fbpx

ცნობილი ფსიქიატრის ოლივერ საქსის 10 კომპოზიცია მუსიკალური თერაპიისთვის


გააზიარე სტატია

ოლივერ საქსს, ბრიტანელ ნევროლოგს, ფსიქიატრს, მეცნიერების ისტორიკოსს, მწერალსა და ნიუ-იორკის მედიცინის უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორს, New York Times მოიხსენიებს – როგორც “მედიცინის პოეტს.”

საქსმა ნევროლოგის კარიერა აირჩია, რადგან, მისი თქმით, “ტვინი არის ის, რაც გვაყალიბებს ჩვენ და ამავდროულად, ის, რასაც  ჩვენ ვაყალიბებთ – ეს არის ის, ვინც ჩვენ ვართ”. 

ოლივერ საქსი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მკურნალობდა და იკვლევდა ადამიანებს  უმძიმესი ნევროლოგიური თუ ფსიქიკური დარღვევებით. 
ის განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ხედვის, მოსმენისა და აზროვნების მექანიზმებით. საქსმა აღქმის რეჟიმებზე არა მხოლოდ იმიტომ გაამახვილა ყურადღება, რომ სუბიექტურია, არამედ იმიტომ, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში დარღვეული და  გაუმართავია. 

საქსს 20-მდე წიგნი აქვს დაწერილი, სადაც აღწერა იმ პაციენტების მკურნალობის გზები, რომლებსაც უჭირთ იცხოვრონ ტურეტას სინდრომით, აუტიზმით, პარკინსონით, მუსიკალური  ჰალუცინაცებით, ეპილეფსიით, მოჩვენებითი კიდურის სინდრომით, შიზოფრენით ან ალცჰეიმერის დაავადებით.

ფართო საზოგადოებისთვის ყველაზე პოპულარული წიგნებია – “ადამიანი, რომელსაც ცოლი ქუდში აერია”,  “მუსიკოფილია: ამბები მუსიკასა და ტვინზე” და “გამოღვიძება”. 1990 წელს  “გამოღვიძების” მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, სადაც დოქტორ საქსს მსახიობი რობინ უილიამსი თამაშობს, ხოლო რობერტ დე ნირო – მის ერთ-ერთი პაციენტს.

ოლივერ საქსის კლინიკურმა პრაქტიკამ და მისმა სამეცნიერო ისტორიებმა ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ნევროლოგიურ მდგომარეობასთან ადაპტაციას ცდილობენ, ძირეულად შეცვალა შეხედულება ჩვენი ტვინის შესახებ.

გამოჩენილი ნევროლოგი, რომელიც ასევე მუსიკალური თერაპიის ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი იყო, იკვლევდა, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ადამიანის ტვინზე.

მისი ერთ-ერთი ბესტსელერი, “მუსიკოფილია: ამბები მუსიკასა და ტვინზე”, სამეცნიერო ისტორიებისა და კვლევების კომპილაციაა მუსიკისა და ტვინის შესახებ.

Musicophilia-ში ოლივერ საქსი მუსიკის შესაძლებლობებს და ზემოქმედების უნარებს პაციენტების, მუსიკოსებისა და უბრალო ადამიანების ინდივიდუალური გამოცდილების საშუალებით იკვლევს. ეს არის პაციენტების ისტორიებისა და ნეიროსამეცნიერო კვლევების მრავალფეროვანი და ინფორმაციული ნაზავი, რომელიც განმარტავს, თუ როგორ ხდება მუსიკის დამუშავება ფსიქიკაში. 

წიგნი სინთეზურია და შედგება როგორც საქსის პრაქტიკის, ასევე სხვა კლინიკური ანგარიშების, სამედიცინო ლიტერატურის წყაროებისა და თავად საქსის პირადი გამოცდილებისგან.

ოლივერ საქსი თვლიდა, რომ ადამიანებს მუსიკისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება აქვთ.


“ჩვენი აუდიალური და ნერვული სისტემები მართლაც იდეალურადაა შექმნილი მუსიკისთვის”, – წერს საქსი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მუსიკას ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ, მხოლოდ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც სამედიცინო რენტგენოლოგიამ (ფუნქციონალურმა MRI, PET) აჩვენა, თუ ტვინის რომელი უბნები აქტიურდება მუსიკის მოსმენისას.

“მუსიკოფილიაში” დოქტორი საქსი ყურადღებას ამახვილებს უცნაური მუსიკალური აშლილობით დაავადებულ და უჩვეულო მუსიკალური შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე.

თითოეულ თავში საქსი სხვადასხვა ამბავს ან დაავადებას აღწერს, რომელიც მუსიკასა და ტვინის ურთიერთკავშირზეა. 

მაგალითად, პირველი ამბავი, რომელსაც საქსი ჰყვება, ორმოცდაათი წლის ადამიანზეა, რომელსაც მეხი დაეცა და კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. გამოღვიძების შემდეგ პაციეტმა აღმოაჩინა, რომ განსაკუთრებით შეუყვარდა კლასიკური მუსიკა და არა მხოლოდ პიანინოზე დაკვრა შეძლო პროფესიულ დონეზე, არამედ მუსიკის წერაც დაიწყო. საქსი აღწერს და განიხილავს ადამიანზე  მუსიკის ზემოქმედების როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ ასპექტებს. 

საქსი პარკინსონის და მუსიკალური თერაპიის თავში გვიყვება პაციენტზე, რომელსაც დაავადების ტიპური სიმპტომები (კანკალი, ენის ბორძიკი) აქვს და მხოლოდ მუსიკის თანხლებით შეუძლია თავისუფლად გადაადგილება და  გამართულად საუბარი. ამასთან, საქსი აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტის მისაღწევად საჭიროა მუსიკის სწორი ჟანრისა და ტიპის შერჩევა კონკრეტული ინდივიდისთვის.

ნეირომეცნიერი ამაღელვებელ ისტორიებს მოგვითხრობს მათ შესახებ, ვისაც ამნეზია, ან ალცჰეიმერის დაავადება აქვთ და მხოლოდ მუსიკა აძლევთ მათ საკუთარ თავთან დაბრუნების საშუალებას. ის ასევე აღწერს აფაზიით დაავადებული ადამიანების შემთხვევებს, რომლებსაც სიმღერის საშუალებით ხელმეორედ ასწავლეს საუბარი. 

საქსი ასევე გვიმხელს მუსიკის ისეთ მხარეს, რომელიც სრულად არ არის შესწავლილი და რომელზეც ხშირად არ საუბრობენ და რამდენიმე თავს უთმობს “მუსიკალურ კრუნჩხვებსა” (მუსიკით გამოწვეულ კრუნჩხვებს) და მუსიკალურ ჰალუცინაციებს.

ოლივერ საქსს ჰყავდა პაციენტი, რომელსაც “კრუნჩხვები ჰქონდა მხოლოდ თანამედროვე, მკვეთრ, დისონანსურ მუსიკაზე, მაგრამ არასდროს  კლასიკურზე”. გარკვეული ტიპის მუსიკაზე ასეთი მწვავე რეაგირება შეიძლება უფრო გავრცელებული მოვლენა იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია – საქსს უამრავი პაციენტი ჰყავდა, რომლებსაც გარკვეული მუსიკის მოსმენის შემდეგ გულის არევა  ეწყებოდათ.

ავტორი დეტალურად განიხილავს აკვიატებული მელოდიების ფენომენსაც, თუ როგორ ახერხებენ “აკვიატებული” მელოდიები ჩვენს გონებაში დაყონ საათები და დღეებიც, როგორ წარმოიშობა მუსიკალური ჰალუცინაციები ადამიანთა უმეტესობის გონებაში, რომლებიც შეიძლება დღედაღამ ჩაგვესმოდეს. 

“მუსიკოფილია” მალევე იქცა არა მხოლოდ ნეირომეცნიერებისა და მუსიკალური თერაპევტების, არამედ მუსიკის მოყვარულების საყვარელ წიგნად.  წიგნი კიდევ ერთხელ გვახსენებს მუსიკის სიდიადეს და გვაცნობს ახალ სამეცნიერო აღმოჩენებს და მის ზემოქმედებას ადამიანის ტვინსა და ფსიქიკაზე. 


აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა ტელეარხმა 2008 წელს გადაიღო ფილმი ოლივერ საქსის წიგნის მიხედვით, სახელწოდებით – “ამბები მუსიკასა და ტვინზე”, სადაც იგი თავის პაციენტებთან ერთად ჩნდება.


ახლა კი გთავაზობთ დოქტორ ოლივერ საქსის iPod Playlist-ის სიიდან მის 10 საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებს:

 

1. Chopin – Fantaisie in F Minor, Op 49

 

2. Johannes Brahms – Symphony no.2, op.73

 

3. Bach – Mass in B minor BWV 232

 

4. Felix Mendelssohn – Violin Concerto in E minor, Op. 64


5. Igor Stravinsky – The Rite of Spring

 

6. Franz Schubert – “Die schöne Müllerin”; (Gerald Moore, 1961) 

 

7. Beethoven: Sonata No.8 in C Minor, Op.13

 

8. Wolfgang Amadeus Mozart – Piano Concerto No. 23 in A major, K. 488 

 

9. Wolfgang Amadeus Mozart – Piano Concerto No. 25 in C major, K. 503

 

10. Beethoven: Sonata No. 26 in E-flat major, Op. 81a

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.