fbpx

დაუსრულებელი ზღაპრები – ინტერვიუ ანკა ბოჭორიშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაბელაია

ანკა ბოჭორიშვილი ქართველი თვითნასწავლი ხელოვანია, რომელიც, ძირითადად, გრაფიკაზე მუშაობს. მის ნამუშევრებში აღსანიშნავია სიუჟეტების ზღაპრულობა, პერსონაჟების განმეორებითობა და ხატვის სპეციფიკური ტექნიკა, ამ ყველაფრის ერთობლიობა კი, საბოლოო ჯამში, ანკას უნიკალურ ენას ქმნის. 

 

AT_: ანკა, შენი ნამუშევრები თითქოს სხვა სამყაროს ამბებს ჰყვებიან. ეს უცნობი და, ერთი შეხედვით, უტოპიური სამყაროა, სადაც მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და რობოტები ჰარმონიულად ცხოვრობენ. მოგვიყევი მეტი ამ სამყაროსა და მის ბინადრებზე.

ა.ბ.: სამყარო და პერსონაჟები, რომლებსაც ვხატავ, არარსებული, დაუსრულებელი ზღაპრების ნაწილებია. ძირითადად, ეს არის სამოთხის ბაღების ადგილები, ყვავილებით და ჩამოსაჯდომი სკამებით. მყავს ბევრი მომვლელი, მებაღეი, ექიმი და ძიძა. 

 

AT_: შენი გრაფიკებისთვის ხშირად არჩევ სხვადასხვაგვარ, არაორდინალურ ზედაპირებს, როგორიცაა, მაგალითად, ძველი მანქანების ექსტერიერის დეტალები. გარდა ამისა, გიმუშავია სკულპტურებსა და ინსტალაციებზეც. როგორ არჩევ მასალებს და მედიუმებს და რომელია შენთვის ყველაზე ახლოს და სამუშაოდ კომფორტული?

 

ა.ბ.: ყველაზე ახლოს ჩემთვის პატარა, უფერო ნახატების ხატვაა. თუმცა, მიყვარს ძერწვა, რაც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე. ნამუშევრების სერია, რომელიც სხვადასხვა ძველ მასალაზეა შესრულებული, მაქს მაჩაიძესთან კოლაბორაციით შეიქმნა. მაქსს პერიოდულად მოჰქონდა თავისი შერჩეული ობიექტები, რაზეც შემდგომ მე ვხატავდი.

AT_: მოგვიყევი Stupid kid factory-ზე. რა როლი ითამაშა არტისტების ამ დაჯგუფებაში ყოფნამ შენი, როგორც მხატვრის განვითარებაში?

 

ა.ბ.: Stupid kid factory-ს გამოფენებით პირველად გამოვჩნდით სახელოვნებო სივრცეში. ჩემთვის, როგორც მწირი გამბედაობის მქონე ადამიანისთვის, ამ დაჯგუფებაში ყოფნამ დიდი როლი ითამაშა. სწორედ აქ გადავდგით ერთად  ის პირველი ნაბიჯები, რამაც შემდგომ “არტისტად” ჩამომაყალიბა.

 

AT_: მარტში გამოიცა ვაჟა ფშაველას მოთხრობა “ია”, რომელიც  სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილი შენი ილუსტრაციებითაა გაფორმებული. როგორი გამოცდილება იყო ამ წიგნზე მუშაობა?

 

ა.ბ.: სულ მინდოდა წიგნის ილუსტრატორობა მეცადა, ამიტომ, ამ წიგნზე მუშაობა ჩემთვის  მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ჩემთან ახლოსაა ის შეგრძნებები, რომლებიც ამ ნაწარმოებს მოჰყვება.  ახლა ვმუშაობ მეორე წიგნზე, ისევ ვაჟა ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობზე”.

 

AT_: სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი –  “ქარი” გამოჩნდა. მოგვიყევი შენი და “ქარის” კოლაბორაციის შესახებ.

 

ა.ბ.: “ქარი” ჩემი მეგობრების დაწყებული პროექტია, რომელშიც იდეის დაბადებიდანვე ჩართული ვარ. ვიმუშავე აპლიკაციის დიზაინზე, მის სიმბოლოებზე, გავაკეთე ილუსტრაციები საიტისთვის და “ქარის” ტანსაცმლისთვისაც. 

AT_: ანკა, რას ფიქრობ თანამედროვე ქართულ არტ სივრცეზე? რა მოგწონს და, შენი აზრით, რა აკლია მას?

 

ა.ბ.: სამწუხაროდ, ბოლო დროს ხშირად არ ვესწრები და არ  ვმონაწილეობ გამოფენებში. ალბათ, კარგი იქნებოდა მეტი მარტივი დაფინანსება, რომ ახალგაზრდა ხელოვანებს შეეძლოთ თავიანთი ნამუშევრების შექმნა. სხვა მხრივ, ვხედავ, რომ  ბევრი ახალი, კარგი გალერეაა, რომლებიც ხშირად ფენენ ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.