fbpx

მიხეილ ოჰანჯანოვი – სოლოლაკის ბურჟუაზიული არქიტექტურა – სახელმწიფო ბანკის შენობა


გააზიარე სტატია

ავტორი: დათო კოროშინაძე
ფოტოს ავტორი: დიმიტრი ერმაკოვი
ილუსტრაციები: ნინო საკანდელიძე

 

თბილისური არქიტექტურის აღმავლობის ეპოქა, არსებითად, 50-წლიან პერიოდს მოიცავს, რომელიც სახელმწიფოს ეტაპობრივი აღმავლობასაც ემთხვევა. ამაზე მიუთითებს, პირველ რიგში ის, რომ კერძო, საჯარო და სახელმწიფო დანიშნულების შენობები თანაბარმნიშვნელოვნადაა აღქმული ადგილობრივი არქიტექტორების მიერ. 

თბილისელი არქიტექტორები კერძო ან საჯარო სივრცეებზე ისეთივე წარმატებით მუშაობენ, როგორც თეატრებზე, ბანკებზე, ქარხნებზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი, იმაზე მეტყველებს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მომხდარი ურბანული ცვლილებების უკან ძლიერი სოციალური იმპულსები და რეალიზაციის დიდი მოთხოვნილება იდგა. 

კერძო და საჯარო შენობების ერთმნიშვნელოვანებაზე უშუალოდ არქიტექტურის განთავსებაც მეტყველებს, ხშირად სახელმწიფო დონის შენობა გვხვდება საცხოვრებელი სახლების გარემოცვაში, რომელშიც ის არც მოცულობით და არც ტონით არ აღემატება საერთო ურბანულ ატმოსფეროს და თბილისურ დინებაში, ადგილობრივ რიტმში და დინამიკაშია ჩაკერებული.

დროთა განმავლობაში ძველმა შენობებმა ახალი ფუნქციები შეიძინეს, ზოგმა კი საერთოდ დაკარგა ფუნქცია და დღესაც ეძებს  ახალ ცხოვრებას, ახალ შინაარსს თუ კონტექსტს. ერთ-ერთი ასეთი სივრცე, რომელმაც რადიკალურად შეიცვალა დანიშნულება,  რ.გოლენიშჩევის თანაავტორობით, ოჰანჯანოვის მიერ შექმნილი დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსია. შენობა 1907-1910 წლებში აიგო, როგორც სახელმწიფო ბანკის სახაზინო სივრცე, ხოლო 1987 წელს ის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. იქ, სადაც ერთ დროს მონეტარული გაცვლის ცენტრი იყო, ახლა ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის  სივრცე გაჩნდა, ფულისა და ფასიანი ქაღალდების ნაცვლად კი, ეს სივრცე წიგნებმა დაიკავა. 

შთამბეჭდავია, რომ უწინ ფინანსური ოპერაციებისთვის შექმნილი არქიტექტურა ისე ირგებს ბიბლიოთეკის დატვირთვას, თითქოს თავიდანვე ასე ყოფილიყო ჩაფიქრებული. შენობას მოდერნული სტილის უკიდურესად დელიკატური და დაბალანსებული ფასადი აქვს. ამ ფასადში გადამწყვეტ როლს თამაშობს უშუალოდ ქვასთან დამოკიდებულება და დეკორები, რომლებიც თხელი გეომეტრიული ფენების მონაცვლეობითაა გამოყვანილი. 

ერთი შეხედვით ერთგვაროვანი ფორმა მიახლოებისას უამრავ დეტალს ამჟღავნებს, რომელიც არტ დეკოს და ბაროკოს აქცენტების სახით ფრთხილადაა  ფასადის გარდამტეხ მომენტებში გამოყვანილი (როგორებიცაა: ცენტრალური ნაწილი, კაპელები, სართულებს შორის დაშორებები, თაღები, ან ფანჯრის ღიობები). 

შენობა გამოირჩევა ფერითაც და იმითაც, რომ არქიტექტორების ჩანაფიქრი ერთ ტონში შესრულებული მინიმალისტური დეკორების საშუალებით მაქსიმალურად გამოკვეთილი ხასიათის მიღწევაა. ამ ხასიათში უკვე აღარ იგრძნობა კლასიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ავტორის ხელი ან ორნამენტის სიმძიმე. არტ-დეკოს ნიუანსები – ფრონტონები, თაღები და სვეტები, მინიმალისტურად დაღარული ქვები – ქმნის მოდერნისტულ ობიექტს, რომელიც პროგრესის იდეით – მანქანური წარმოების და ახალი ეპოქის ნიშნებით იგება. 

უწინ შენობაში წამყვანი როლის მქონე ორნამენტები გათანაბრებულია გეომეტრიულ-მინიმალისტურ ფორმებთან, კაპიტლები და მათთან მყოფი ჰორელიეფური გამოსახულება შენობის მთლიან აურაშია ჩაკერებული, რითაც არქიტექტორი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არა მხოლოდ მოდერნული სტილის, არამედ ტრადიციის და ინოვაციის თბილისური მოთხოვნილებების ცოდნას.

რა არის ეს მოთხოვნილებები, რომლებსაც ურბანული სივრცე უყენებს ადგილობრივ არქიტექტურას? რით განსხვავდება ის პარიზული, ვენური, ან სულაც მადრიდული მოდერნული სტილისგან? პირველ რიგში, ეს არის ფორმის მოცულობის მინიმალისტური აღქმა, რასაც ხშირად ვხვდებით ქართულ ხელოვნებაში და რაც არქიტექტურის უფრო მეტად ჰორიზონტალური ფორმების განვითარებას აძლევს დასაბამს, ვიდრე ეკონომიკაზე მორგებული ვერტიკალების. ასეთი ფორმა თავისი შინაარსით ღრმად კულტურულია და დეკორატიულ-პლასტიკური ამოცანების გადაჭრას უფრო მეტ დროს და ენერგიას უთმობს, ვიდრე უტილიტარულ მნიშვნელობებს. 

ზოგადად, თბილისის ორივე წამყვან ნაწილში, სოლოლაკის და ნოი-ტიფლისის ურბანულ განაშენიანებაში, იგრძნობა გამოწვევა შემოქმედებით და უტილიტარულ ელემენტებს შორის. ოჰანჯანოვისთვისაც, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობს, კარგადაა ცნობილი ეს პრობლემა და მისი შენობები ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ნიმუშებსაც წარმოადგენენ. მეორე, ეს არის გარკვეული მგრძნობელობა, რომელსაც ადგილობრივი არქიტექტურა ინარჩუნებს შუა საუკუნეებთან მიმართებაში. 

არტ ნუვოც და არტ დეკოც ღრმად იჭრებიან ტრადიციულ არქიტექტონიკაში, სრულიად გარდაქმნიან მის ფასადს, ორნამენტებს და რელიეფებს მდიდრული და სანახაობრივი ფორმების კასკადით ანაცვლებენ. არტ დეკო, როგორც სიმბოლური ჟესტი პროგრესის, სიმდიდრის და განვითარების სიმბოლოდაც იქცა. შედეგად, ეს ყველაფერი ვირტუოზულ, ან თეატრალიზირებულ ფორმასაც იღებს და ჭარბი მოკაზმულობით, დეტალების ბურჟუაზიული ფეიერვერკით გვირგვინდება. 

თბილისური მოდერნი, მათ შორის ოჰანჯანოვის ექსპერიმენტები ქვასთან დელიკატურ მიდგომას ამჟღავნებენ. არქიტექტორი ტოვებს მხოლოდ იმ ძირითად აქცენტებს, რომლებიც საკმარისია შენობის მთავარი პლასტიკური ამოცანის გამოსახატავად. ასეთი ფორმა უფრო მეტად ნარატიულია, მომართულია თხრობისა და გაზიარებისკენ და არა საკუთარი თავის, ან კლასის მანიფესტაციისკენ. ეს ზომიერება იმ იშვიათ ექსპერიმენტებს ქმნის, რომლებიც საშუალებას იძლევიან ძველი და ახალი არქიტექტურული ელემენტები ერთ სივრცეში განთავსდნენ და ამავდროულად, აგრძელებენ ქვის ისტორიას, რამდენადაც ქვას ჩვენთვის, ჯერ კიდევ ადრეული დროიდან მოყოლებული, გადამწყვეტი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. 

ოჰანჯანოვის ნამუშევრებში ქვა იღებს მოდერნული გამტარის მნიშვნელობას. კედლების და სვეტების დათხელება, დეტალების დელიკატური გეომეტრია, შენობის არქიტექტონიკის პრინციპული და მკაცრი გადაწყვეტა, სადად გამოკვეთილი ფანჯრები (რომლებიც ხშირად დიდ ადგილს იკავებს მის ფასადებში), ქვის ახლებურ ისტორიას ქმნიან, რომელშიც ის ურბანული გამტარი ხდება.

დღეს, დაუძლეველი კომერციული ინტერესების პირობებში, ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობა გაქრობას იწყებს. შენობები მანამ ქრებიან, სანამ მათ კონსერვაციას, ან რესტავრაციას მოვასწრებდეთ. ქრება მათი ისტორია, მათი კონტექსტი, მათი ავტორების სახელები და მიზნები. თუმცა ამ გაქრობას თან ახლავს უცნაური იდუმალებაც. ყოველი ასეთი გამქრალი შენობა დროის პორტალს აჩენს, რომლიდანაც პარალელურ განზომილებაში ვხვდებით, ქალაქის უხილავ თხრობაში, სადაც ხელახლა აღმოვაჩენთ იმ დინებებს, რომლებიც ალტერნატიულ ისტორიებს გვთავაზობენ ჩვენზე, მოგზაურობაზე, სხვასთან გადაწყდომაზე, მოუხილველ თავგადასავლებზე. 

ოჰანჯანოვის არქიტექტურაც ასე, არტ ნუვოს და არტ დეკოს სამკაულებში გახვეული, ოცნებობს ფუტურისტულ ქალაქებზე, მატარებლებით, ავტომობილებით და ინფორმაციით დასერილ საკომუნიკაციო არხებზე – უკეთეს ყოფაზე, რომელიც თბილისის ქუჩებში ხეტიალისას წამიერად იჭრება ჩვენს განწყობაში და ქრება. იქნებ სწორედ ეს წამიერი განცდები, ეს მომენტალური მიზიდულობები, ჯერ არდამდგარი მომავლის კოდები მინიშნებები და გასაღებებია? იქნებ მათი საშუალებით შესაძლებელია სრულიად სხვა, უნიკალური რეალობების წარმოდგენა? 

მანამ კი, სანამ ამ და სხვა კითხვებზე ვფიქრობთ, თვალს ვადევნებთ თბილისის ურბანული ისტორიის გაქრობას. რაც უფრო ქრება მისი კონტექსტი, მით უფრო ფართოვდება მისი იდუმალი საბურველი, მისი უხილავი ბუნება და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს, როდესაც ძველი ქალაქი სრულად გაქრება ახლის მიღმა, ამ პორტალებმა სრული ენიგმურობა შეიძინონ? კრისტალური ნათება, რომელიც მომენტალურად გაგვიყვანს ქალაქის დინებიდან უსივრცო და უდროო სამყაროში, ფორმების და ძიებების ფესტივალში – თავგადასავალში, რომელიც თავის თავში ასეულობით სამყაროს მოიცავს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.