fbpx

აპეროლ სპრიცი – ცხოვრება ფორთოხლისფერი სათვალეებით


გააზიარე სტატია

ერთი წლის წინ, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მეგობრებთან ერთად გართობა ასე მოგვენატრებოდა. ეს, თითქოს, ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა. არადა, ახალ-ახალი ბარების აღმოჩენა, საინტერესო ადამიანების გაცნობა და ფერადი მოგონებების დაგროვება უკვე ყოველდღიურ აუცილებლობად გვეჩვენებოდა. ამ ბედნიერი მომენტების განუყოფელი კომპონენტი კი ფერად-ფერადი კოქტეილები იყო. მათ შორის, ყოველთვის გამორჩეულად ანათებდა ფორთოხლისფერი შუშხუნა სასმელი და როცა გვეკითხებოდნენ, რას დავლევდით, პასუხიც მარტივი იყო: აპეროლ სპრიცი!

მათთვის, ვისაც აპეროლ სპრიცი და მასთან ერთად გაზიარებული ემოციები მოგენატრათ, კარგი ამბავი გვაქვს – ამ კოქტეილის მომზადება ძალიან მარტივად, სახლშიც შეგიძლიათ. რეცეპტი კი ასეთია: პირველ რიგში, დაპატიჟეთ ის მეგობარი ან მეგობრები, ვისთანაც ყველაზე ფერადი მოგონებები გაკავშირებთ. შემდეგ კი, მათ მოსვლამდე, მოიმარაგეთ ორი მთავარი ინგრედიენტი – აპეროლი და შუშხუნა ღვინო პროსეკო. იდეალური გემოსთვის, უმჯობესია, აპეროლს „ჩინზანო პროსეკო“ შეურიოთ. ასევე, აუცილებელია ფორთოხალი და სოდა წყალი.

რაც შეეხება დოზებსა და წესებს, ერთი ჭიქა კოქტეილისთვის საჭიროა ბევრი ყინული, რომელსაც, 3-2-1 პროპორციებით, ჯერ ჩინზანო პროსეკოს დავასხამთ, შემდეგ – აპეროლს, ბოლოს კი – სოდა წყალს, გავაფორმებთ ფორთოხლის ნაჭრით და ნაზად ამოვურევთ.  შეგიძლიათ, 3-2-1 პროპორციები თვალის ზომითაც განსაზღვროთ – მთავარია, ყველა ჯადოსნური ინგრედიენტი გქონდეთ. სტანდარტული ვერსიაა 90-60-30 მლ. სულ ეს არის! რთულად მოსამზადებელ კოქტეილზე არსებული მითი დამსხვრეულია!

სანამ მოგონებებით სავსე, უდარდელი და ფერადი საღამოები დაბრუნდება, გადავწყვიტეთ, აპეროლ სპრიცი ვირტუალურად მოგიმზადოთ და გამოგზაუროთ იმ შუშხუნა ისტორიაში, რომელიც იტალიაში დაიწყო. ფორთოხლისფერი ლეგენდა 1919 წლით თარიღდება. სწორედ ამ დროს შეიქმნა აპეროლი – ჩვენი საყვარელი კოქტეილის მთავარი ინგრედიენტი. აპეროლ სპრიციც მალევე, 1950-იან წლებში გამოჩნდა. გამოდის, რომ ჩვენმა საყვარელმა კოქტეილმა მთელ საუკუნეს გაუძლო და რთულ პერიოდებშიც კი მოახერხა, ადამიანები ერთი ყლუპით გაემხიარულებინა!

დროში მოგზაურობას ლუიჯი და სილვიო ბარბიერების ოჯახამდე მივყავართ. ძმებმა, თურმე, 7 წელზე მეტ ხანს იმუშავეს აპეროლის რეცეპტზე, რომელიც დღემდე დიდ საიდუმლოდ რჩება და ჯადოსნური გემოების სკივრში ინახება. მხოლოდ ის ვიცით, რომ მაგიური სითხე მკაცრად გაწერილი ინგრედიენტებითა და დოზებით მზადდება, წამყვან ადგილს კი მცენარეები, სანელებლები და ციტრუსები იკავებენ. საბოლოოდ, ეს ქმნის მომნუსხველ, მომაჯადოებელ და ჰარმონიულ გემოს საუცხოო ნოტებით, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს მიგყვება.

უცნაური, საინტერესო და უნიკალური არომატი ქალაქ პადოვაში მალევე აიტაცეს და ჯერ მთელ იტალიას გაუზიარეს, შემდეგ კი – მთელ მსოფლიოს, რომელმაც აპეროლი ერთი მოსმით შეიყვარა! ამას დაემატა საინტერესო სარეკლამო კამპანიები, რომლებიც ვინტაჟური ვიზუალით, ფერებითა და ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირით გამოირჩეოდა. ცოტა ხანში ყველა აპეროლს სვამდა – პარკში, კლუბში, სანაპიროზე, კონცერტსა თუ ფესტივალზე. ეს იყო ენთუზიაზმის, თავისუფლების, სიცოცხლისა და ბედნიერების კოქტეილი, რომელიც აქტუალობას არცერთ სეზონზე არ კარგავდა.

კომპანია Campari Group-ის დამსახურებით, აპეროლი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოჩნდა და მაღაზიებში, ბარებსა და რესტორნებში შეუცვლელი ადგილი დაიკავა. მას განუყრელი მეგობარი, „ჩინზანო პროსეკოც“ დაემატა და აპეროლ სპრიცად გადაიქცა – კოქტეილად, რომელსაც ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ. ის გახდა დახვეწილი გემოვნების გამოხატულება და იტალიური ხასიათის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, რომელსაც დადებითი ენერგეტიკა, ტემპერამენტი და კარგი შეგრძნებები ჰარმონიულ ნოტებად დაჰყვებოდა. ეს იყო მინიმალისტური, მარტივი, მსუბუქი, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სასმელი, რომელიც ყველა გემოვნებას ერგებოდა და კოქტეილებში სრულიად ახალ და საუცხოო ტრენდებს ქმნიდა.

დაახლოებით 10 წლის წინ აპეროლ სპრიცი საქართველოშიც გამოჩნდა. ნანატრი კოქტეილი, რომელიც იტალიის ქუჩებში გვამოგზაურებს, ბედნიერი საღამოების განუყოფელ ნაწილად გადაიქცა და ჩვენს ფერად მოგონებებში ყველაზე ფორთოხლისფერი ადგილი დაიკავა. ამაზე მეტყველებს აპეროლ სპრიცის ოფიციალური გვერდიც ინსტაგრამზე #aperolspritzgeorgia, რომელსაც პანდემიის მიუხედავად, მომხმარებლების განწყობაზე ზრუნვა არ შეუწყვეტია.

ამგვარად, თუ ზემოთ მოცემულ რეცეპტს დაუჯერებთ, მონატრებული საღამოები დროებით მაინც გაცოცხლდება და ბედნიერ შეგრძნებებს მოგიტანთ. სხვებმა თუ არა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ აპეროლ სპრიცი მხოლოდ სასმელი არ არის – ის არის უნივერსალური ენა, რომელზეც ყველანი ვსაუბრობთ; ის არის მუსიკა და ცეკვა, რომელიც ყველას ერთნაირად გვესმის; და ის არის ბედნიერებით სავსე მაგიური სითხე, რომელიც ცოტა ხნით მაინც გვავიწყებს მუქ ფერებს და გვეხმარება, რომ ცხოვრების ყველა სირთულეს ფორთოხლისფერი სათვალეებით ვუყუროთ…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.