“ბაუჰაუსის” მქსოველი ქალები, რომლებმაც ტექსტილის ხელოვანთა თაობებს შთააგონეს
ავტორი: ალექსა გოტჰარდტი
გერმანული სახელოვნებო სკოლა “ბაუჰაუსი”, რომელიც 1919-33 წლებში სხვადასხვა ხელობას და დახვეწილ ხელოვნებას აერთიანებდა, სამართლიანი, პატიოსანი და პროგრესული ადგილი უნდა ყოფილიყო. იგი ვალტერ გროპიუსმა ქალაქ ვაიმარში დააფუძნა და მასში ხელოვნება და დიზაინი, ისევე როგორც მამაკაცები და ქალები, თანაბრად და თანასწორად იყო პატივსაცემი და მიღებული.
„ყველა დასაშვები და შესაფერისი პიროვნება, ვისი ნიჭი და მომზადების დონე მიჩნეულია ადეკვატურად, მიღებული იქნება ასაკისა და სქესის მიუხედავად“, – დაწერა გროპიუსმა “ბაუჰაუსის” დებულებაში.
თუმცა რეალობა არ იყო მთლად უტოპიური. დაწესებულების სემინარების უმეტესობამ (ქანდაკებისა და ავეჯის დიზაინით დაწყებული, ვიტრაჟებითა და მეტალებით დამთავრებული) გააძლიერა ეპოქის დისკრიმინაციული გენდერული როლები. როდესაც 1921 წელს პერსპექტიულმა სტუდენტმა ანი ვაილმა მიმართა არქიტექტურის პროგრამას, გროპიუსის პასუხი უხეში იყო: „ჩვენი გამოცდილებით, მიზანშეწონილი არ არის, რომ ქალები მძიმე სახელოსნო ადგილებზე მუშაობდნენ, მაგალითად, სადურგლოში და ა.შ. ამიტომაც, “ბაუჰაუსში” ჩამოყალიბდა ქალთა სექცია, რომელიც ცალკე მუშაობს ქსოვილებთან“, – წერდა იგი.
“ბაუჰაუსის” ოსტატი მხატვარი ოსკარ შლემერი ქალებზე ასევე დაბალი აზრისა იყო. „იქ, სადაც შალია, არის ქალი, რომელიც ქსოვს, თუნდაც დროის გასაყვანად“, – ამბობდა იგი.
“ბაუჰაუსში” ქალთა უმრავლესობა სწორედ გროპიუსის „ქალთა სექციაში“, ანუ საქსოვ სამუშაოსა და ტექსტილის ხელოვნებაზე დასაქმდა. მათთვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც იყვნენ გუნტა შტიოლცლი, ანი ალბერსი და მარლი ერმანი, ქსოვის ხელობა არა მარტო “ბაუჰაუსის” კომერციულად ყველაზე წარმატებულ სექტორად აქციეს, არამედ ეს საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე კოლაბორაციული და თამამად ექსპერიმენტული გახადეს.
„ეს სკოლა აშკარად იყო მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის, ამასთანავე ექსპერიმენტებისა და შანსების გამოყენების ადგილი“, – იხსენებდა მოგვიანებით ანი ალბერსი.
ხსენებულმა ხელოვანმა ქალებმა ერთად აღადგინეს ძაფის ფორმალური და ფუნქციონალური შესაძლებლობები, რამაც შეცვალა როგორც ტექსტილის, ასევე აბსტრაქტული ხელოვნების მომავალი. მას შემდეგ, რაც 1933 წელს “ბაუჰაუსი” დაიხურა, ალბერსი და ერმანი ამერიკაში გადასახლდნენ და იქ ჩამოაყალიბეს ხელოვან ქალთა ახალი გაერთიანებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქსოვილებზე მუშაობის – ყოველთვის მოაზრებულს საშუალო „ქალური საქმიანობად“ – ახალ მიმდინარეობად ფორმირებას სახვით ხელოვნებაში.
შემოდგომასა და ზამთარში ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში გამართულ გამოფენაზე, სახელწოდებით „ქსოვა ბაუჰაუსს მიღმა“, ასახულია როგორც ქსოვის ექსპერიმენტის მდიდარი სულისკვეთება, ასევე მისი შორსმხედველი გავლენა ხელოვანთა თაობებზე, რაც ალბერსს აკავშირებს თანამედროვე მოქანდაკე შეილა ჰიკსთან, ერმანს კი – ბოჭკოზე მომუშავე რევოლუციურ მხატვარ ლენორ ტოუნისთან.
ამ გამოფენის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია ინოვაცია კოლაბორაციასთან დააკავშიროს. კურატორი ერიკა უორენი ხაზს უსვამს არა მხოლოდ თითოეული მხატვრის ინდივიდუალურ წვლილს, არამედ დამრიგებლობასა და მეგობრობას, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებდნენ.
„თანამედროვე დევიზი რომ მოვიშველიოთ, „ქალები ქალების მხარდასაჭერად“ – სწორედ ასეთი იქნება მისი ქვეტექსტი. აღმოვაჩინე, რომ ძალზე ღირებულია ხელოვანთა ჯგუფებს შორის ამ ურთიერთობებზე დაკვირვება და ის როლი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუზეუმები, გალერეები და პროფესიული თუ პირადი წარმომადგენლობები ასრულებენ ხელოვანთა ერთად თავმოყრასა და მათ საქმიანობაზე გავლენაში. სწორედ ამის შესახებ მინდოდა, მომეყოლა“, – განმარტავს უორენი.
ისტორია “ბაუჰაუსის” საქსოვ სექტორში სკოლის ადრეულ წლებში იწყება, როდესაც თითქმის არ არსებობდა ოფიციალური ინსტრუქცია – მოსწავლეები სწავლობდნენ მასალებთან თამაშით და ერთმანეთისგან იდეების მიღებით. „ის, რაც ვისწავლე, ჩემი თანაკურსელებისგან ვისწავლე. ეს დიდ უთანასწორობაში ხდებოდა და ყველა მხრიდან დიდი კვლევა-ძიება მიმდინარეობდა… მაგრამ ეს არ იყო ის შემთხვევა, რომ იქ მიხვიდოდი და იქიდან რამეს სახლში წაიღებდი. შენ იქ კონტრიბუტორი იყავი“, – გაიხსენა ანი ალბერსმა 1968 წელს.
შეილა ჰიკსი, 1963 წ. (ამერიკის ხელნაკეთობათა საბჭოს ბიბლიოთეკის არქივი)
„დიდმა უთანასწორობამ“ დიდი იმპროვიზაცია დაბადა. მქსოველებმა ხელით ნაქსოვისა და ქარხნული ნიმუშების შერწყმა შეძლეს და მოულოდნელი, ტალღოვანი ნამუშევრები მიიღეს. ეს ტილოზე ხატვის მსგავს პროცესს ჰგავდა, მოსამზადებელი ნახაზის გარეშე – მეთოდს, რომელსაც “ბაუჰაუსის” ფერწერის ინსტრუქტორმა პაულ კლეემ მისცა ბიძგი.
მუშაობაში მათ ასევე გამოიყენეს უახლესი მასალები, ხე და ლურექსი. თავისი სადისერტაციო პროექტისთვის ანი ალბერსმა პოლიეთილენის ბამბასთან შეერთებით შექმნა ახალი ქსოვილი, რომელიც ერთდროულად ირეკლავდა სინათლეს და შთანთქავდა ხმას.
მას შემდეგაც, რაც ოსტატი მრთველი გუნტა შტიოლცლი გახდა სექციის ხელმძღვანელი და ოფიციალური პედაგოგიკის დამკვიდრება დაიწყო, მან მოუწოდა მხატვრებს, რომ საკუთარი უნარ-ჩვევების გამომჟღავნებამდე ეთამაშათ მასალებითა და ხელსაწყოებით. მან ეს მიდგომა აღიარა, როგორც ყველა მართლა ნიჭიერი მხატვრის პოტენციალის გამოყენების გზა”, – განმარტა უორენმა.
როდესაც “ბაუჰაუსი” ნაცისტური რეჟიმის ზეწოლის გამო დაიხურა, ალბერსმა და ერმანმა ეს მეთოდები გაატარეს შეერთებულ შტატებში, სადაც ისინი ინსტრუქტორებად დაასახელეს პროგრესულ სახელოვნებო სკოლებში. ალბერსი ჩრდილოეთ კაროლინაში, ეშვილში, ბლექ მაუნტინ კოლეჯში დაფუძნდა, ხოლო ერმანმა ადგილი გამონახა ჩიკაგოში, ლასლო მოჰოი-ნადის „ახალ ბაუჰაუსში“ (მოგვიანებით ცნობილი – როგორც დიზაინის ინსტიტუტი). რაც შეეხება შტიოლცლს, მან ქსოვის პრაქტიკა შვეიცარიაში დაამკვიდრა.
გამოფენაზე ყურადღება გამახვილებულია ალბერსსა და ერმანთან დაკავშირებული ამერიკელი ხელოვანების მიერ მათი ხაზის გაგრძელებაზე, ძირითადად იმ მხატვარი ქალების საზოგადოებაზე, რომლებიც ერმანისა და მისი სტუდენტების გარშემო ჩიკაგოში ტრიალებდნენ. ერმანმა უდიდესი გავლენა მოახდინა ბოჭკოზე მომუშავე მე-20 საუკუნის ინოვაციური მხატვრებზე, მათ შორის – ელზე რეგენშტაინერზე, კლერ ცაისლერსა და ლენორ ტოუნიზე.
მარლი ერმანს სტუდენტები უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ. ჯანეტ კოპლოსი და ბრიუს მეტკალფი თავიანთ წიგნში საუბრობენ, რომ როდესაც ქსოვის სექცია საბოლოოდ დაიხურა, მათ საკუთარ თავს „მარლის მქსოველები“ უწოდეს და გაერთიანდნენ, რათა შეენარჩუნებინათ ხელით ქსოვისა და დიზაინის სკოლის პერიოდში არსებული სულისკვეთება.
„ყველაფერი, რასაც ჩემი კარიერის ორმოცდაათი წლის განმავლობაში მივაღწიე, “ბაუჰაუსის” ფილოსოფიისა და მარლი ერმანის ხელმძღვანელობის დამსახურებაა“, – აღნიშნა 1991 წელს რეგენშტაინერმა, რომელიც თავის მხრივ „ახალი ბაუჰაუსის“ სტუდენტ ჯულია მაკვიკერთან ერთად დიზაინის ახალ სტუდიას შეუერთდა. მათ იქ ლუდვიგ ვან დერ როესთვის შექმნეს ქსოვილები, რომლებიც 1950-55 წლებში სხვა ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად იყო გამოფენილი მანჰეტენზე მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
ცაისლერმა უფრო სკულპტურა არჩია და ქსოვის საზღვრების გაფართოება მოისურვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც არა ბრტყელი, არამედ სამგანზომილებიანი ნამუშევრები შექმნა.
ლენორ ტოუნი ასევე აფართოებდა მასშტაბებს და ღრმა ინოვაციურ პრაქტიკას ნერგავდა, იყენებდა ბოჭკოს, ქვებს, ჯოხებს, ბუმბულებსა და ბამბას. იგი არა მარტო ერმანთან სწავლობდა, არამედ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა კლერ ცაისლერთან, კატარინ კუჰთან, ეთელ შტაინსა და შეილა ჰიკსთან, რომელთან ერთადაც საერთო იდეებს ამუშავებდა. მისი პრაქტიკა ასევე ვრცელდებოდა კოლაჟირებულ საფოსტო ბარათებსა და წერილებზე, რომლებიც მან მსოფლიოს სხვა მხატვრებსა და მეგობრებს გაუგზავნა.
გამოფენის ნახვისას მკაფიო და ნათელია კურატორ ერიკა უორენის თეზისი – ხსენებულ ხელოვან ქალებს შორის ფორმალური და ოფიციალური ექსპერიმენტები ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობებითა და ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით საზრდოობდა.
ორიგინალი: https://www.artsy.net/