fbpx

ეკოტაქსი – ნარჩენების დახარისხება სახლიდან გაუსვლელად


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

  • ქაღალდის გადამუშავება  შესაძლებელია 5-7-ჯერ. 1 ტონა ქაღალდის გადამუშავებით იზოგება 17 ხე.
  • პლასტმასის გადამუშავება შესაძლებელია 1-2-ჯერ. გადაგდებული პლასტმასა გარემოში არ იხრწნება 100-დან 1000 წლამდე.
  • მინისა და ალუმინის გადამუშავება შესაძლებელია უსასრულოდ. მათი გადამუშავებისთვის საჭიროა 95%-ით ნაკლები ენერგია, ვიდრე ახლის წარმოებისთვის.

ეს მონაცემები ალბათ დაგაფიქრებთ მაინც იმაზე, ღირს თუ არა ნარჩენების ისევ საერთო ნაგვის ურნაში გადაყრა. ნარჩენების მართვა კი ის სფეროა, სადაც  სწორედ თქვენი და თითოეული ადამიანის მონაწილეობაა გადამწყვეტი. თუმცა საზოგადოების ცნობიერების დონესთან ერთად დგას სხვა პრობლემაც – გადამუშავების ხელმისაწვდომობა. ნარჩენების დახარისხების სურვილთან ერთად უნდა არსებობდეს ამის შესაძლებლობაც. 

დღეს თბილისში სეპარაციის 27 სტენდია მინის, პლასტმასის, ქაღალდისა და ალუმინის ნარჩენებისთვის. თუმცა მათი რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა არცერთი არ არის თქვენს სახლთან ისე ახლოს, რომ რეგულარულად ისარგებლოთ  მისით. შესაბამისად,  არც  შესაძლებლობისა და არც მაინცდამაინც სურვილის  გამო, საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენების უმრავლესობა მოგზაურობას საერთო ნაგავსაყრელზე ასრულებს. 

ასე დაიბადა “ეკოტაქსის” იდეა. სერვისის, რომელიც სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობას გაძლევთ, ნარჩენები სახლიდან გაუსვლელად დაახარისხოთ.  ანუ თქვენ აღარ მოგიწევთ სეპარაციის სტენდთან მისვლა, რადგან ის თავად მოვა თქვენი ნარჩენების წასაღებად. 

 

მარიამ ფესვიანიძე, “ეკოტაქსის” დამფუძნებელი: „ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი სერვისი. მოდის მანქანა სახლში და მიაქვს შენგან ნარჩენები.  ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გავაკეთოთ იგივე. სახელიც შესაბამისი დავარქვით – “ეკოტაქსი”. ეს არის დიდი სატვირთო მანქანა, რომელიც მოგაკითხავთ თქვენთვის სასურველ მისამართზე, გამოგართმევთ ნარჩენებს და წაიღებს სპეციალურ ბაზაზე, სადაც ის  ნამდვილად გადამუშავდება. თავიდან ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები იყვნენ. ახლაც ისინი ჭარბობენ, თუმცა გვიხარია, რომ აქაური  მსურველებიც უკვე გამოჩნდნენ.“

ლუკა დვალაძე, მომხმარებელი: „საქართველოში ამ სერვისით პირველად  ვსარგებლობ. ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ. იქ კვირაში ორჯერ მოდის მანქანა და ვატანთ  დაგვროვილ ნარჩენებს გადასამუშავებლად. ძალიან მიხარია, რომ საქართველოშიც გამოჩნდა ამის შესაძლებლობა და აქ ყოფნის პერიოდში რეგულარულად ვითანამშრომლებ მათთან.“

“ეკოტაქსი” წინასწარ გაწერილი განრიგით მუშაობს – თვეში ორჯერ. მის გამოსაძახებლად უნდა შეხვიდეთ ფეისბუქგვერდზე – https://www.facebook.com/ecotaxibyparkiarminda/ და მისწეროთ ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე. ყველა მომხმარებელს წინასწარ ეგზავნება ინსტრუქცია, თუ რა ტიპის ნარჩენები და როგორ უნდა მოამზადოთ ჩასაბარებლად. 

ტრადიციული კატეგორიების – მინის, პლასტმასის, ქაღალდისა და ალუმინის გარდა, ეკოტაქსის შეგიძლიათ გაატანოთ  ელემენტები და ელექტრონარჩენებიც, რაც სახიფათო ნარჩენების კატეგორიას მიეკუთვნება. ასევე ძველი პლასტიკური ბარათები.

 

მარიამ ფესვიანიძე, “ეკოტაქსის” დამფუძნებელი: „ხშირად გვირეკავენ და გვეკითხებიან – როდის წაიღებთ ჩემს ნაგავს? და  ვეუბნებით, რომ ჩვენ ნაგავი არ მიგვაქვს, ჩვენ მიგვაქვს ნარჩენები. ნარჩენი არის რესურსი, რომლისგანაც შეიძლება შეიქმნას ახალი პროდუქტი. თუმცა, თუ ეს ნარჩენი არ დახარისხდება და მოხვდება ნაგავსაყრელზე, მაშინ  გახდება ნაგავი, რომელიც აღარასდროს გადამუშავდება. და როდესაც შენ ამ განსხვავებას მიხვდები, უკვე სხვანაირად იწყებ ფიქრს.“

“ეკოტაქსის” მიერ შეგროვებული ნარჩენები სხვადასხვა ადგილას ნაწილდება. მინა იგზავნება ხელახალი გამოყენების ან ადგილობრივი გადამუშავებისთვის. ქაღალდი, პლასტმასა და ალუმინი კი მიდის საწყობში, სადაც ხდება მათი პირველადი დამუშავება, შემდეგ კი მიეწოდება გადამამუშავებელ კომპანიებს როგორც ადგილობრივად, ასევე ექსპორტზე. ერთწლიანი არსებობის განმავლობაში  “ეკოტაქსის” მეშვეობით შეგროვდა და გადამუშავდა 10 ტონაზე მეტი ნარჩენი.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ  ნარჩენებს ვაგროვებთ, ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ნარჩენი გამოვიდეს. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნას. და როცა მივდივართ მომხმარებლებთან, გზადაგზა ვუხსნით მათ, როგორ უნდა შეამცირონ ნარჩენების რაოდენობა. 

მაგალითად, ყოველ ჯერზე წყლის ყიდვის ნაცვლად, იქონიონ ერთი მრავალჯერადი ბოთლი, მოერიდონ პლასტმასის შეფუთვის მქონე საკვების ყიდვას და ა.შ. წარმოქმნილი ნარჩენი უნდა გადამუშავდეს, თუმცა მხოლოდ გადამუშავება არ არის საუკეთესო გამოსავალი. უფრო სწორია, რომ თავად ნარჩენი იყოს ნაკლები.  

არსებობს ასეთი ფილოსოფია – ნული ნარჩენი (Zero Waste). ეს არის ჩვენი ფილოსოფიაც. და ჩვენი მიზანია, რომ სხვა კუთხიდან, ამ შემთხვევაში სწორედ “ეკოტაქსის” საშუალებით, მომხმარებლებს აი, ეს იდეა ავუხსნათ – მთავარი იდეა.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.