fbpx

როგორ არ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სოფია ცინცაძე

 

პანდემიამ ჩვენს საზოგადოებაში  დიდი ხნის წინ გაჩენილი ნაპრალები გამოააშკარავა და შეუძლებელი გახადა მათთვის თვალი აგვერიდებინა, დაგვაპირისპირა რაღაც ძალიან უსიამოვნოსთან – ჩვენ ყველანი ერთნაირ რეალობაში არ ვიყავით და სამყარო კვლავ საშინლად არათანაბარი იყო. თუმცა, 2020 წელს მიღებული ახალი გამოცდილებები უნდა გამოვიყენოთ, რათა შევქმნათ უკეთესი სამყარო და არ დავუბრუნდეთ ჩვენს წარსულ, „ნორმალურ“ ცხოვრებას.

გავიცანით საკუთარი თავი და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები

სანამ პანდემია ჩვენი ყოველდღიურობის ყველაზე პატარა დეტალებშიც კი შეძვრებოდა და ძირფესვიანად შეცვლიდა მას, ცხოვრება თითქმის შეუმჩნევლად მიდიოდა. განუწყვეტლივ ვცდილობდით, თავი შეგვექცია ინფორმაციის უწყვეტი ნაკადით სოციალური ქსელებიდან, მუდამ გარემოცული ვიყავით სამსახურებრივი რუტინით და ფრაზას – „ძალიან დაკავებული ვარ, სულ სამსახურში ვარ“ მთელი სიამაყით გამოვთქვამდით, როცა მეგობრები გვეკითხებოდნენ – „როგორ ხარ?“.

მერე კი სამყარო გაჩერდა და ეს ყველაფერი უცაბედად გაქრა – გვაიძულა ცხოვრებაში ერთხელ მაინც საკუთარ თავთან პირისპირ, ერთი-ერთზე დავრჩენილიყავით და, ბოლოს და ბოლოს, ახლოდან გაგვეცნო ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობდით.

ვისწავლეთ პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაწყვეტა

თანამედროვე ჰიპერკაპიტალისტური სამყარო გვაიძულებს, ვიფიქროთ და ვიცხოვროთ ინდივიდუალურად, თუმცა ადამიანებისთვის კოლექტიური ცხოვრების სურვილი ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი მახასიათებელია. გასულ წელს ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი ადამიანები, უკეთესად გავიცანით ჩვენი მეზობლები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავაზიანად ვუქნევდით თავს ყოველ დილით (ან საერთოდაც უარვყოფდით მათ არსებობას). სიმარტოვეში უმი, ნამდვილი, სპონტანური ურთიერთობების ღირებულება აღმოვაჩინეთ.

მუდამ მზად ვიყავით დახმარებისთვის და ჩვენც ვითხოვდით დახმარებას სხვებისგან.

აღმოვაჩინეთ ინტერნეტის პროდუქტიული მხარე

ინტერნეტი გარე სამყაროსთან თითქმის ერთადერთ კავშირად გადაიქცა – ყველაფერმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თუ სავარჯიშო დარბაზებმა – ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. მართალია, უმეტესი ჩვენგანისთვის ეს არცთუ ისე სასიამოვნო გარდატეხა იყო, მაგრამ პანდემიამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია, ყველაფერი ვაკეთოთ სახლიდან გაუსვლელად, თუკი კარგი ინტერნეტი გვაქვს.

დროის წინააღმდეგ ბრძოლაში შევქმენით გადარჩენისთვის აუცილებელი ვაქცინა

და ეს მართლაც რეკორდულ დროში მოვახერხეთ.

მთელ ამ ქაოსში მაინც მოვახერხეთ სიამოვნებისა და სიხარულის პოვნა

ვისწავლეთ გემრიელი კერძების კეთება, ვუყურეთ ფილმებს, რომელთა ნახვასაც დიდხანს  ვგეგმავდით, გვეძინა იმდენი, რამდენიც გვინდოდა, უხსოვარ დროში ენთუზიაზმით შეძენილი წიგნები თაროებიდან გადმოვალაგეთ და კითხვას შევუდექით, შევქმენით უამრავი მიმი, ვიცინეთ, ვიცეკვეთ, აღმოვაჩინეთ ახალი შესაძლებლობები,  ახალი ჰობი და დროებით ულევი თავისუფალი დროის მორევში გადავეშვით.

უსამართლობამ მოგვცა ძალა, გვემოქმედა

2020 წელს ბევრი რამ მოხდა ისეთი, რამაც ძალიან გაგვაბრაზა, კერძოდ, ვირუსული პანდემიის ფონზე საგრძნობლად გაძლიერდა ინსტიტუციური რასიზმი და კლასიზმი. მთელი ინდუსტრია და ეკონომიკა ერთ ღამეში დაინგრა. გავაცნობიერეთ, თუ რამდენად ცოტა საზოგადოებრივი სივრცეა მათთვის, ვის სახლებსაც ეზოები არ აქვს. მოვაწერეთ ხელი უამრავ პეტიციას, მოვაწყვეთ საპროტესტო აქციები და პირველად, ბევრმა ჩვენგანმა დაიწყო ცხოვრება საკუთარი თავისა და ინტერესების გარეთ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს ენერგია 2021 წელს, რადგანაც ამ პრობლემების უმეტესობა დღესაც აქტუალურია და ბრძოლა კვლავ საჭიროა, ვინაიდან ჯადოსნური ვაქცინა მათ ვერ გააქრობს.

რა თქმა უნდა, 2020 წელი საკმაოდ შორს იყო სრულყოფილებისგან, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის დახმარებით პროგრესის მიღწევა დავიწყეთ. ასე რომ, 2021 წელს, როდესაც ჩვენი ცხოვრება კვლავ გადატვირთული გახდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აღარ ჩავიკეტოთ საკუთარი რუტინის ნაჭუჭებში, რადგანაც მხოლოდ ერთად შეგვიძლია, გავუმკლავდეთ კლიმატურ და გლობალურ კრიზისებს.

ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ დავუბრუნდეთ ”ნორმალურ“ ცხოვრებას, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, დავუბრუნდებით იგივე ჭაობს, სანამ ამის გაცნობიერებას მოვასწრებთ.

გასულმა წელმა მოგვცა საშუალება დაგვეწყო მოქმედება ცვლილებებისთვის და გვეცხოვრა იმაზე უკეთესად, ვიდრე აქამდე.

 

ორიგინალი: https://www.itsnicethat.com/  

Artworks by David Shrigley


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.