fbpx

ქართული ბრენდები, რომლებიც საქართველოს შთაგონებით შექმნილ პროდუქციას გვთავაზობენ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ყველა  ბრენდს თავისი კონცეფცია აქვს,  რომლითაც საკუთარ ნიშას იკავებს და მომხმარებლის  გარკვეულ განწყობას იწვევს. ეს კონცეფცია განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს, როცა საქმე ტანისამოსის და აქსესუარების დიზაინის შექმნას, მათ წარმოებას ეხება – ასეთ ინდუსტრიაში შემოქმედება და კრეატიულობა მთავარ როლს თამაშობს. 

ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები თუ კონკრეტული ქვეყნის თანამედროვე რეალობა ხშირად ხდება დიზაინზე მომუშავე არტისტებისა და  ბრენდებისათვის შთაგონება და რიგ შემთხვევაში, საკმაოდ საინტერესო ფორმასაც იღებს. 

იგივე შეიძლება ითქვას ქართული ბრენდების შემთხვევაშიც. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურა, ხანგრძლივი ისტორია და  თანამედროვე გარემო ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი უნიკალურობა ორიგინალური ინტერპრეტაციით გამოვხატოთ. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართულ ბრენდს, რომლებიც სამოსს და სხვადასხვა დანიშნულების აქსესუარს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის შთაგონებით ქმნიან და ესთეტიკასთან ერთად, სიმბოლური დატვირთვის ნივთებს გვთავაზობენ. 

 

Barnavelli

 

View this post on Instagram

 

A post shared by @barnavelli_

არტისტ ზინკა ბარნოვის ბრენდი ისტორიული და თანამედროვე დეტალების დიზაინში ორიგინალური ფორმით ინტეგრირების კარგი მაგალითია. კოლექციაში წარმოდგენილია ჩანთები და ბალიშის დეკორატიული პირები. მათზე აღმოაჩენთ ტრადიციული ორნამენტებით შთაგონებულ, ასევე ჩვენი ქალაქის ურბანული გარემოს ამსახველ პრინტებს. Barnavelli-ის თითოეული დიზაინი ნაცნობი, ორიგინალური და საკმაოდ ექსპრესიულია. სწორედ ამის გამო, დეკორატიულ დატვირთვასთან ერთად, თითოეული ნივთი თავისი ისტორიის და განწყობის მატარებელია.

 

ლურჯი ტაბლა 

 

View this post on Instagram

 

A post shared by BlueTabla (@blue.tabla)

 ლურჯი სუფრა შუა საუკუნეების ქართული ტრადიციული დეტალია.  ხელოვნებათმცოდნეებს და შესაბამისი სფეროს მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგია საქართველოში, სავარაუდოდ, ირანიდან და ინდოეთიდან შემოვიდა და გავრცელდა. მისი შექმნის უნიკალური ტექნოლოგია წლების წინ დაიკარგა, თუმცა, თანამედროვე რეალობაში ლურჯი სუფრის მნიშვნელობა კვლავაც აქტუალურია. “ლურჯი ტაბლა” ქართული ბრენდია, რომელმაც ტრადიციული სუფრის დიზაინი თანამედროვე საყოფაცხოვრებო გარემოს დეტალად აქცია. გარდა ამისა, ბრენდი ქართულ მოტივებზე შექმნილ აქსესუარებსაც გთავაზობთ, მათ შორისაა საათები, აბრეშუმის შარფები და ვერცხლის სამკაული ძველი ორნამენტებით; ასევე ხალიჩები და სახლის სხვადასხვა აქსესუარი. 

 

მორთული 

 

View this post on Instagram

 

A post shared by მორთული (@mortuli_)

“მორთული” კიდევ ერთი ქართული ბრენდია, რომელმაც დიზაინის ძველქართული აღქმა ყოველდღიურობის ნაწილად აქცია. წარმოდგენილი კოლექციები წინდებს და მაისურებს აერთიანებს. ბრენდის პროდუქციაში პრინტის და ნაქსოვი დეტალების სახით აღმოაჩენთ ულამაზეს ტრადიციულ ორნამენტებს, რომლებიც გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის უძველესს ხელნაწერებში, ქსოვილებში, მხატვრობაში, ოქრომჭედლობასა და კერამიკაში.

 

იგრიკა

თავად ბრენდის სახელიც ისტორიითაა შთაგონებული – სახელწოდება “იგრიკა” ძველქართულად აპრილს ნიშნავს. რაც შეეხება პროდუქციას, “იგრიკა” აერთიანებს ხელნაკეთ აქსესუარებს, რომელთა დიზაინი ქართული ორნამენტების მიხედვით იქმნება: სუფრებს, ხელსახოცებს, ჩანთებს, დეკორატიულ ბალიშისპირებს. ასევე ქართული ორნამენტებით გაფორმებულ, ხისაგან დამზადებულ სხვადასხვა გამოყენებით აქსესუარს. “იგრიკა” კიდევ ერთ საინტერესო და ორიგინალურ პროდუქტს გთავაზობთ – ეს არის ქართული დამწერლობის (ასომთავრული, ნუსხური და მხედრული) მიხედვით დამზადებული პერსონალური შტამპები ბიბლიოთეკისათვის. 

 

Kayo

Kayo აქსესუარების ქართული ბრენდია, რომლის კოლექციაში ასომთავრული ანბანის შთაგონებით შექმნილ სხვადასხვა საინტერესო სამკაულს აღმოაჩენთ. ასომთავრული ანბანის სერია მოიცავს ბეჭდებს, საკინძებსა და გულსაბნევებს. აქსესუარები ხელნაკეთია და ვერცხლისგანაა დამზადებული. 

 

სამოსელი პირველი

ქართული ტრადიციული სამოსი თავისი ესთეტიკით ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, განსაკუთრებით საინტერესო და ეგზოტიკური კი საერთაშორისო აუდიტორიისათვისაა. ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელმაც ძველი სამოსის ტრადიციები იდეალურად აღადგინა, “სამოსელი პირველია”. კოლექციებში აღმოვაჩენთ როგორც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ქალის და მამაკაცის კოსტიუმებს, ასევე ქართული ტრადიციული სამოსის ახლებურ ინტერპრეტაციას. აღსანიშნავია, რომ ბრენდის კონცეფცია გულისხმობს არა მხოლოდ სამოსის ვიზუალურად აღდგენას და ნიმუშების შექმნას, არამედ მათი დამზადების ტრადიციული მეთოდების კვლევასაც, რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის “სამოსელი პირველის” პროდუქციას. კოლექციებს მომხმარებლამდე მიაქვს ტრადიციულ სამოსში დამალული ის უამრავი ნიუანსი, რომელიც ისტორიულ ჭრილში სამოსის და სტილის მიმართ ქართველების დამოკიდებულებას საინტერესო სახით წარმოაჩენს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.