fbpx

ფრისტაილი ბაკურიანში


გააზიარე სტატია

ტექსტი და ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი

 

ამ ქვეყანაში კარგი ამბებიც ხდება, წინა კვირას, ბაკურიანის მთებმა FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა, ამ ყველაფრის ორგანიზებას და მთავარ მასპინძლობას “საქართველოს სათხილამურო ფედერაცია” და “მთის კურორტების განვითარების კომპანია”,  კომპანია “სილქნეტთან” ერთად უწევდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

სამი წლის წინ საბერძნეთში საქართველოს  წილად ხვდა  პატივი ჩაატაროს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ფრისტაილში. საქართველომ ასევე აიღო ვალდებულება, რომ დროის ამ ინტერვალში მსოფლიო თასის ყველა ეტაპს უმასპინძლოს თითოეულ შემავალ დისციპლინაში. 

26-28 თებერვალს და 3-5 მარტს ბაკურიანში FIS-ის ეგიდით გამართული მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა ფრისტაილის დისციპლინებში: სქი ქროსში და სნოუბორდ ქროსში. მე შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ, რა ხდებოდა, სად, როგორ და რატომ არის ეს ყველაფერი ძალიან  კარგი ჩვენი ქვეყნისთვის.  

მსოფლიო ჩემპიონატის ეს ეტაპები თითქოს დამამშვიდებელი ჯილდოსავით იყო ჩაკეტილი ბაკურიანისთვის, სადაც არც დამსვენებლები, არც სპორტსმენები, არც კაფეები, არც რესტორნები – არავინ და არაფერი იყო ავადსახსენებელი კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების გამო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულად და გაუაზრებლად შეიძლება გვეჩვენოს. საქართველოს მთავრობა აღმოჩნდა მსოფლიოში ერთადერთი, რომელმაც კორონავირუსის გამო ზამთრის კურორტების გახსნა სეზონის ბოლომდე გადადო და ვერ ახსნა – რატომ.

აი ასეთ დაკეტილ კურორტზე ბედნიერების ნაპერწკალი იყო 140 სპორტსმენის, უამრავი მწვრთნელის, ანალიტიკოსის, დროის აღმრიცხავის, ტექნიკური პერსონალის და სხვათა გამოჩენა. 

ამინდი მოიქცა როგორც კაცური კაცი – თოვლი მოვიდა სწორედ  მაშინ, როცა გვჭირდებოდა: ზუსტად სათხილამურო ტურნირის და ზუსტად სნოუბორდის ტურნირის წინ. 

ქართული სნოუპარკის, “ვაით რებითის” ბიჭებმა გიჟებივით იმუშავეს, რამდენიმე ევროპელ ინსტრუქტორთან და ტექნიკოსთან ერთად მშვენიერი ტრასა გააკეთეს. 

განსაკუთრებული ემოციური მომენტი იყო ქართველი სქი ქროსერი სპორტსმენების, დავით თედიაშვილისა  და ბექა ბერძენიშვილისთვის, რომლებიც პირველად გამოვიდნენ ტურნირზე საქართველოში, მშობლიურ კურორტზე. დათოს თქმით, დიდი ტურნირები ამ სპორტის სახეობის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა, რადგან დიდი სპორტსმენის დანახვით და მიბაძვით იწყება ყველაფერი. ჩვენ  კი პროფესიონალი მოთხილამურეები ძალიან გვჭირდება. 

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომაა კარგი ასეთი დიდი ტურნირის მასპინძლობა საქართველოსთვის და რატომ ვიკლავთ თავს მის ჩასატარებლად? პასუხი მარტივია, დიდ სათხილამურო ტურნირს მოჰყვება კარგი გამოხმაურება  საერთაშორისო პრესაში, თუნდაც ამ ტურნირის წყალობით უამრავმა ადამიანმა გაიგო საქართველოს, როგორც სათხილამურო ქვეყნის შესახებ. ჩვენი ტურნირი 6 დღის განმავლობაში გადაიცემოდა ევროსპორტზე, ევრონიუსზე და შუქდებოდა აბსოლუტურად ყველა იმ გამოცემაში, რომელსაც ზამთრის სპორტის მოყვარულები კითხულობენ. საქართველოზე პოსტავდა 200-ზე მეტი სპორტსმენი და მწვრთნელი ორი კვირის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ზამთრის ტურიზმზე და უამრავი სრიალის მოყვარული ჩამოვა. ტურისტების დახარჯული ფულით კი ჩვენ ისევ ავდგებით და მინისტრებს ახალ მანქანებს ვუყიდით, რაც დარჩება,  იმას კი ქვეყანას მოვახმართ.

საქართველომ, როგორც საორგანიზაციო მხარემ, ქება და მაღალი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო კომიტეტისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურნირების რაოდენობა ჩვენს კურორტებზე კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად, აიწევს ჩვენი, როგორც მასპინძლის ექსპერტიზის დონე და 23 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში მოწოდების სიმაღლეზე შევხვდებით, შემდეგ კი ახალგაზრდულ ოლიმპიადასაც ვუმასპინძლებთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.