თბილისს ახალი კონცეპტუალური სივრცე – Communalcraft შეემატა
თბილისს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ახალი სივრცე შეემატა. ნინოშვილის 54-ში დღეიდან Communalcraft გიმასპინძლებთ. კონცეპტუალური მაღაზია და კაფე Communalcraft, რომელიც ისტორიული შენობის კედლებში მოეწყო, მხოლოდ ქართულ, გულდასმით შერჩეულ პროდუქციას გთავაზობთ.
აქაურობა თბილისური ძველი უბნის ნაწილია. ინტერიერი და გასაყიდად წარმოდგენილი ნივთები ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია. ყველა ობიექტი, დეტალი თავისებურად საინტერესო და მრავლისმთქმელია. ფერები, განათება, შუქჩრდილები… ყველაფერი გასაოცარ სიმყუდროვეს ქმნის.
თქვენ აქ აღმოაჩენთ დეკორატიულ, ხელნაკეთ ობიექტებს, პლაკატებს, ნახატებს და სხვადასხვა საინტერესო ნივთებს სახლისათვის. ყველაფერი, რასაც Communalcraft წარმოგიდგენთ, ქართველი უცნობი და ნაცნობი ხელოვანების შექმნილია. Communalcraft ანა ციციშვილისა და კატია სამსონაძის ერთობლივი პროექტია. მათი იდეა ქართული შემოქმედების ერთ სივრცეში თავმოყრა და წარმოდგენა იყო.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი ნამუშევრები, ხელნაკეთი უნიკალური ნივთები ახლა უკვე ამ სივრცის ნაწილია. მოინიშნეთ Communalcraft ნინოშვილის 54-ში აუცილებლად სანახავი და ქალაქის სტუმრების საჩვენებელი საუკეთესო ადგილების სიაში.