fbpx

დაუმორჩილებელი პოეზია – 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ლექსები


გააზიარე სტატია

25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“ –  ეს საბედისწერო განაჩენი ჩვენთვის დღემდე საფრთხეს წარმოადგენს და ამ დროშის ჩრდილიდან ახლაც ვცდილობთ თავის დაღწევას. საქართველოს ანექსიის და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის სიმბოლოდ იქცა კოლაუ ნადირაძის ლექსი. 

ყოველ წელს, 25 თებერვალს, სოციალურ ქსელში ასობით ადამიანს სტატუსად სწორედ ეს ლექსი უდევს.  თუმცა, კოლაუ ნადირაძე არ არის ერთადერთი პოეტი, რომელმაც ამ საბედისწერო თარიღს ლექსი მიუძღვნა და  ეს ლექსები „დაუმორჩილებელი პოეზიის“  სახელით გავაერთიანეთ.

 

გალაკტიონ ტაბიძე

ხეები თოვლით დაფენილია,

ფერდობებს ფენენ თოვლის კრავები,

ზამთრის საღამოს მკრთალი ჩრდილია

ტფილისის სახლის სახურავები.

გულშიც პეპლები აუარება,

არა თეთრები, არამედ თალხი.

გადაბურულა ტროტუარები

და მიმავალი ქუჩაზე ხალხი.

ხეებში მოსჩანს ქაშვეთის ზოლი,

როცა მოწყენილ გზაზე გავედი,

მე დავინახე სახლებზე ბოლი,

და სულ არ სჩანდა მამა-დავითი.

მე არ მინახავს თოვლი იმდარი

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ რუსები,

მაგრამ კვლავ გაჩნდა მათი მინდორი,

მათი თოვლები და ბურუსები.

 

 

კონსტანტინე გამსახურდია

საბედისწერო დღე გვაუწყა სიონის ზარმა.

ო, ჰამლეტ, ჰამლეტ, გადააგდე ხმალი სასწორში.

მუზების პარნასს მე ვარჩიე ბნელი ყაზარმა,

გუშაგად მივალთ, ერო ჩემო, შენს ველ-–მინდორში.

 

თოფის წამალი მომენატრა მუშკის მოყვარულს,

ვინ ნახეთ ხმალი ამომეღოს ერთხელ ქარქაშით.

გულში ვატარებ სასოებას სხვისთვის, დაფარულს,

მივდივართ ბრძოლად განწირული ყორნისფერ რაშით.

 

და მელანდება მე ასპინძა, კრწანისის ველი,

„ჰაუ“ მივჰყივი მამაპაპათ უკვდავ აჩრდილებს,

„დიდო ბატონო“, მოგვაშველე ეგ მკვდარი ხელი,

ნუთუ დასტოვებ უპატრონოდ შენ ერთგულ შვილებს!

 

მინდა მოვუხმო ამერ-–იმერთ, ერთგულ ხევსურებს,

ამიშვით ძმებო, ჩამოვრეკო მეტეხზე ზარი,

დღეს ჩვენთან მოვა, ქართლის დაცვას ვინც მოისურვებს,

სადღაა, ვამბობ, სააკაძე – ქართლის ცეზარი?..

 

ჰხამს მომაკვდავი მამულისთვის ცეცხლს ეზიაროს.

ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს!

სჯობს მტრად მოსულმა ჩვენ ცხედრებზე გადაიაროს,

ვიდრე სამშობლოს ვერაგულად თვალებს დასთხრიდეს!

 

გიორგი ლეონიძე

               გახსოვს, ტაბახმელავ,

               ბრძოლები გმირული

               და მკერდი მრავალის

               შენთვის განგმირული.

 

               ქალებო, შეამკეთ

               მათი საფლავები,

               საქართველოსათვის

               ვინც დადეს თავები.

 

იოსებ მჭედლიშვილი

— 

თუ ჩვენი დროშა ძირს არ დაეცა,

თვის მწვერვალს შეჰრჩა ქებად მაღალთა

და საუკუნო ძღვნად გადაეცა

თავისუფლების მომავალ ძალთა;

თუ შეგეღიმოთ ბედით ბაგენი,

ახალი მზის ქვეშ ცხოვრება იწყოთ, –

ჩვენც მოგვიგონეთ მის მოწამენი –

არ დაგვივიწყოთ! არ დაგვივიწყოთ!

 

თავისუფლების ტკბილ გაზაფხულზე,

ფშატმა რო გასცეს ნაზი სურნელი,

როს ნორჩმა მწვანემ საფლავთა გულზე

განკურნოს სევდა განუკურნელი;

როს დაგემკვიდროთ სითამამენი,

თავისუფლება უხვად მიიწყოთ,

ჩვენც მოგვიგონეთ მის მოწამენი –

არ დაგვივიწყოთ! არ დაგვივიწყოთ!

 

არ დაგვივიწყოთ და თან იცოდეთ,

არც თქვენზე ნაკლებ ვეტრფოდით მზესა

და თუ სიცოცხლეს სიკვდილით ვცოდეთ,

თავისუფლება გვთხოვდა იმ დღესა.

და თუ შეგემკოთ ღიმით ბაგენი,

ახალი მზის ქვეშ ცხოვრება იწყოთ,

ჩვენც მოგვიგონეთ მის მოწამენი –

არ დაგვივიწყოთ! არ დაგვივიწყოთ!

2,800 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.