდე არ ვიყავი არქიტექტურაზე ჩამოყალიბებული და უფრო კინო მინდოდა. Მერე პირველი რეალური პროექტი დაგვიკვეთეს და დავიწყეთ  მუშაობა. ეს იყო ძველი მიტოვებული შენობა ბუკნარში, რომელიც სასტუმროდ უნდა გადაკეთებულიყო. სანდროს ჰქონდა უკვე სამუშაო გამოცდილება, მე არა, ეს  პროექტი ჩემთვის  პირველი რეალური შეხება იყო ამ სფეროსთან  და უკვე სხვა პროფესიული სიღრმეები აღმოვაჩინე.  უნივერსიტეტს არ მოუცია ჩვენთვის საკმარისი ცოდნა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტით ვვარჯიშობდით და ბევრი ვარიანტიც გავაკეთეთ, ერთმანეთისგან შინაარსით და ფორმით განსხვავებული.  შემდეგ უკვე ბექასთან ერთად შევქმენით ეს კომპანია. ჩვენს ამ წამოწყებას ვეძახით უფრო სახელოსნოს და არა ოფისს, რაც გულისხმობს  კორპორატიული და იერარქიული მოცემულობისგან გათავისუფლებას და აქცენტის გაკეთებას თანაბარ, შემოქმედებით პროცესზე. 

 

A house for the Daughter

და რას გულისხმობს  თქვენი ეს მიდგომა?

სანდრო: ჩვენ ვთვლით, რომ შენობას რაღაც ცხოვრება უნდა გააჩნდეს, უნდა  იცხოვროს, “დაბერდეს” და შეიცვალოს. ძირითადად ამ იდეის გარშემო ვტრიალებთ. გვგონია, რომ ბუნებასაც უნდა ჰქონდეს მასზე გავლენა და მასალასაც ეტყობოდეს დროის კვალი.

კოტე: ჩვენს პროექტებში ვცდილობთ დროს დავუტოვოთ ადგილი, რათა მან დაასრულოს  ნამუშევარი. დროს ვიყენებთ ერთგვარ შემოქმედად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე მიკუთვნების იდეა. 

ბექა: ნებისმიერი შენობის აღწერა რომ წაიკითხო, წერია, რომ  მაქსიმალურადაა მორგებული კონტექსტს, თუმცა  ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან ზედაპირული განცხადებაა. ჩვენ მაინც ვცდილობთ ამ საკითხს უფრო პასუხისმგებლობით მივუდგეთ, მაგალითად, ახლა ვაკეთებთ საკონკურსოდ ნიქოზის ხელოვნების სასახლის პროექტს, სადაც ერთი კვირა ვიცხოვრეთ, რომ ადგილი რაც შეიძლება კარგად შეგვესწავლა და შეგვეგრძნო, ასევე   ურთიერთობა გვქონოდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან და შევეცადეთ გაგვეგო მათი პრობლემები. დავამატებდი იმასაც, რომ არქიტექტორის, როგორც ავტორის სათქმელის გადმოცემაც პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ხშირად კარგავენ ხოლმე არქიტექტორები გულწრფელობას პროექტებში.

 

Seaside baptistery in the name of John the baptist

როგორ იწყება კონცეფციაზე მუშაობა და რა ეტაპებისგან შედგება?

სანდრო: პირველი, რასაც ვაკეთებთ, როგორც აღვნიშნეთ, ვეცნობით ტერიტორიას. შემდეგ უკვე მოგვდის იდეები, რაზეც ვიწყებთ საუბარს. ძირითადად, ადგილის ნახვისას გვექმნება გარკვეული შეგრძნებები და შთაბეჭდილებები, ყურადღებას იპყრობს გარემოში არსებული რომელიმე დეტალი, სახასიათო ნიშანი. Სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე ვქმნით სამუშაო მიმართულებებს.  ზოგადად, ვფიქრობ, რომ უნდა ეტყობოდეს შენობას,  სად მდებარეობს, ერთი და იგივე შენობა არ უნდა დადგა, ვთქვათ, საქართველოში და სხვა ქვეყანაში. 

ბექა: ასევე  ვცდილობთ ისეთი კითხვები დავუსვათ დამკვეთს, რომ უკეთ ამოვიცნოთ მისი სურვილები, არა რაღაც მშრალად,  მაგალითად, რა რამდენი კვადრატული უნდა იყოს, არამედ გავიგოთ, როგორ ცხოვრობს, რა ჩვევები აქვს, რა ხედვა, მისი ბიოგრაფიაც გვაინტერესებს და ისიც, სად გაიზარდა, გვაინტერესებს მისი მეხსიერებაც. ეს ყველაფერი შემდეგ უკვე ბევრ რამეს გვკარნახობს. 

 

Roofing Memory

რა ახდენს თქვენს ნამუშევრებზე გავლენას?

კოტე: კერა იმიტომ დავარქვით ჩვენს სახელოსნოს, რომ ისტორიული კონტექსტი უფრო გვაინტერესებს, ვიდრე ურბანული, მიუხედავად იმისა, რომ ურბანულიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს შემოქმედებაზე ვფიქრობ, რომ გავლენას უფრო ახდენს ისტორია.

ბექა: მე არ გამოვყოფდი არც კონკრეტულ ავტორს და არც კონკრეტულ სტილს ან მიმდინარეობას, რაღაცები გვიყვარს, მოგვწონს და ვაფასებთ. ყველაზე ხშირი რეფერენსები გვაქვს არა კონკრეტული პროექტებიდან, არამედ ადგილობრივი ხალხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებიდან. 

 

Khada Hut 2.0

თქვენს კონცეფციებში ჭარბობს კოლაჟები, რატომ არ აკეთებთ რენდერებს?

ბექა: რენდერები გვგონია, რომ პროექტის ვიზუალური მხარის გამოხატვის ძალიან პირდაპირი მედიუმია, არ ტოვებს არანაირ სივრცეს ინტერპრეტაციისთვის. რენდერი არის ნამუშევრის წარდგენის საშუალება, პროექტის წარდგენაც ჩვენთვის სხვანაირ სიღრმეს მოითხოვს და გვირჩევნია კოლაჟების გამოყენება, რომლებიც უფრო მეტ ხასიათს იტევს. რეალისტური რენდერის მომზადების პროცესიც ძალიან შრომატევადია და იმ დონეზე გშთანთქავს, რომ აღარ გიტოვებს ადგილს, ის აჩვენო, რისი ჩვენებაც რეალურად გინდა, კოლაჟის კეთება ასევე ბევრად უფრო შემოქმედებითი პროცესია.

 

Niavi Spa&Wellness

მოგვიყევით მუზეუმის საკონკურსო პროექტზე იტალიაში 

კოტე: ეს კონკურსი იმიტომ ავარჩიეთ, რომ თემა იყო ძალიან საინტერესო. კონკურსი არ გულისხმობდა მოგებული პროექტის აშენებას, უფრო კონცეფციები განიხილებოდა. თემა იყო იტალიაში, არტესელაში, ალპებში გაკეთებული მუზეუმი  ღია ცის ქვეშ.  ესაა  ჯადოსნური ადგილი, სადაც ცნობილი არტისტების და არქიტექტორების  ნამუშევრებია. ორი წლის წინ ქარიშხალმა ეს ნამუშევრები გაანადგურა. კონკურსი გამოცხადდა შენობაზე, რომელიც ამ განადგურებულ ნამუშევრებს შეინახავდა და ასევე ექნებოდა სახელოსნოები არქიტექტორებისთვის. ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის ამ სტიქიასთან მუშაობა და  ქარის გამოყენება ჩვენს კონცეფციაში. Გამოვიყენეთ უძველესი ბერნძნული სიმებიანი საკრავის (“ეოლიუსის არფა”) იდეა, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე უკრავს ოდნავი ნიავის დროს. მუზეუმის გადახურვაზეც სიმები გავაბით, და როდესაც ქარი დაუბერავს, ეს სიმები ბგერას გამოცემენ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ნამუშევრებთან ქარი დაგვებრუნებინა, ოღონდ უფრო ლამაზი ფორმით და არა დესტრუქციულით. 

 

Museum of disappeared works

რა მიზნები აქვს თქვენს სახელოსნოს მომავალში?

კოტე: მგონია, რომ სახელოსნოში 10 კაცზე მეტი არასდროს არ გვეყოლება. ახლო მიზანი ის არის, რომ შემდეგი ჩვენი ინტერვიუ უკვე ჩვენს ოფისში იყოს,  მუდმივი სივრცე გავიჩინოთ. ვეცდებით, რომ მხოლოდ კომერციაზე ორიენტირებული პროექტები ავირიდოთ და საშუალება თუ მოგვეცა, ისეთ პროექტებზე გვინდა მომავალშიც მუშაობა, რომლებსაც სოციალური ან კულტურული შრე ექნება. ძალიან გვაინტერესებს ასევე სახელმწიფო პროექტები. 

ბექა: დღეს რა სიტუაციაც არის სახელმწიფო პროექტების კუთხით, გვგონია, რომ არაა კარგი მოდელი. სწორი იქნება, რომ შეიცვალოს და უფრო მეტი ფიქრი დაეთმოს ქვეყანაში არქიტექტურას. სახელმწიფო შეიძლება გახდეს ყველაზე კარგი დამკვეთი არქიტექტორისთვის, რადგან ამ შემთხვევაში არ არის ჩართული  კომერციული ინტერესი და სახელმწიფოსთან მუშაობა უნდა იყოს უფრო მეტი სარგებლის მომტანი გარემოსთვის და ადგილობრივებისთვის. არქიტექტორის როლი დღეს უფრო სერვისზეა ორიენტირებული, ვიდრე შემოქმედებით პროცესზე, თვითონ არქიტექტორებიც ასე ხედავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არქიტექტორი უფრო არტისტია და დამკვეთიც მასთან უნდა მიდიოდეს, იმიტომ, რომ მოსწონს და აფასებს მის შემოქმედებას. 

 

3-Room Guesthouse


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.