fbpx

ჯანმრთელობის გზამკვლევი კრეატიული ადამიანებისთვის


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სოფია ცინცაძე

 

შინაგანი “პეიზაჟების” გამოხატვა ძალიან ბევრ სასიცოცხლო ენერგიას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, ბევრი ხელოვანი ამჯობინებს ყველაფრისგან მოწყვეტილმა, სახელოსნოში საათობით გამოკეტილმა გაატაროს  დრო. 

ამავდროულად, დღევანდელ არტისტებს მოეთხოვებათ აკეთონ ყველაფერი და იყვნენ ყველგან, რათა არ ჩამორჩნენ ჩვენს სწრაფმავალ თანამედროვეობას. მთელ ამ ორომტრიალში კი, ჰარმონიისა და ბალანსის პოვნა, ცხადია, საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. 

უწყვეტმა ინფორმაციის ნაკადმა და ზეწოლამ ხელოვანებსა და ზოგადად, ადამიანებზე, იყვნენ მუდმივად პროდუქტიულნი და კრეატიულნი, შესაძლოა, არცთუ  სახარბიელო გავლენა იქონიოს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

სინამდვილეში, ამ ბალანსის პოვნა არც ისე რთულია. მთავარია, ის ფიქრები გამოვკვებოთ, რომლებიც სიმშვიდით, ჰარმონიით და სიხარულითაა სავსე და კარგად მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს, რომელმაც გაცილებით უკეთ იცის, როგორ დაგვეხმაროს და შესაბამისად, დაეხმაროს საკუთარ თავს. 

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ერთიორად გაგიმარტივებთ ცხოვრებას და თქვენს სამუშაო პროცესს ახალ სიცოცხლეს შესძენს: 

 

  • შენ ის ხარ, რასაც ჭამ

სხეული და გონება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. როდესაც ჩვენი შინაგანი ორგანოები სტრესის ზეგავლენის ქვეშაა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ენერგიაზე, კონცენტრაციასა და განწყობაზე. საკვები ჩვენი სხეულის მთავარი საშენი მასალაა. 

შეეცადე, მიიღო მაქსიმალურად ცოცხალი და გლუკოზით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, რათა ტვინს მიეწოდოს საკმარისი ენერგია შემოქმედებითი და სტაბილური სამუშაო დღისათვის. დატვირთე რაციონი გოგრით, ფოთლოვანი მწვანილებით, ისპანახით, კომბოსტოთი, ჩირეულით, ბანანით, მანგოთი, ლეღვით, კენკრით, გარგარით, ყურძნით ან ვაშლით. 

არ დაიშურო სანელებლები და ცოცხალი მწვანილები. ხშირად მიირთვით თაფლი. ეცადე, შეამცირო ცხიმები და რთული ნახშირწყლები და დააკვირდე, როგორ მოქმედებს ეს შენს ენერგიაზე და კეთილდღეობის ზოგად განცდაზე.

 

  • ივარჯიშე რეგულარულად

ათიათასობით წლის განმავლობაში „fight or flight” სტრესულმა რეაქციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენს გადარჩენაში. ამ დროს კუნთებს სწრაფად მიეწოდებოდა ბევრი ენერგია, რათა საფრთხეს გავქცეოდით. დღესდღეობით ჩვენი სტრესის დონე (და ზოგადად, საფრთხის შეგრძნება) იმაზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა, თუმცა ამ შეგრძნებას ფიზიკური რეაქცია თითქმის არასდროს ახლავს თან. შედეგად, მთელი ეს მზა ენერგია იჭედება ჩვენს კუნთებსა და ქსოვილებში, რაც იწვევს შინაგან დაძაბულობას და საბოლოოდ დაავადებებსაც.

ეცადე, ივარჯიშო, იმოძრაო, გაიწელო, როცა დრო გექნება. მოქნილი სხეული ნიშნავს მოქნილ გონებას. იოგები აკეთებენ ასანებს და ყოველ დილით ესალმებიან მზეს, რათა შემდგომ თავისუფალი გონებით და მსუბუქი სხეულით დიდი ხნის განმავლობაში შეძლონ მედიტაცია. ანალოგიურად, ლოგიკურია, სანამ ხანგრძლივ სამუშაო პროცესს შეუდგები, ივარჯიშო და გაწმინდო სხეული ზედმეტი ფიზიკური ენერგიისგან. 

 

  • მოუსმინე შენს სხეულს

პირველ რიგში, სანამ რამის შეცვლას გადაწყვეტ, უნდა შეამჩნიო, რა გაწუხებს. შეეცადე, კარგად მოუსმინო ხოლმე შენს თავს, თუნდაც ეს ნიშნავდეს  ტელეფონზე შეხსენებების დაყენებას. ჰკითხე საკუთარ თავს დღეში რამდენჯერმე: „როგორ ვარ? რა უნდა გავაკეთო, რომ უკეთესად ვიყო?”- მერე კი შეასრულე! გაეცანი საკუთარ თავს განსჯის გარეშე. საკუთარი გონებისა, ფიქრების და სურვილების მოსმენის გარდა, ყურადღება დაუთმე სუნთქვასაც. დაუკვირდი, როგორ სუნთქავს შენი სხეული და ეცადე, გახადო ის უფრო რიტმული და მშვიდი. მაგალითად, ცხვირით ღრმად მუცლით სუნთქვას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ხოლო არათანაბარ და ზედაპირულ სუნთქვას მერყევი და მშფოთვარე ფიქრები მოაქვს. შეეცადე, ღრმად შეისუნთქო ცხვირით და გამოისუნთქო ნელა და თანაბრად. ეს ავტომატურად დაგიმშვიდებს გონებას და უფრო მარტივად შეძლებ კონცენტრირებას. 

მაგალითად, მე სტრესთან გამკლავების ჩემებური ალტერნატივა აღმოვაჩინე – ყოველ დილით, ვარჯიშის მერე, ყინულივით ცივ შხაპს ვიღებ. ეს ჩვევა არა მარტო გამოფხიზლებაში მეხმარება, არამედ ჩემს სხეულს ადრენალინის ძლიერი ნაკადით მუხტავს და ხალასი ენერგიით მავსებს. 

 

  • დალიე საკმარისი რაოდენობის წყალი

წყალი სასიცოცხლო პროცესების სწორად მიმდინარეობაში უმთავრეს როლს ასრულებს, იგი აუცილებელია მონელებისთვის და ასევე კონცენტრაციის შენარჩუნებისთვის. ყოველთვის თან ატარე წყალი. თუ სუფთა წყალი შენთვის მომაბეზრებელია, შეგიძლია ჩააწურო ლიმონი, ან შეურიო სხვადასხვა დაჭრილი ცოცხალი ხილი ან ბოსტნეული  – ვაშლი, კიტრი, ფორთოხალი, კენკრა და პიტნა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ გამოაცოცხლებს გემოს, არამედ წყალს უფრო მარგებელსაც გახდის.

 

  • მოერიდე ალკოჰოლს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს

აკონტროლე ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების სიხშირე. მათ შეუძლიათ, ცოტა ხნით თავი მოწოდების სიმაღლეზე გაგრძნობინონ, მაგრამ გრძელვადიანი თვალსაზრისით, ეს შეიძლება საკუთარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდეს. ენერგიის და განწყობის ასამაღლებად უფრო კრეატიული გზებიც არსებობს, შეისწავლე საკუთარი სხეული და აღმოაჩინე ისინი. 

 

  • არ შეადარო 

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველამ კარგად იცის, სოციალურმა მედიამ შეიძლება გაამძაფროს იზოლაციის და მარტოსულობის განცდები, ბევრი არტისტი ფიქრობს, რომ მათი წარმატება დამოკიდებულია სოციალურ პლატფორმებზე აქტიურობაზე; ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად განაახლონ თავიანთი კონტენტი და ამავდროულად, არ ჩამორჩნენ იმ მოვლენებს, რაც მათ გარშემო ხდება. ეს არა მარტო დიდი დროისა და ენერგიის რესურს მოითხოვს, არამედ შეიძლება წარმოშვას ის აზრიც, რომ ყველა შენზე უკეთესია. 

თუმცა, ავთენტურობა და ინდივიდუალურობა არის ის, რაც არტისტს საინტერესოს წარმოაჩენს. ზედმეტი ყურადღების გამახვილება სხვების შემოქმედებაზე და ცხოვრებაზე ძირს უთხრის თავდაჯერებულობას, რომელიც აუცილებელია რაიმე  უნიკალურის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის შედარება აღიარებისა და დაფასების სურვილებს კვებავს, ეს გვაშორებს ექსპერიმენტების და სწავლის თანდაყოლილ სურვილს, რომლებზეც აგებულია შემოქმედებითი პროცესი. შეეცადე, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმო სოციალურ პლატფორმებს – მაგალითად, გაუძელი ცდუნებას არ შეამოწმო შენი News Feeds ძილის წინ და გაღვიძებისას, ან როცა ისვენებ, Airplane Mode-ზე გადაერთო.

 

ბონუს რჩევა – დაამშვიდე გონება სამკურნალო ბგერებით

ის, რასაც ვუსმენთ, ჩვენზე ზეგავლენას ახდენს უჯრედულ დონეზე. ბევრი ადამიანი განუწყვეტლივ უსმენს რადიოს ან ტელევიზორს, სადაც სულ გვეუბნებიან, რა ვიყიდოთ ან რა გავაკეთოთ და ვერ აცნობიერენ, რამდენად ტოქსიკური შეიძლება იყოს ეს ყველაფერი ისედაც დასტრესილი გონებისთვის.

ამავდროულად, დამამშვიდებელი და სამკურნალო ბგერების მოსმენამ შეიძლება სრულიად შეცვალოს შენი დღე კარგისაკენ. დაუკვირდი, რას უსმენ და რას აძლევ უფლებას, იმოქმედოს შენს შეგრძნებებზე, რადგან გრძნობისმიერი ჰიგიენაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგიერთი ბგერები დასაწყებად:

741 Hz healing Sounds/Negative Thoughts Detox

639 Hz Marimba Meditation Music

და მაინც, ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან – რაც ერთისთვის შეიძლება სასარგებლო და კარგის მომტანი იყოს, შესაძლოა მეორესთვის საერთოდ  უშედეგო აღმოჩნდეს. მოუსმინე საკუთარ ინტუიციას და ირწმუნე, რომ ყველაზე კარგად შენ იცი, რა სჭირდება შენს სხეულსა და გონებას. დაისახე მიზნად, შეიქმნა საუკეთესო მდგომარეობა საკუთარი თავისთვის. ეს, ცხადია, ერთი შეხედვით, ცოტა არ იყოს, ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიარსებოთ სხვებისთვისაც, როცა, პირველ რიგში, ვიცით, როგორ დავეხმაროთ ჩვენივე თავს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.