fbpx

გალერეა 4710-ში თამარ ნადირაძის სოლო გამოფენა – “სადაც მივდივარ, წყალი მომყვება” გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

26 თებერვალს გალერეა 4710-ში გალერეის ხელოვანის, თამარ ნადირაძის სოლო გამოფენა “სადაც მივდივარ, წყალი მომყვება” გაიხსნა. გამოფენამდე გალერეა მხატვართან 4 თვე თანამშრომლობდა. სწორედ ამ  პერიოდში შეიქმნა გამოფენაზე წარმოდგენილი 12 ნამუშევარი.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ გამოფენისთვის არტისტმა პირველად სცადა ისეთ მედიუმებში მუშაობა, როგორიცაა თიხა და ნაქარგი. წარმოდგენილი ნამუშევრების მთავარი ხაზი წყალია, რასაც პირველად სათაურში ვხვდებით – “სადაც მივდივარ, წყალი მომყვება”, ასევე ხელოვანის ტექნიკა, რომელიც ყველა მედიუმს წყლის საღებავით ამუშავებს. 

 

 

წყალი, როგორც დაკვირვების ობიექტი და ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ხელოვანმა სხვადასხვა მედიუმში სხვადასხვა სიუჟეტით აჩვენა. წყალი, როგორც ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. ასევე, წყალი შეიძლება ჩაითვალოს დასაწყისის, დასასრულის და ცხოვრების მეგზურის სიმბოლოდ, ან, საკუთარი თავი გააიგივო წყალთან, რომელიც ჭიქაშიც კი ყოველთვის მოძრაობის და ინფორმაციის გადამუშავების პროცესშია.

მითოლოგიური სიუჟეტების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა, რაც თამარის შემოქმედებისთვის ისედაც დამახასიათებელია, ამ გამოფენაზეც მთავარი სააზროვნო არეალია. სხვადასხვა ხერხით გადმოცემული არტისტის გამოცდილება სივრცეში იმდენად საზიარო ხდება, რომ ზღვარი მნახველსა და ხელოვანს შორის იკარგება და იქმნება კავშირი, თითქოს უხილავი ძაფით, რომელიც, წყალთან ერთად, გამოფენის მთავარი სიმბოლოა. 

გამოფენა გრძელდება 28 მარტის ჩათვლით.

 

თამარ ნადირაძე (1991) ქართველი ხელოვანია, რომელიც დაიბადა გორში. ხელოვანი მუშაობს თბილისში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. იგი აკვირდება თანამედროვე სოციალურ ცხოვრებას, ხელოვნების ახალ ფორმებს და მათ ერთმანეთთან აკავშირებს შემოქმედებითი კვლევის ფორმით, რაც ძირითადად ექსპერიმენტული პუბლიკაციების და ქაღალდზე შექმნილი  ნახატების სახით სრულდება. თამარი  დაინტერესებულია ისეთი თემებით, როგორიცაა დიალოგი სოციალურ ცხოვრებასა და ანთროპოლოგიას, მითოლოგიას, ფსიქოლოგიას  შორის, ასევე მისთვის გამორჩეული თემაა გენდერი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.