fbpx

კილიან მბაპეს ბენეფისი „კამპ ნოუზე“ – აჩიკო ბენაშვილის საფეხბურთო მიმოხილვა


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი საფრანგეთის ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენის“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება აღმოჩნდა „კამპ ნოუზე“.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს არაერთი ისტორიული „ქამ ბექი“ ახსოვს, მაგრამ გასული კვირის დაპირისპირების სიუჟეტიდან გამომდინარე, ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია განმეორებით შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე“ რონალდ კუმანის „აწყობილი“ „ბარსელონას“ მიერ მეტოქის ოთხი ბურთის სხვაობით დამარცხება.

საინტერესოა, რომ „ბარსელონა“ ამ მატჩში სრულიად შემთხვევით, საეჭვო პენალტის წყალობით დაწინაურდა. 

დე იონგი სტუმართა საჯარიმოში ეფექტურად წაიქცა, ისე რომ მეტოქის მცველი მას თითქოს ფეხზე არც შეხებია, მაგრამ სადავო ეპიზოდზე ყურადღება VAR-ს არ გაუმახვილებია, მესის მიზანმა არ უმტყუნა და ანგარიში მშვენივრად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა.

თამაში კი სწორედ ამ გოლმა გამოაცოცხლა, რადგან თუკი პარიზელები იქამდე მეტოქის უნიათო თამაშის დაზვერვას აწარმოებდნენ და კაცმა არ იცის, როდის იფეთქებდნენ, გოლის გაშვებისთანავე მასპინძელთა რბევას შეუდგნენ და საბოლოოდ ისინი უხერხული ანგარიშით – 4:1 გაანადგურეს.

მატჩის გმირად „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე იქცა, რომელმაც სამი გოლი ისე გაიტანა, თითქოს წინა სამატჩო მოთელვას გადიოდა.

მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იმყოფებოდა, რომელიც მეტოქის კართან სახიფათო მომენტებს ქმნიდა და გოლები გაჰქონდა, მეორე კი წვალობდა და კაცმა არ იცის, რა მიზანი ამოძრავებდა…

მატჩის დასრულების შემდეგ სპორტულ მედიაში კილიან მბაპეს პირველი გულშემატკივარი სწორედ მეტოქის ბანაკში, ანტუან გრიზმანის სახით გამოუჩნდა.

საფრანგეთის ნაკრებში მბაპეს თანაგუნდელმა განაცხადა, რომ მოხარულია თანამემამულის ასეთი წარმატებული თამაშით და უახლოეს მომავალში მას მსოფლიო ფეხბურთში მესის და რონალდუს როლიც უწინასწარმეტყველა.

საინტერესოა, რას ფიქრობს გრიზმანი ნეიმარის შესახებ და როგორ დასრულდებოდა „ბარსელონა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი, მასში ბრაზილიელ ფორვარდს მონაწილეობა რომ მიეღო? ეს კითხვა პასუხის გარეშე დარჩება, რადგან ნეიმარი, სავარაუდოდ, განმეორებით მატჩშიც ვერ დაეხმარება პარიზელებს. 

საინტერესო კი ისაა, რომ უკვე მეოთხე წელიწადია, რაც „ბარსელონასთვის“ ტრადიციად იქცა ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან განადგურებით გამოვარდნა. 2017 წელს მან სწორედ „პარი სენ-ჟერმენთან“ გასვლაზე, ანგარიშით 0:4 წაგების შემდეგ მოახდინა ისტორიული „ქამ ბექი“ და მეტოქე შინ – 6:1 დაამარცხა.  

მაგრამ უკვე მომდევნო წრეში – მეოთხედფინალში – „ბარსელონას“„იუვენტუსმა“ მოუგო დიდი ანგარიშით 3:0 და კატალონიელები ტურნირს ისე გამოეთიშნენ, რომ „ბებერ ქალბატონს“ ორ მატჩში ერთი გოლიც ვერ გაუტანეს.

2018 წელს „ბარსელონა“,  ანგარიშით – ისევ 0:3, „რომასთან“ შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირი ისე დატოვა. 2019 და 2020 წლებში კი მესი და მისი თანაგუნდელები ჯერ „ლივერპულის“ (0:4) და შემდეგ „ბაიერნის (2:8) წინააღმდეგ მატჩებში შერცხვნენ. 

თუკი „ბარსელონას“ ფიასკო „პარი სენ-ჟერმენთან“ გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება, კანონზომიერებიდან შორს დგას „ლივერპულის“ ამჟამინდელი ასპარეზობა, რადგან ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ ჩემპიონატში 25-ე ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.

არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, მერსისაიდელებმა შინაური უსიამოვნება დაივიწყეს და გასვლაზე ერთი შეხედვით თითქოს „ცალი ფეხით“ მოუგეს გერმანიის ბუნდესლიგის სტაბილურ მეორეადგილოსან „ლაიპციგს“, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულებინა.

სინამდვილეში კი „ლაიპციგის“ ფეხბურთელებს რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში დაწინაურება შეეძლოთ და ეს რომ მოეხერხებინათ, სულაც არ უნდა გაგვკვირვებოდა, თუკი „ლივერპული“ ისევე დამარცხდებოდა, როგორც „ბრაიტონის“, „მანჩესტერ სიტის“, „ლესტერის“ და „ევერტონის“ წინააღმდეგ, პრემიერლიგის უკანასკნელ ოთხ (აქედან სამი „ენფილდზე“!) მატჩში.

„ლაიპციგისგან“ განსხვავებით, წარმატებული გამოდგა ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება ბუნდესლიგაში ბოლო ხანს არასტაბილურად მოასპარეზე და „ლივერპულის“ მსგავსად, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე დაწეული „დორტმუნდისთვის“, რომელმაც ამ ბოლო ხანს შესანიშნავად მოასპარეზე „სევილია“ გასვლაზე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფმა „სევილიამ“ გარდა იმისა, რომ ესპანეთის პირველობაზე ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, თასზე „ბარსელონას“ დამარცხებაც მოახერხა და, წესით და რიგით, ფავორიტის რანგში დახვდა „დორტმუნდს“, მაგრამ თამაში საპირისპირო სცენარით წარიმართა.

„ბარსელონას“ მსგავსად, „სევილიამაც“ გახსნა ანგარიში, მაგრამ გოლის გაშვებიდან მოყოლებული, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ.

მატჩის შემდეგ „დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა აღნიშნა, რომ ესპანელების წინააღმდეგ შეხვედრაში სტიმული მას წინა დღით „ჰეთ-თრიკის“ ავტორმა კილიან მბაპემ მიანიჭა.

ჰოლანდმა გერმანელთა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ნორვეგიელმა დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა, რომელსაც მაჰმუდ დაჰუდის აუღებელი დარტყმა მოჰყვა. 

შეხვედრის მეორე ტაიმში მასპინძლები გამოცოცხლდნენ, ბოლოსკენ ერთი ბურთის გატანაც შეძლეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების საშუალება შედარებით ინერტულად მოქმედმა სტუმრებმა მათ აღარ მისცეს.

გასვლაზე მინიმალური ანგარიშით მოგებით, „დორტმუნდმა“ სერიოზული ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ, თუმცა მისი სიურპრიზებისკენ მიდრეკილებიდან გამომდინარე, „სევილიას“ ნამდვილად არ დაუკარგავს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი.

პირველი ოთხი მერვედფინალიდან კი მაქსიმალური ინტრიგა „პორტო“ – „იუვენტუსის“ განმეორებითმა დაპირისპირებამ შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მისი გუნდის ანგარიშით 1:2 მარცხი პირველ წუთზე გაშვებულ „შემთხვევით გოლს“ მიაწერა და აღნიშნა, რომ ყველაფერი წინ არის.

ამ სიტყვებს მიღმა კი „ბებერი ქალბატონის“ კრიზისი იხატება, რადგან „პორტოსთან“ წაგებამდე პირლოს გაწვრთნილმა გუნდმა უკანასკნელ ორ მატჩში – თასზე – „ინტერის“ და ჩემპიონატში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ერთი გოლის გატანაც ვერ შეძლო.

ტურინული კლუბისთვის „ნაპოლისთან“ მარცხი განსაკუთრებით დასანანია, რადგან  სეზონის ბოლოს მას ეს წარუმატებლობა „სკუდეტოს“ დაკარგვის ფასადაც შეიძლება დაუჯდეს.

ჩემპიონთა ლიგის  მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი იტალიის უკანასკნელი ცხრა სეზონის გამარჯვებულს, არსებული კრიზისის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება.

„პორტოსთან“ დაპირისპირებაში თავს იჩენს კრიშტიანუ რონალდუს და მისი თანამემამულე „მეგობრების“ ფაქტორიც, რომლებიც განმეორებით მატჩშიც ეცდებიან, რომ „იუვენტუსის“ ლიდერს გასაქანი არ მისცენ.

ორი წლის წინ „ბებერმა ქალბატონმა“ მერვედფინალურ ეტაპზე ურთულესი ამოცანა შეასრულა, როდესაც განმეორებით მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და მეტოქე შინ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, მაგრამ დღევანდელი „იუვენტუსი“ მაშინდელს როგორ შეედრება?

იტალიელების მდგომარეობას კიეზას მიერ მატჩის 82-ე წუთზე გატანილი გოლი ამსუბუქებს. ერთბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა კი „ატლეტიკოსთან“ შედარებით სუსტ „პორტოსთან“, „იუვენტუსისთვის“ ალბათ შესაძლებელია…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.