fbpx

პიკფუდი – ქართული აპლიკაცია საკვების ფუჭად ხარჯვის წინააღმდეგ


გააზიარე სტატია

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში არსებული საკვების ერთი მესამედი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება ხოლმე. ეს კი იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც დედამიწაზე  მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს. გარდა საკვების ფუჭად გახარჯვისა, მისი ბუნებაში მოხვედრა გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

რესურსების ფუჭად ხარჯვის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა სახის კამპანია იმართება მსოფლიოში. 

ფართოდ გავრცელებულია საკვებად ვარგისი პროდუქტის და კერძების, რომელთა გამოყენების ვადაც მალე იწურება, შეღავათიან ფასად გაყიდვის ორგანიზება. თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოხერხებულია მობილური აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც სხვადასხვა სუპერმარკეტებთან, ასევე კერძო პირებთან თუ საკვებ ობიექტებთან დაკავშირება და გარკვეული პირობებით პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად ყიდვა. 

2021 წლის დასაწყისში საქართველოშიც გამოჩნდა მსგავსი აპლიკაცია pikfud, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა რესტორანთან აკავშირებს.

 

 

პიკფუდის შექმნის იდეა საზღვარგარეთ სასწავლებლად მყოფ  სტუდენტებს – ორხან რახიმოვს და ნიზამ მამედოვს დაებადათ, სადაც გაიგეს მსგავსი აპლიკაციის არსებობის შესახებ  და ის, თუ როგორ ებრძვიან განვითარებული ქვეყნები ზედმეტი საკვების წარმოებას. მათ გადაწყვიტეს ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაენერგათ. შექმნეს გუნდი და მუშაობა დაიწყეს იდეის რეალიზაციისთვის. 9 თვე მუშაობდნენ აპლიკაციისა და ბიზნეს დეველოპმენტზე, რის შედეგადაც 27 იანვარს შესაძლებელი გახდა აპლიკაცია და სერვისი მომხმარებლამდე მისულიყო.

“პიკფუდთან ერთად რესტორნებს, კაფეებს, საკონდიტროებსა და მარკეტებს შეეძლებათ ჩვენს აპლიკაციაში მარტივად ატვირთონ საკვები, რომელიც დღის განმავლობაში ვერ საღდება, ამის შემდგომ მომხმარებელს შეეძლება შეღავათიან ფასად შეიძინოს პროდუქტი და მივიდეს ადგილზე  მის  ასაღებად. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს პარტნიორებს შექმნან ახალი შემოსავლის წყარო და ამავდროულად, იზრუნონ გარემოზე. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათაც წვლილი შეაქვთ გარემოზე ზრუნვაში და ყიდულობენ სრულიად ჯანსაღ საკვებს შეღავათიან ფასად”.

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია იანვრის ბოლოს ჩაეშვა, ის უკვე 10-მდე კაფესა  და საკონდიტროსთან თანამშრომლობს, ხოლო დარეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვი 1000-ია.

იმისთვის, რომ საკვებმა ობიექტმა პიკფუდთან ითანამშრომლოს, თავიანთი მონაცემები უნდა შეიყვანონ ვებგვერდზე  www.pikfud.com, ან მისწერონ ელექტრონულ ფოსტაზე  [email protected], რის შემდეგაც კომპანიის თანამშრომლები დაუკავშირდებიან. აპლიკაციის ჩამოტვირთვა კი შეუძლია როგორც ანდროიდის, ასევე IOS სისტემის მომხმარებელს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.