fbpx

სერ სერპასის – „სასტუმრო სახლი“ დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

ფოტო: ანგუს ლიდლი ბრაუნი

ავტორი: ელენე ფასური

“დუბლიკატი  წიგნისა – რომელიც წიგნი არ არის –  გამოფენაა  – რომელიც წიგნია”, – ჰყვება არტისტი ნენსი ლუპო ახალი გამოფენის შესახებ, გალერეაში LC Quisser, რომელიც დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა. “სასტუმრო სახლი” ამერიკელი არტისტის, აქტივისტისა და პოეტის, სერ სერპასის პირველი პერსონალური გამოფენაა თბილისში, სადაც მისი პოეტური კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა.

25 წლის არტისტი ლოს-ანჟელესში, Boyle Heigh-ში დაიბადა – რადიკალური მემარცხენე აქტივიზმის ისტორიულ  უბანში. სწორად ამან განაპირობა შემდგომში მისი აქტივისტად ჩამოყალიბება და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას სხვადასხვა თვითორგანიზებული კოლექტივების ფასილიტატორად მუშაობა. “არასდროს მიფიქრია, გავმხდარიყავი ხელოვანი, რადგან ჩემი პოლიტიკური განათლება მაძლევდა საფუძველს მეფიქრა, რომ ფერადკანიან არტისტებს მხარს არ უჭერდნენ და მათ ნამუშევრებს არავინ ყიდულობდა, ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკური მეცნიერებები და ეკონომიკა მესწავლა”, –  ვკითხულობთ მის ინტერვიუში Ravelin-თან. დღეს კი მისი ქუჩაში ნაპოვნი ობიექტებით შექმნილი ქანდაკებებით, ათლეტიკისა და პოეზიის ზღვარზე მყოფი პერფორმანსებით თუ ფერწერით, თანამედროვე ხელოვნების ყველაზე საინტერესო გალეერები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან.

სერის ბიოგრაფია უამრავ სოლო და ჯგუფურ გამოფენებს მოიცავს:

  • “Potential Indefinite Performance, This That and Now Again” (“განუსაზღვრელი პოტენციალის პერფორმანსი, ეს ის და ისევ ახლა”), მუზეუმი Hammer, ლოს-ანჟელესი, 2020;
  •   “Notes on Entropy” (“ჩანაწერები ენთროპიაზე”), გალერეა Arcadia Missa,  ლონდონი, 2020;
  •  “Two Take Red,” გალერეა Karma International, ციურიხი, 2020;
  •  “Against Attachment “(„მიჯაჭვულობის წინააღმდეგ“), გალერეა Ludlow 38, ნიუ-იორკი, 2019;
  • “What we need is another body, Truth and Consequences (“სხვა სხეული, სიმართლე და შედეგია, რაც გვჭირდება“) ჟენევა, 2019;
  • “Stars are Blind” („უსინათლო ვარსკვლავები“), გალერეა LC Queissier (“სიტარა აბუზარ-ღაზნავისთან ერთად”), თბილისი, 2019;
  • “you were created to be so young (self-harm and exercise) (“ შენ დაიბადე იმისთვის, რომ ასეთი ახალგაზრდა იყო – თვითდაზიანება და ვარჯიში“), გალერეა – LUMA Westbau, ციურიხი, 2018;
  • Bare Teeth, Queer Thoughts, („გაშიშვლებული კბილები, ქვიარ ფიქრები“), ბრი უილიამსთან ერთად, ნიუ-იორკი, 2018;
  • Dust Patterns (“მტვრის თარგები”), გალერეა – Current Projects, მაიამი,  2017. უახლესი ჯგუფური გამოფენები გამართა გალერეებში: Kevin Space, ვენა, 2020; Company, ნიუ-იორკი, 2019; შვეიცარული ინსტიტუტი, ნიუ-იორკი, 2018 ; Gavin Brown’s enterprise, ნიუ-იორკი, 2018 და Performance Space, ნიუ-იორკი, 2018.

LC Quisser-ში წარმოდგენილი სერის ნამუშევრები პანდემიის პერიოდში, თბილისში ყოფნის დროს დაასრულა, როდესაც ის აღნიშნული გალერეისა და სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას“ არტ-რეზიდენტი იყო. “სასტუმრო სახლის“ ფარგლებში ამავე დასახელების წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც გალერეასთან არსებული ახალი გამომცემლობის, „კონა წიგნების“ პირველი გამოცემაა. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდა სერ სერპასის ქართველ ფოტოგრაფთან, გიორგი ყოლბაიასთან კოლაბორაციის შედეგია. არტისტის წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრები სერიულ ხასიათს ატარებს და ფურცელზე თამაშს, წერის მცდელობებს გვაჩვენებს. ექსპოზიცია „ლექსებს“ გვაკითხებს, ტექსტის ამოთქმის პროცესს, ზოგჯერ 25 ფურცელზე გადაწერილს, თავად სიბრტყესთან თამაშს, მერე შეწყვეტას, მიბრუნებასა და კვლავ წერის მცდელობებს წარმოგვიდგენს. ამავდროულად, სერპასის ლექსების კრებულიც სწორედ ორ ყდაში მოქცეული გამოფენის შინაარსობრივი დუპლიკატია.

„სასტუმრო სახლი“ ერთგვარი ენის პრაქტიკაა, ვარჯიში – სერ სერპასის ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომელსაც ის ხშირად უბრუნდება:  საკუთარ თავთან რეფლექსირება, ტრენაჟი და საკუთარ მეტყველებაზე, თვითგამოხატვაზე მსჯელობა. იქნება ეს საკუთარი Selfie ფოტოები, რომლებიც ფერწერად იქცა, საკუთარი სხეულის ლიმიტების ძებნა თუ პანდემიისას საკუთარი თავისა და უსხეულო კომუნიკაციის ამარა დარჩენილი სიტყვების ძებნა. სწორედ ამ ერთიან პრაქტიკას გულისხმობს არტისტი ნენსი ლუპო, როდესაც გამოფენის პრესრელიზში სიტყვებით თამაშობს: “გამოფენა-წიგნი-გამოფენა“.  „შენ გრძნობ ავტორის ხელწერას, მაგრამ ვერ არჩევ სიტყვებს, გამშრალი ნამუშევრებიც კი სველია, სამეტყველო ენა – დამდნარი, ბუნდოვანი და შეწყვეტილი პროცესია, ხოლო მათი წაუკითხაობა და განურჩევლობა ართმევს მათ ლექსის სტატუსს“.

გარდა იმისა,  რომ სერპასი ბევრ სხვადასხვა მედიუმში საუბრობს, მისი ფერწერა ხშირად იცვლის ჟანრსა და ტექნიკას, „სასტუმრო სახლი“ ძირითადად ქაღალდითა და აკვარელით აიგო, როგორც ნენსი ლუპო ამბობს: „იოდის, ღვინის, ბადრიჯნისფერი და შავი მელნის პალიტრით, რომლებიც ძველ, ჯერ კიდევ გამოუმშრალ დროს ეხმიანებიან, სადაც გამოუმშრალი მელნის ერა ჯერ კიდევ ვერ ხედავდა, როგორ ჩანაცვლდებოდა „გამომშრალი“ თანამედროვეობით, ელექტრონული რეალობითა და მისი საეჭვო სასწაულებით, რომელიც არტისტის მუშაობისას დროებით გაჩერდა“.

გამოფენა შაბათს, 3 საათზე გაიხსნა წინამძღვრიშვილის 49-ში. მასზე დასწრება წინასწარი ჩაწერითაა შესაძლებელი ლინკზე.

ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის არტისტსა და გალერეას LC Queisser, თბილისი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.