fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – თამარ შავგულიძე – კინორეჟისორი


გააზიარე სტატია


ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის ინტერვიუების სერიას თანამედროვე ქართულ კინოში მომუშავე ადამიანებთან. დღეს სერიის სტუმარია კინორეჟისორი თამარ შავგულიძე.

 

ნ.კ. როგორია ფილმის თემის შერჩევის თქვენებური მეთოდი?

ჯერ ფილმის გმირი ჩნდება. თავის ენით, ქმედებით. შემდეგ ფორმა, რიტმი. თემა ბოლოა, რაზეც ვფიქრობ. შეიძლება, არც ვფიქრობ.

 

ნ.კ. რა შეიცვალა რადიკალურად და რა დარჩა უცვლელი თქვენი პირველი კინოგადაღებიდან დღემდე?

უცვლელი დარჩა ჩემი ურთიერთობა ჯგუფის წევრებთან და ეს მაძლებინებს გადაღებების პერიოდში, რომელიც დღემდე ვერ შევიყვარე. რადიკალურად რა შეიცვალა? უფრო მალე ვიღლები, ფიზიკურად. ალბათ, ვარჯიში უნდა დავიწყო, ან სიგარეტს დავანებო თავი. 

 

ნ.კ. რას იკვლევ კინოში?

იყო პერიოდი, როცა მხოლოდ მონტაჟი და ატმოსფერო მაინტერესებდა. მახსოვს, მარტივად აღმოავაჩინე რიტმის გრძნობის და ატმოსფეროს აღქმის უნარი. შემდეგ კომპოზიტორმა გიო ცინცაძემ შემაყვარა ყურადღებით ყოფნა და ყველანაირი ხმაურის აღქმა, დამახსოვრება. ჩემს პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში – „დაბადებულები საქართველოში“ ეს ყველაფერი  იყო. თუმცა მალე მივხვდი, რომ მხოლოდ მცდელობა აღმოჩნდა. 

ამის შემდეგ  ჩემი სიყვარული ხმის, მონტაჟის და ფორმის  მიმართ უფრო მშვიდი გახდა. უფრო ზუსტად კი,  შეყვარებიდან გადავინაცვლე სიყვარულში და ადამიანი დავინახე.

მეორე სრულმეტრაჟიან ფილმში – „კომეტები“ ადამიანი იყო მთავარი. ყველაფერი დანარჩენი – მნიშვნელოვანი ფონი.

მახსოვს, ჯგუფის რამდენიმე წევრთან ერთად კინოთეატრის ეკრანზე ვნახე „კომეტები“, უნდა შეგვემოწმებინა ხმა და ფერთა კორექცია. დასრულდა ფილმი და მივხვდი, რომ ესეც ჩემს მოგონილ გმირებზე  დაკვირვების მხოლოდ მცდელობა იყო. 

არ ვიცი, ვიკვლევ თუ არა რამეს, ან გამოვიკვლევ თუ არა, მაგრამ ერთი რამ ნათელი გახდა – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორის ნათქვამის  მსგავსად: ადამიანზე საინტერესო ამ სამყაროში არაფერი არაა.

 

ნ.კ.  რას აღნიშნავდნენ “კომეტების” შესახებ ყველაზე ხშირად ტორონტოს კინოფესტივალზე?

ის დღეები უჩვეულო იყო და თან სხვა ქვეყანაში ყოფნა  ჩემთვის ძალიან რთულია, ამიტომ ყველაფერი დამავიწყდა.

 

ნ.კ. რა შეიცვალა ბოლო წლებში მსოფლიო კინემატოგრაფში? რა აღმოაჩინეს კინორეჟისორებმა?

იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეჟისორები  ფილოსოფოსებს დაემსგავსნენ. ეს ნაკლებად მხიბლავს და ამიტომ, ძველ ავტორებს და მათ ფილმებს ვარჩევ, სადაც გმირები ისე უყურებენ და აკვირდებიან ერთმანეთს, რომ ცოტა ხნით სიცოცხლე მიყვარდება. 

ნ.კ. რომელი ქართული კინოფილმია  თქვენთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ასეთი რამდენიმე ქართული ფილმია. აქ დავასახელებ იმ ფილმს, რომელიც, ჯერჯერობით, ბოლოა და რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა – „მე ვარ ბესო“ (რეჟ.ლაშა ცქვიტინიძე).

 

ნ.კ. ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ მსოფლიო კინოს ისტორია?

იასუძირო ოძუ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.