fbpx

„ქამ ბექების“ მოლოდინში?! – ფეხბურთი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

გაზაფხულზე ევროპული ფეხბურთი „ენდშპილის“ ფაზაში შედის და სწორედ ამ პერიოდიდან ირკვევა, თუ რომელმა კლუბებმა დასახეს საუკეთესო სტრატეგია მთელი სეზონის მანძილზე, რამაც საბოლოო წარმატება მოუტანა მათ.

თუკი შარშანდელი სეზონის მიხედვით ვიმსჯელებთ, მიუნხენის „ბაიერნმა“ ნამდვილად სამართლიანად მოიგო ყველა ტურნირი, რადგან ალბათ არ მოიძებნება ფეხბურთის სპეციალისტი თუ რიგითი გულშემატკივარი, რომლის აზრითაც „რეკორდმაისტერის“ მიერ მოპოვებული რომელიმე ტიტული დაუმსახურებელი იყო.

მარტში ჯერ კიდევ ნაადრევია ევროტურნირების მომავალი გამარჯვებული გუნდების ვინაობასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება, მაგრამ პრეტენდენტების გამორჩევა რომ შესაძლებელია, ეს ჩემპიონთა ლიგის პირველმა მერვედფინალურმა მატჩებმაც ცხადყო.

უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთის გულშემატკივართათვის არასასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური რაუნდის შემდეგ, არაერთ წყვილში, თითქმის გადაწყვეტილია მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა.

მეორე მხრივ კი, ეს უჩვეულო „ქამ ბექების“ მოლოდინში ამყოფებს სეირის მოყვარულთ, რომლებიც, ტრადიციისამებრ, სიურპრიზს „პარი სენ-ჟერმენისა“ და “ბარსელონას“ განმეორებით მატჩში ელიან.

თითქოს ეს ამბავი წლეულს წარმოუდგენელია კატალონიელთა თავს მოხვეული არაერთი პრობლემიდან გამომდინარე, მაგრამ ვინ იცის, ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება? 

განა 2017 წელს ვინმე ელოდა, რომ „ბარსელონა“ პარიზულ კლუბთან გასვლაზე 0:4 წაგების შემდეგ, საოცრებას ჩაიდენდა და შინ, „კამპ ნოუზე“, ანგარიშით 6:1-ს მოიგებდა?

რონალდ კუმანის გუნდს ამ კვირაში მსგავსი სირთულის ამოცანის გადაჭრა უწევს. მართალია, გასვლაზე თამაშობს, მაგრამ ამჯერად მისთვის ოთხი ბურთის სხვაობით მოგებაც საკმარისი იქნება.

მთავარია მესის და მის თანაგუნდელებს ჰქონდეთ გამარჯვების რწმენა და მერე ვნახოთ. ნეიტრალური გულშემატკივარიც მეოთხედფინალში „ბარსელონას“ გასვლის შემთხვევაში გაცილებით მეტად იხალისებს და შეთქმულების თეორიის მიმდევრებსაც სალაპარაკო თემა ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირებამდე მიეცემათ…

მაგრამ წლევანდელი „ბარსელონა“ იმდროინდელთან შედარებით რომ სუსტია, ესეც ნუ დაგვავიწყდება. 

კატალონიელებმა საბრძოლო განწყობა გასულ კვირას ესპანეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში გამოავლინეს „სევილიას“ წინააღმდეგ, როდესაც მეტოქეს ორბურთიანი სხვაობა მატჩის დამატებულ წუთებზე ამოუქაჩეს და გამარჯვების გოლი დამატებით დროში გაუტანეს.

თუმცა, იქამდე „სევილიას“ პენალტით წონასწორობა რომ აღედგინა, „ბარსელონას“ ქომაგები თავიანთი სათაყვანებელი გუნდის კიდევ ერთი ფიასკოს შემსწრენი გახდებოდნენ.  

თუკი პეპ გვარდიოლას ყოფილი გუნდი ამჟამად დიდი პრობლემების წინაშეა, სრულიად განსხვავებული ვითარებაა მის ამჟამინდელ კლუბ „მანჩესტერ სიტიში“. 

„მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სეზონის საწყის ეტაპზე პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშიც კი იმყოფებოდა. „ბოქსინგ დეიდან“ მოყოლებული კი გასულ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხამდე მან ყველა თამაში მოიგო და პრემიერლიგის მორიგი ტიტული პრაქტიკულად უკვე გაინაღდა.

აქედან გამომდინარე, თუკი მიმდინარე სეზონში რომელიმე ტოპ კლუბის მოგებიან სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ, ეს აუცილებლად „მანჩესტერ სიტია“.

აი „ლივერპული“ კი, რომელიც ერთხანს პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდა, ამჟამად ზედა ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვის და დღევანდელი გადასახედით, ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ უნდა გაუჭირდეს.

„ლივერპულისგან“ განსხვავებით, „ჩელსიმ“ კლუბში „პარი სენ-ჟერმენიდან“ გათავისუფლებული მწვრთნელის, თომას ტუხელის მისვლის შემდეგ როგორც თამაშის ხარისხი, ისე შედეგიც აშკარად გააუმჯობესა. 

გასულ კვირას, ლონდონურმა კლუბმა აშკარად დაჯაბნა თავისი მეტოქე „ენფილდზე“ ჩატარებულ პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში.

იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერი გააწყო თომას ტუხელის მიერ პირველი წუთებიდანვე შეთავაზებული მაღალი პრესინგის წინააღმდეგ, რომელიც თანდათანობით „ლივერპულის“ დაცვით ხაზში ხვრელების აღმომჩენ უმძლავრეს შემტევ ძალაში გადაიზარდა.

გამარჯვების გოლი „ჩელსიმ“ პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, როდესაც მაუნთის ინდივიდუალური ქმედებების წინააღმდეგ მასპინძელთა მცველებმა ვერაფერი გააწყვეს.

დაწინაურებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ჩელსის“ ტიმო ვერნერის მიერ გატანილი გოლი საეჭვო თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაეთვალა. იმ ეპიზოდში მორიგი შეცდომა კარიდან დაუფიქრებელი გამოსვლით, მერსისაიდელთა კარის დარაჯმა ალისონმა დაუშვა.

საგულისხმოა, რომ გოლი მეორე ტაიმშიც არაერთხელ მომწიფდა „ლივერპულის“ კართან, რომლის თავდამსხმელთა ტრიომ თავის მხრივ, მთელი მატჩის განმავლობაში, ერთხელაც ვერ შეძლო სტუმართა სენეგალელ გოლკიპერ მენდის შეწუხება. 

აშკარა კრიზისის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე „ლივერპული“ ფავორიტის რანგშია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრემიერლიგის შარშანდელმა ჩემპიონმა „ენფილდზე“ „ლაიპციგს“ რევანშის საშუალება მისცეს.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, პრემიერლიგა ევროპის ლიგაზეც სამი გუნდითაა წარმოდგენილი და თითქოს ამ ტურნირზე უფრო დიდია ინგლისური კლუბის გამარჯვების შანსი, რადგან შედარებით სუსტი კონკურენტების ფონზე, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და კრიტიკის ქარცეცხლში მყოფი ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ ყველაფერს იღონებენ სეზონში ერთადერთი ტიტულის მოსაპოვებლად.

ნურც ლონდონის „არსენალს“ დავივიწყებთ, რომელიც ტრადიციული „დიდი ექვსეულის“ გუნდებს შორის ყველაზე სუსტად გამოიყურება, მაგრამ მისგან აფეთქება გაზაფხულზე მაინც მოსალოდნელია.

ევროპის ლიგის სათამაშო წყვილთაგან კი განსაკუთრებულ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „მილანის“ დაპირისპირება იწვევს. 

ერთი შეხედვით, გუნდების შანსები თანაბრად შეიძლება შეფასდეს. სიტუაციის გაანალიზების შემთხვევაში კი აღმოჩნდება, რომ წყვილში ფავორიტი „მანჩესტერ იუნაიტედია“, რადგან თუკი სულშერის გუნდს წლევანდელ სეზონში პრემიერლიგის ზედა ოთხეულში ადგილის მოპოვებასთან ერთად, სხვა რაიმე ტიტულის დაუფლებაც არ აწყენდა, „მილანისთვის“ ეს ტიტული „სკუდეტოს“ დათმობის შემთხვევაშიც კი, ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზური იქნება. 

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე კი 12 ტურია დარჩენილი და „როსონერისთვის“ ამჟამინდელი მეორე ადგილის შენარჩუნება აშკარად გართულდება, თუკი ის ევროპის ლიგის მოგებაზე იფიქრებს…   

„მილანმა“ მეთექვსმეტედფინალში სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ ბარიერი მეტოქის მოედანზე ერთით მეტი გატანილი ბურთის მეშვეობით დაძლია, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი მიწასთან გაასწორა არცთუ ისე ხელწამოსაკრავი „სოსიედადი“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების შემთხვევაში „როსონერი“ შეამზადებს ევროარენაზე ძლევამოსილ დაბრუნებას, თან ფეხბურთის მოყვარულებს გაახსენებს მის მწვრთნელ სტეფანო პიოლის შემოდგომაზე მოცემულ დანაპირებს, რომ „მილანი“ ევროპის ლიგაზე ბოლომდე აპირებს დარჩენას. 

თუმცა, ამ განცხადების შემდეგ, მისი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე შინ სამარცხვინოდ, ანგარიშით 0:3 დამარცხდა „ლილთან“, რომელიც ევროპის ლიგას მეთექვსმეტედფინალში ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა – ამსტერდამის „აიაქსმა“ გამოასალმა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.