Fungus – ქართული ქვიარ ხელოვნება, რომელიც ტოქსიკურ სოციალურ ნორმებს არღვევს
ავტორი: Portia Kentish
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში შექმნილი ქვიარ არტ-პროექტი “Fungus” საქართველოს კულტურული სცენის ბნელ და ნაკლებად წარმოჩენილ კუთხეებში ამოიზარდა. ახლა ისინი თანდათან სიბნელიდან სინათლეში გადადიან – სააშკარაოზე გამოაქვთ ბრწყინვალე ხელოვნება, რომელიც რეალურ სოციალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული.
თბილისში მოქმედი ქვიარ არტ-გაერთიანება “Fungus” მტრულად განწყობილი გარემოს ფონზე ვითარდება. თამამი ხელოვნების დახმარებით 20-კაციანი ჯგუფი ქვიარ ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო ადგილს ქმნის საზოგადოებაში, რომელიც მათ მარგინალიზაციას ცდილობს. “სოკო ნესტიან და ბნელ ადგილებში იზრდება, – ნათქვამია ჯგუფის მანიფესტში, – ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოსფეროს ეკოლოგიაში. ნებისმიერი ორგანული ნივთიერების დაშლით ის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ზუსტად ასე მიმდინარეობს კონტრკულტურის აყვავება”.
“Fungus”-ის შექმნის ინსპირაცია მიწისქვეშეთში, თბილისის გეი-ტექნო სცენაზე გაჩნდა. კლუბები “ბასიანი” და “ხიდი” უკვე დიდი ხანია არტისტებს ჰომოფობიითა და შეუწყნარებლობით გაჟღენთილ საზოგადოებაში უსაფრთხო სივრცეებს სთავაზობენ.
უტა ბექაიას, მულტიმედია არტისტს, რომელიც ერთდროულად ნიუ-იორკსა და თბილისში მოღვაწეობს, სურდა, რომ ეს უსაფრთხო სივრცე უფრო ხელმისაწვდომ არტისტულ გარემოდ გადაექცია. დავით აფაქიძესთან, მარიკო ჭანტურიასთან, K.O.I-სა და ლევან მინდიაშვილთან ერთად, ბექაიამ პირველად “Fungus” თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ქვიარ არტ-შოუს მოსაწყობად ჩამოაყალიბა.
Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მათი გეგმების შეჩერებას მოასწავებდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ერთჯერადი გამოფენის ნაცვლად, “Fungus” კოლექტიურ მოძრაობად იქცა, რომელშიც ინდივიდუალურობით შეკრული და გაბედული იდეების მქონე ხელოვანები გაერთიანდნენ. “ის გახდა მკვეთრად მემარცხენე ლიბერალური ბაზა, რომელშიც ადამიანებს საკუთარი თავისა და იდეების გამოხატვა ხელოვნების სხვადასხვა საშუალებებით სურდათ. აქ არიან არა მხოლოდ ვიზუალური არტისტები, არამედ მწერლები, მუსიკოსები და ყველა ის ადამიანი, ვისაც საკუთარი თავის გამოხატვა და ექსპერიმენტი სურს. ისინი ამ გარემოში თავს მარტოდ არ გრძნობენ: მათ აქ მხარს უჭერენ და არ სჭირდებათ დამალვა”, – ამბობს ბექაია.
ამ მხრივ “Fungus” რევოლუციურ როლს ასრულებს. ამჟამად საქართველო ამ კულტურასთან ზიარების შუა გზაზეა. საბჭოთა ოკუპაციიდან 30 წლის გასვლის შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა ცდილობს იპოვოს თავისი იდენტობა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა პერიოდის რუსიფიკაცია აფერხებდა. ახლა ქვეყანა სუფთა ტილოს წინაშე დგას, რომელიც ექსპერიმენტებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს. სადავეების ხელში ჩასაგდებად საზოგადოების ორი ნაწილი იბრძვის: ისინი, ვინც კონსერვატიულ ღირებულებებს ემხრობიან, ტრადიციებით ხელმძღვანელობენ და უფრო ლიბერალური, რევოლუციური ახალგაზრდობა. ეს კონტექსტი “Fungus-ს” უბრალო მხატვრულ ექსპერიმენტზე უფრო დიდ კულტურულ ღირებულებას ანიჭებს. საქართველოს კულტურული ფორმირების ამ ეტაპზე ქვიარ, ფემინისტურ და ანტიკაპიტალისტურ ქმედებებში მონაწილეობა საბოლოო ჯამში იმის გარკვევას ნიშნავს, თუ როგორი იქნება მომავალში მარგინალური ჯგუფებისთვის საქართველო.
ამჟამად საქართველოში ქვიარ ადამიანები საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. საკანონმდებლო დონეზე საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია LGBTQ+-ის დასაცავად, თუმცა ქვეყანაში ჰომოფობიური ძალადობა და სიძულვილის ენა ჩვეულებრივი მოვლენაა. ILGA- ს მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტი გრძნობს, რომ LGBTQ+ უფლებები მნიშვნელოვანია.
“Fungus”-ის გამოჩენამდე საქართველოში ლგბტ თემს მხარდაჭერას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხადებდნენ. LGBTQ+ ამბებს თავად ქვიარ ქართველები იშვიათად ჰყვებოდნენ . “ცარიელი ადგილი იყო, – ამბობს ბექაია, – ქვიარ საზოგადოება ძალიან…” ამ დროს მისი ხმის ტემბრი დაბლდება და ბოლოს აგრძელებს: “საქართველოში ძნელია იყო ქვიარი”.
ახლა “Fungus” ხელოვნებისა და დამხმარე საზოგადოების შექმნით მტკიცედ ეწინააღმდეგება საზღვრებს, რომლებიც მათ ზღუდავს. “ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ საკუთარ თავს. ჯგუფში პანკები არიან, ანარქისტები. მათ არ სჭირდებათ დახმარება იმ ადამიანისგან, რომელიც რაიმე ფორმით კაპიტალისტია”, – ამბობს ბექაია.
“Fungus-ის” არტისტები და მათი ხელოვნება საზოგადოების ჩარჩოებში არ თავსდება და მათ ფუტურისტული და ზოგჯერ სატირული გენიით ცვლის.
ამჟამად, გაერთიანება პროვოკაციული თემების კვლევისათვის და პირადი გამოცდილების დასაფიქსირებლად ინსტაგრამის გვერდს იყენებს. მაგალითად, შიმშილის თემის ფარგლებში ფოტოგრაფმა დათო ქორიძემ გადაიღო კაცი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, რაც ასახავდა საზოგადოების სიღარიბისადმი გულგრილობას მაშინ, როდესაც მწერალმა ანა ნიკოლაძემ გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება კვებით აშლილობასთან დაკავშირებით. ამ არტისტებისთვის ტაბუირებული თემებისთვის სულის ჩაბერვა განკურნებასა და ემოციური ტვირთის გააზრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ჯგუფი ასევე ამაყობს კონცეპტუალური შეუპოვრობით. ანდრო დადიანის პროექტი ამის საუკეთესო მაგალითია: ლევან მამალაძისა და კ.ო.ი.-ს მიერ გადაღებული ნამუშევრები ფუტურისტული სიურეალიზმით და საშემსრულებლო გაბედულობით ყოველდღიური ბანალურობის საზღვრებს არღვევს. ანალოგიურად, GOD ERA ხელოვნური მასალების გამოყენებით მოდერნიზმის საზღვრებს სცდება. ამასთან ერთად დადიანისა და სოფრომაძის ნამუშევრები მნახველებს თვითრწმენით ავსებს. ნამუშევრებში გადმოცემულია გარკვეული ძალა, რომელიც უფრო ღრმაა, ვიდრე ესთეტიკური განსხვავება.
კიდევ ერთი საოცარი ნამუშევარი ლაშა ყაბანაშვილმა შექმნა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების საკრალიზაციას მზარდ სეკულარულ და კაპიტალისტურ სამყაროში ვანიტასის კონცეფციით იკვლევს. ყაბანაშვილი თავისი ინსტალაციის საშუალებით აკრიტიკებს მონოპოლიას, რომლის საშუალებითაც მეცნიერება ადგენს, თუ რა არის ჭეშმარიტება თანამედროვე სამყაროში. “ღმერთი მკვდარია, დრო წრფივი და პროფანული, სიკვდილი კი გაგებულია როგორც საკითხის დასასრული, – წერს ის. – ღმერთის სიმბოლური სიკვდილის შემდეგ, კაპიტალიზმის დისკურსი მკვდრეთით აღადგენს/აცოცხლებს მას, რეალობისა და გამოცდილების რესაკრალიზაციას ახდენს და მითის ფუნქციას ინარჩუნებს.” ყაბანაშვილი ამას თავისი პროექტის დუალიზით გამოხატავს: ერთი მხარე გასართობი კულტურის რიტუალებს წარმოადგენს, მეორე კი ტრანსცენდენტალურის მანიფესტაციაა. ორივე მხარე მძვინვარებს და ღელავს.
ამ სახის შემოქმედებამ შექმნა საფუძველი მათი პირველი გამოფენისთვის, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ალტერნატიულ, ბნელ და დიდ კოკა-კოლის ყოფილ ქარხანაში ჩატარდა. თუმცა ჯგუფმა კარგად იცოდა, რომ ექსპოზიციას სიძულვილი მოჰყვებოდა.
2019 წლის ბოლოს ქართულმა კონსერვატიულმა ჯგუფებმა პირველი LGBTQ + ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების დროს საპროტესტო გამოსვლები გამართეს და პრაიდის დროშები დაწვეს. “Fungus”-ის მრავალმა წევრმა ჰომოფობიური ძალადობა და შევიწროება იმ ჯგუფების მხრიდან განიცადა, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგებიან.
”ჩვენ ნამდვილად მზად ვართ საპასუხო რეაქციისთვის, – ამბობს ბექაია. მაგრამ გვინდა, ამ ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ეს ასე თუ ისე უნდა მოხდეს და აუცილებელია, რომ მოხდეს. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ეს არტისტები პიონერები იქნებიან, გარკვეულწილად შეცვლის ისტორიას. განცდა იმისა, რომ სინამდვილეში რაღაც უფრო დიდი პროცესის ნაწილი ხარ, უფრო აღმატებულია, ვიდრე შენი შიში. ჩვენ ვიცით, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, გასაკეთებელია და თუ ეს გარკვეულ მომენტში მაინც უნდა მოხდეს, რატომ ახლა არა?”
მრავალი თვალსაზრისით, “Fungus”, როგორც რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფი თბილისის მუდმივი აღმავლობისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. ჯგუფის კურატორები ონლაინპლატფორმების დახმარებით ცდილობენ გაავრცელონ გზავნილი ქვიარ არტისტებისთვის ისეთ ქვეყნებში. როგორებიცაა: რუსეთი, უკრაინა და სომხეთი. ეს პროცესი რეგიონში ქვიარ აქტივისტებს ხელს შეეწყობს, რომ ჰქონდეთ არა მხოლოდ უსაფრთხო სივრცე, არამედ სივრცე, სადაც ისინი განვითარდებიან.
“Fungus-ის” მანიფესტში ნათქვამია, რომ ისინი “იკვებებიან და იზრდებიან შხამით”, მაგრამ ერთიანობა, რომელიც მათ აღმოაჩინეს გასაჭირის ფონზე, ის ადგილია, სადაც სოკო ნამდვილად ხარობს. ისინი, ვინც სიძულვილის მსხვერპლნი არიან, ერთიანდებიან და ეს კავშირი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი დრომოჭმული ნორმა. როგორც მათი მანიფესტი ასკვნის: “ჩვენ ყველა ერთ სოკოზე ვართ დამყნობილი, რომლის ამოცანაა გაანადგუროს მიღებული სოციალური კონსტრუქტი, რომელიც, როგორც ჩანს, მყარად დგას, მაგრამ სინამდვილეში შიგნიდან ლპება”.
ორიგინალი: https://www.calvertjournal.com/