fbpx

They Said Books – შავ-თეთრი: კონცეპტუალური სივრცე წიგნების, ბეჭდური გამოცემებისა და ყავის მოყვარულთათვის


გააზიარე სტატია

ავტორი: გვანცა ფოცხვერია

ფოტო: სერა ძნელაძე

გასული კვირიდან მოყოლებული ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცხოვრება თავის კალაპოტს უბრუნდება. თბილისში მოძრაობა აღდგა, ფეხით თუ ტრანსპორტით, ადამიანები მიზნობრივად დადიან, ქალაქი თავისებურად ახმაურდა. 

თითქოს დომინოს ქვების წაქცეული მწკრივი უკუსვლის პროცესშია – უკან,  თავის საწყის პოზიციას უბრუნდება. 

ახვლედიანის 10 ნომერში They said books-ის კონცეპტუალური სივრცეც გაიხსნა.  ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა, 12-დან 7 საათამდე მაღაზია  მკითხველის მოლოდინშია.

 

საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ they said books-ის მრავალფეროვან სივრცეში შავ-თეთრ ობიექტებზე შევჩერდი. არ ვიცი, დომინოს გახსენებამ შთამაგონა თუ, ზოგადად, ამ ფერთა კომბინაციისადმი სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, მაგრამ მართლაც საინტერესო გამოცემები შევარჩიე. 

 

Sebastiao Salgado – Genesis

ბრაზილიელი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის – სებასტიო სალგადოს შემოქმედება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახავია. შავ-თეთრ ნამუშევრებში აღბეჭდილი მრავალფეროვნება დამატყვევებელი და ძალიან ემოციურია.

“გენეზიზე” მუშაობისას ბუნებამ გადაწყვიტა ჩემს კამერასთან საუბარი. მე მერგო პრივილეგია, მესმინა მისთვის”. – სებასტიო სალგადო

 

სალგადოს ნამუშევრები ფოტოგრაფის მოგზაურობისა და გამოცდილების შედეგია. მის ობიექტივში ასახული კადრები ყველაზე უფრო რეალისტური, ცოცხალი და ნამდვილია. მისი ერთ-ერთი პროექტი – “გენეზი” პარალელურ სამყაროში გამოგზაურებთ – სამხრეთ აფრიკა, ჩრდილოეთი, ამაზონის ტყეები, ცხოველთა სამყარო, პირველყოფილი წყობილება, ადამიანები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან თანამედროვეობას, თვალწარმტაცი პეიზაჟები და გეოგრაფიული არეალი, რომელიც ფანტასტიკურ ჟანრად მოგეჩვენებათ ამ ქაოსურ ყოველდღიურობაში.

 

Michael Kenna – Forms of Japan 

“ჩემი ფოტოები – ეს არის სივრცე მედიტაციისთვის”. – მაიკლ კენა 

ბრიტანელი ფოტოგრაფის შემოქმედება გამორჩეულია მისი უჩვეულო შავ-თეთრი კადრებით, რომელშიც აღბეჭდილია არაამქვეყნიური ჰარმონია. წიგნი – Forms of Japan მოიცავს 240 ფოტოკადრს. შთამბეჭდავი, ჰაეროვანი კოლექცია ფოტოგრაფის 30-წლიანი მუშაობის შედეგია. 

 

კლდოვანი სანაპირო იაპონიის ზღვის გასწვრივ; დათოვლილი მინდვრები; ფუძიამა, იგივე ფუჯის მთა აღმართული ნისლიან, ტყიან გორაკებზე; ხალხისგან მიტოვებული, მაგრამ ბუდისტი ღვთაებებით სავსე ჩუმი ტაძრები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც მაიკლ კენას ფოტოკოლექციაში აღმოაჩენთ. “იაპონური ფორმები” წიგნში წარმოდგენილია თავების მიხედვით, რომლებსაც ძალიან მარტივი სახელწოდებები აქვთ: ზღვა, მიწა, ხეები, სული, ცა. ფოტოკადრები გაფორმებულია იაპონური კლასიკური პოეზიით – ჰაიკუ.  მოკლედ, ეს არის წიგნი, რომელშიც იაპონურ კულტურასა და ესთეტიკას ეზიარებით. 

 

Le Corbusier Le grand

შარლ ედუარ ჟანერე,  ფსევდონიმით  ლე კორბუზიე,  მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი იყო. მის ცხოვრებასა და შემოქმედებას Phaidon-ის საკოლექციო წიგნში – Le Corbusier Le grand – აღმოაჩენთ.

წიგნი დაახლოებით 800-გვერდიანია, რომელიც მოიცავს არქიტექტორის ნამუშევრებს, ჩანახატებს, უნიკალურ ფოტომასალას, არქივს.

 

ლე კორბუზიემ შექმნა ეპოქალური შენობები და წარუშლელი კვალი დატოვა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. მეტიც, არა მხოლოდ მისმა შემოქმედებამ იქონია უდიდესი გავლენა, არამედ მისმა ძალიან სახასიათო, ინდივიდუალურმა სტილმაც. დღესაც კი არქიტექტორთა გარემოცვაში ლე კორბუზიესეული მრგვალი, შავჩარჩოიანი სათვალე პოპულარობას არ კარგავს. 

 

კლასიკური ლიტერატურა, რომელიც წიგნების თაროს განუყოფელი ნაწილია.

გამომცემლობა Penguin უკვე 80 წელზე მეტია კლასიკოსი მწერლების შედევრებს ახალ სიცოცხლეს აძლევს. 

little black classics

ინდოეთიდან საბერძნეთამდე, დანიიდან ირანამდე, შეერთებული შტატებიდან ბრიტანეთამდე, Penguin-ის გამოცემა little black classics მკითხველს მსოფლიოს გარშემო ამოგზაურებს. ფანტასტიკა, პოეზია, დრამა, ისტორიული ნაწარმოები, რომანი – ნებისმიერი აღმოაჩენს მისთვის საყვარელ ჟანრსა თუ მწერალს. 

კომპაქტური, პატარა შავი წიგნების კომპლექტი გამომცემლობამ თავისი 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2015 წელს გამოსცა. კომპლექტი სულ 80 წიგნს მოიცავდა. თუმცა Black Classics იმდენად მოთხოვნადი გახდა, Penguin-მა ასორტიმენტი უფრო და უფრო გაზარდა.

გამომცემლობა Pinguine ფოკუსირებულია წიგნის დიზაინსა და ხარისხზე.

წიგნების კომპლექტის – Black Classics – სახელწოდებაც გამოცემის დიზაინიდან მოდის. ყველა წიგნს შავი ყდა აქვს.

Imagine John Yoko

იოკო ონოსა და გამომცემლობა Thames & Hudson-ის კოლაბორაცია – წიგნი – Imagine John Yoko, სადაც აღბეჭდილია ლეგენდარული ჯონ ლენონის ლეგენდარული მუსიკალური ალბომის – Imagine-ის შექმნის პროცესი, ყველაფერი კადრს მიღმა.

წიგნის კონტენტზე თავად იოკო ონომ იმუშავა და დეტალურად აღწერა, თუ როგორ შეიქმნა მუსიკალური ალბომი, რომელიც ყველა დროს მოერგო და რომელსაც ყველა თაობა უსმენს. ექსკლუზიური, აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოარქივი, მუსიკოსები, არტისტები, ფოტოგრაფები და ის ადამიანები, რომელთაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს უკვდავი ალბომის შექმნაში, იხსენებენ, თუ რა ხდებოდა კადრს მიღმა. 

They said books უკვე ღიაა, მაღაზიაში სტუმრობა და ხასიათისა თუ გემოვნების შესაბამისი გამოცემების შერჩევა ადგილზეა შესაძლებელია.

 

როდესაც ამ სივრცეში შეხვალთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ყველაზე საინტერესო კუთხეს – ჟურნალების კუთხეს. They said books-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ინდი-ჟურნალებია, რომელთა არჩევანიც საქართველოში საკმაოდ მწირია. 

 

 

ინდი-ჟურნალები

ინდი-ჟურნალები (independent magazines), ანუ დამოუკიდებელი ჟურნალები კლასიკური განმარტებით გულისხმობს ბეჭდურ გამოცემებს, რომლებიც მზადდება და იბეჭდება დიდი კორპორაციისა ან ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, შესაბამისად, ჟურნალის გამოცემას და დისტრიბუციას არ აკონტროლებს  დამფინანსებელი.  დამოუკიდებელი და თავისუფალი სულისკვეთების რედაქტორი განსაზღვრავს ასეთი ტიპის ჟურნალების დამოუკიდებლობის არეალს. 

 

ინდი-ჟურნალებში განიხილავენ ყველა სფეროს, ყველაზე სუბიექტურ ჭრილში – ვიზუალურად მდიდარი, საინტერესო კონტენტისა და დიზაინის მქონე გამოცემები  ერთგვარი ინსპირაციის წყაროა ნებისმიერი ადამიანისთვის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.