fbpx

ახალი გამოცდილება „ბარბარესგან“


გააზიარე სტატია

უკვე თითქმის ერთი წელია, გემრიელი კერძის  რეცეპტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმდიდრედ გადაიქცა. პანდემიამ ჯერ სამზარეულოში დაგვაბრუნა, შემდეგ კი ახალ-ახალი გემოების მოთხოვნილება გაგვიჩინა, სხვადასხვა რესტორნიდან მიტანის სერვისი დაგვიმატა და ის ადგილები, სადაც ჯადოსნური საიდუმლო რეცეპტები აქვთ, ყველაზე მოთხოვნად წერტილებად გადააქცია. ამას, რა თქმა უნდა, მეორე მხარეც აქვს – გასტრონომიული ინდუსტრია გამოწვევების წინაშე დადგა: თითოეულ ობიექტს უნდა ეპოვა გამოსავალი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა პრაქტიკულიც და ორიგინალურიც. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა, რომ მათთვის, ვინც ხშირად სტუმრობდა რესტორანს „ბარბარესთან“ და მათთვისაც, ვისაც ცნობილი რეცეპტები ჯერ არ დაუგემოვნებია, ეჩუქებინათ სრულიად ახალი და საინტერესო გამოცდილება – გამოცდილება „ბარბარესგან“.

უკვე 5 წელზე მეტია, გურმანებს განსაკუთრებულად უყვართ ადგილი, რომელიც ყველა სხვა ადგილისგან ჯადოსნური დეკორაციებით, განსაკუთრებული სერვისითა და, რაც მთავარია, ბარბარე ჯორჯაძის ცნობილი რეცეპტებით გამოირჩევა. ქართველებიც და ტურისტებიც ხშირად ამბობენ, რომ რესტორანი „ბარბარესთან“ ყველაზე ახლოს დგას სრულყოფილებასთან და ის ერთდროულად ასოცირდება თანამედროვე ქართული სამზარეულოს საუკეთესო მხარეებთან, გამორჩეულ სერვისთან, ნაცნობ გარემოსა და საუკუნოვან გასტრონომიულ გამოცდილებასთან. ეს არის სახელი, ადგილი და მიმართულება, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას გვიმარტივებს და შეკითხვაზე – სად შეიძლება ყველაზე გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება – ერთ მარტივ პასუხს გვახსენებს: „ბარბარესთან“.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი სახლის სამზარეულო გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, მაინც განსაკუთრებულად გვენატრება ქართული გემოების ის ფეიერვერკი, რომელიც მხოლოდ ბარბარეს რეცეპტებით იქმნება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ „ბარბარესთან“ მისვლის მაგივრად, ეს გასტრონომიული სიამოვნება პირდაპირ სახლში, „ბარბარესგან“ მიგვეღო.

„იდეის განხორციელებაზე დიდხანს ვფიქრობდით, პანდემიამ კი პროცესი ჩვენთვისაც დააჩქარა. სპეციალურად ამ ახალი ხაზისთვის შეფმზარეული ესპანეთიდან მოვიწვიეთ, შემდეგ კი – ბარბარე ჯორჯაძის წიგნისა და შეფის გამოცდილების სინთეზით – მიტანის სერვისზე ადაპტირებული მენიუ შევქმენით,“ – გვითხრეს ქართული ოჯახის წარმომადგენლებმა და პირველი გზავნილის მიტანისთანავე  დაამტკიცეს, რომ ამ სერვისშიც ისეთივე ინოვატორები არიან, როგორც – თავდაპირველ კონცეფციასა და სხვა დანარჩენში. „ბარბარესგან“ მიტანილი ყველა ინგრედიენტი ინარჩუნებს მთავარს – ავთენტურობას, პარალელურად კი ზრუნავს იმაზე, რომ განავითაროს ქართული გასტრონომიული კულტურა, გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, შეინარჩუნოს ნაცნობი გემო, ადაპტირდეს ახალ რეალობასთან და გაუსწროს დროს – ზუსტად ისე, როგორც ბარბარე ჯორჯაძე უსწრებდა.

„ერის წარმატებასა და ცხოვრებაში პირველი ადგილი ჯანმრთელობას უკავია. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრივ, ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და ვერც ნოყიერს და ყუათაინ სადილს ამზადებს,“ – წერდა ბარბარე და ოცნებობდა, ყველა დიასახლისს ჰქონოდა იმის საშუალება, რომ შინ გემრიელი სადილი მოემზადებინა. სწორედ მათთვის შექმნა რეცეპტები, რომლებიც თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენი საყვარელი ადგილის შთაგონებად გადაიქცა.

თუმცა, რადგან ბარბარე ჯორჯაძის მთავარი მიზანი დიასახლისების წახალისება იყო, გადაწყდა, რომ განხორციელებულიყო ახალი იდეა, რომელიც საწყის იდეას გააცოცხლებდა, ბარბარეს ჯადოსნურ რეცეპტებსა და მზა ინგრედიენტებს სახლებამდე მიიტანდა და ყველაზე გემრიელ ისტორიას ჩვენი კულინარიული შესაძლებლობებით გააგრძელებდა. ამ იდეისა და ბარბარეს ოცნების ირგვლივ გაერთიანდნენ ყველაზე კომპეტენტური გურმანები, რესტორნის ხშირი სტუმრები და ერთგული მეგობრები, რომლებმაც ორიგინალური, კონცეპტუალური და საინტერესო გამოწვევა მიიღეს – ბარბარე ჯორჯაძის წიგნი და მასში მოთავსებული წინსაფარი, სამი სხვადასხვა რეცეპტი და ყველა საჭირო ინგრედიენტი.

„ბარბარესგან“ მიღებული გზავნილის მიზანი მარტივია – დიასახლისებმა სახლში შექმნან ის, რასაც „ბარბარესთან“ ამზადებენ, გააცოცხლონ რეცეპტების წიგნის თავდაპირველი იდეა და ეს გამოცდილება ყველაზე ძვირფას ადამიანებს გაუზიარონ. სწორედ ასე ასრულდება ბარბარე ჯორჯაძის სანუკვარი ოცნება – ოცნება დიასახლისებზე, რომლებიც იდეალურ გემოებს ქმნიან, სრულყოფილი კერძის მომზადებისგან დაუვიწყარ სიამოვნებას იღებენ და ბედნიერების ძველ რეცეპტებს, რომლებიც ბარბარე ჯორჯაძემ დაგვიტოვა, ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან. აი, ასე იქმნება გამოცდილება, რომლის მიღება მხოლოდ „ბარბარესგან“ შეგვიძლია…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.