fbpx

ფერები ხელოვნებაში და მათი ზემოქმედება


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ფერები ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ისინი სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას, გრძნობებს, განწყობას და სხვადასხვა ემოციას უკავშირდება. თუ ფერები წარსულში რიტუალური დატვირთვას ატარებდა, დროთა განმავლობაში ისინი ახალ დანიშნულებას და მნიშვნელობას იძენს. 

ცნობილი აბსტრაქციონისტი მხატვრის – ვასილ კანდინსკის ინტერპრეტაციით, ყვითელი მიწიერი ფერია და ლურჯის შეზავებით ის, “ავადმყოფურ” ტონალობას იძენს. ღრმა ლურჯს უსასრულობაში გადავყავართ, შავის ზღვარზე კი ის ადამიანურ ნაღველს მოგვაგონებს, იასამნისფერი ჩამქრალი და სევდიანია; ღია, თბილი წითელი ძალის, ენერგიის, სწრაფვის, სიხარულისა და ტრიუმფის ფერია, ხოლო ცივი წითელი ახალგაზრდობის უბიწო სიხარულივით  ჟღერს. 

კანდინსკი შემთხვევით არ იყენებდა სიტყვას – “ჟღერს”, ფერწერა მისთვის ხილული მუსიკა იყო, ყველა ფერს მისთვის არა მხოლოდ ემოციური დატვირთვა, არამედ მუსიკალური ჟღერადობა ჰქონდა. კანდინსკის მოსაზების თანახმად, ღია ლურჯი ფლეიტას ჰგავს, მუქი – ვიოლონჩელოს, კიდევ უფრო ღრმა – კონტრაბასს. თეთრი და შავი მუსიკალურ პაუზას შეესაბამება, თუმცა თეთრი თემის, მოტივის დროებითი დასასრულია, მაშინ როდესაც შავი – ფინალი, რომელსაც ახალი სამყაროს დასაწყისი მოჰყვება. თუ წითლის თბილი ტონები ფანფარებს გვაგონებს, აგურისფერი საყვირის მსგავსად ჟღერს, ნარინჯისფერი კი ზარების ხმას ან ძლიერ ალტას ჰგავს. 

კანდინსკი მიიჩნევდა, რომ ფერები ადამიანის სულზე ზემოქმედების პირდაპირი საშუალება და ფერმწერის შემოქმედების ყველაზე ძლიერი იარაღია. “ფერი ფორმის გასაღებია, თვალი – ჩაქუჩი. სული კლავიშებიან პიანინოს ჰგავს. მხატვარი კი ის ხელია, რომელიც “ეფექტური ფორმით” ადამიანის სულს ამა თუ იმ გასაღების მეშვეობით აათრთოლებს”. 

2002 წელს დანიელ-ისლანდიელმა არტისტმა ოლაფურ ელიასონმა სინათლის ინსტალაცია შექმნა, სახელწოდებით “360 degrees room of all colors”. ცილინდრულ სტრუქტურაში ფერები 30-წამიანი ინტერვალით იცვლება, რაც საშუალო ადამიანის ოპტიკური აპარატის რეგულირების პეროდს შეესაბამება. ფერებთან ურთიერთობის მეშვეობით ავტორი აღქმის ჩვევებსა და შაბლონებს ცვლის და ფერების სამყაროში მოგზაურობის ახალ გამოცდილებას სთავაზობს მნახველს. 

რაც შეეხება ინსტალაციას “Room for one color”, მონოსიხშირული ნათურები სპექტრულ დიაპაზონს ყვითელსა და შავ ფერამდე ამცირებს და ოთახში ყველაფერი მონოქრომული ხდება. ეს მონოქრომული სივრცე ჩვენი ხედვის სიმულირებას ახდენს, რომელიც საშუალებას გვაძლევს საკუთარი თავი განსხვავებულად დავინახოთ. დამთვალიერებლებმა ეს გამოცდილება შავ-თეთრ სამყაროში გადასვლას შეადარეს, სადაც თითქოს ცდილობ იპოვო ფერი, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ ამ პროცესის მეშვეობით კიდევ უფრო აფასებ მის მნიშვნელობას. 

 

თუკი ფერი ხელოვანების შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად გვევლინება, პოსტმოდერნისტულ სამყაროში ის ზოგიერთ არტისტთანაც კი არის გაიგივებული. 2014 წელს ბრიტანულმა კომპანია Surrey NanoSystems-მა განაცხადა, რომ მათ “სუპერ შავი” ფერი გამოიგონეს, რომელიც ნახშირბადის ნანოტუბებისგან არის შექმნილი. შავზე შავი   – ანუ ვანტაბლექი (Vantablack) განსაკუთრებით უნიკალურია, რადგან ის 99.96%-ით შთანთქავს შუქს. 

ვანტაბლექმა ბრიტანელი სკულპტორის – ანიშ კაპურის დიდი ინტერესი გამოიწვია. იმავე წლის სექტემბერში მხატვარმა განაცხადა, რომ ვანტაბლექს თავის ნამუშევრებში გამოიყენებდა, წელიწად-ნახევარში კი მისი გამოყენების ექსკლუზიური უფლება მიიღო, რასაც ხელოვანთა დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მაგალითად, არტისტი სტუარტ სემპლი მიიჩნევს, რომ ვანტაბლექი მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეიძლება ეკუთვნოდეს და ის სხვა არტისტებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სემპლისა და კაპურის დაპირისპირებამ დიდი დებატები გამოიწვია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ფერი ექსკლუზიურად ერთ ადამიანს ეკუთვნოდეს. 

“ერთი კანდიდატურა უნდა შეგვერჩია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ანიში იქნებოდა იდეალური”, – განაცხადა NanoSystems-ის ტექნიკურმა დირექტორმა ბენ ჯენსენმა. “რადგან მისი ნამუშევრები შუქის ანარეკლისა და “სიცარიელის” თემის გარშემო ტრიალებს. ვანტაბლექს ხშირად “შავი ხვრელის ინკარნაციადაც” კი მოიხსენიებენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ NanoSystems-მა აღნიშნული მასალის ექსკლუზიური გამოყენების უფლება სწორედ ანიშ კაპურს მისცა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფერი არტისტის სახელთან არის გაიგივებული. ნიცის სანაპიროზე მწოლიარე ახალგაზრდა კაცმა – ივ კლაინმა, განაცხადა: “ლურჯი ცა ჩემი პირველი ნამუშევარია.”. 1960 წელს, ფრანგმა მხატვარმა ლურჯი ფერი დააპატენტა, რომელსაც საერთაშორისო კლაინის ლურჯი (International Klein Blue) უწოდა და მთელი მისი კარიერის განმავლობაში ექსკლუზიურად ამ პიგმენტს ხმარობდა. 

ამ უიშვიათეს პიგმენტს, რომელსაც “ლაპის ლაზულს” უწოდებნდნენ, ხელოვანები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. მას სახელი ულამაზესი ფერის გამო დაერქვა. ლათინური სიტყვა “’lapis”’  “ქვას ” ნიშნავს, ხოლო არაბულად, სიტყვა “’lazaward”’ ლურჯ ფერს. 1950-იანი წლებიდან კლაინი ექსპერიმენტებს ატაირებდა ულტრამარინის საღებავით. მისი მიზანი იყო ტილოზე შეენარჩუნებინა პიგმენტის ტექსტურა და სიკაშკაშე, რომელიც ჩვეულებრივ, ულტრამარისინის სხვა ნივთიერებასთან შერევისას ქრებოდა. 

1956 წელს, კლაინი ულტრამარინს სინთეტთიკური კუპრის შეურევს და სასურველ ეფექტს მიაღწევს. ეს აღნიშნული ფერი, მან პირველად 1950 წელს ლურჯი მონოქრომების სერიაში, ღრუბლის (sponge) მასალისგან შექმნილ სკულპტურებში და შემდეგ მოდელების შიშველ სხეულებზე მის ერთ-ერთ ცნობილ პერფორმანსში – Anthropométrie-ში  გამოიყენა. 

 

“ლურჯს არ აქვს განზომილება, ის მის მიღმაა, სხვა ფერები კი არა. ყველა ფერი გარკვეულ ასოციაციურ იდეებს იწვევს, მაშინ როდესაც ლურჯი ზღვის და ცის განსახიერებაა. საბოლოოდ, ისინი ხომ რეალური ხილული ბუნებაა, რაც ყველაზე აბსტრაქტულია.”. – ივ კლაინი. 

კლაინი 1962 წელს გარდაიცვალა, მაგრამ საერთაშორისო კლაინის ლურჯსი არსებობას დღესაც იყენებენგანაგრძობს. 

წითელ ფერს სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, წარმართულ ხანაში მას სისხლთან და რიტუალთან აიგივებდნენ. ანტიკურ რომში, მეწამული ფერის (purpura) ტანსაცმლის ტარება პიგმენტის სიძვირის და რთულად მოპოვების გამო, პრივილეგიას წარმოადგენდა. კათოლიკურ სამყაროში წითელი ქრისტეს სისხლის სიმბოლოს გამოხატავდა, დასავლურ კულტურაში კი ვნებაისა და სიყვარულის. თანამედროვბეობაში, მეტადრე განსაკუთრებით კინოხელოვნებაში, წითელ ფერთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს ესპანელ რეჟისორს – პედრო ალმოდოვარს, რომელიც წითელ ფერს ეკრანზე შესაბამისი დრამატული განწყობისა და ემოციის შექმნისთვის იყენებს. 

“ფერი ობიექტის იდეალიზაციას ახდენს და მას ხელოვნების ნიმუშის ღირებულებას ანიჭებს. ის ისხაზს უსვამს და აღრმავებს იმას, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემს ფილმებში – ისტორია და პერსონაჟის ემოციები. “წითელი ჩემი ინსტინქტური  არჩევანია. ის ძალიან ექსპრესიული ფერია და განასახიერებს სიცოცხლეს, ცეცხლს, სიკვდილს, სისხლს, ვნებას და მიხაკებს, რომელიც ერთ-ერთი უმინიშვნელოვანესი ყვავილი-სიმბოლოა ესპანეთში.”.

წითლის სხვადასხვა ვარიაცია რეჟისორის თითქმის ყველა ფილმში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას და ეფექტს ის ისეთ ფილმებში ახდენს, როგორიცაა არის: “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, “მთრთოლარე სხეული” (Carne trémula) და “დაბრუნება”. 

ფერს იმდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომ ფერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი – Pantone დიდი ხანია წელიწადში ერთხელ წლის ფერს ასახელებს. საინტერესოა, რომ 2021 წლის ფერი ამჯერად ორი ტონის – სრული ნაცრისფრის (17-5104 Ultimate Grey) და მანათობელი ყვითლის (13-0647 Illuminating) კომბინაცია იქნება. როგორც Pantone-მ აღნიშნა, ამეს ორი ფერის თა “ქორწინება” სიმშვიდეს, ძალას და იმედს გამოხატავს, რაც გასული მძიმე წლის შემდეგ სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.