fbpx

განათების ოსტატი – ჯეიმს თიურელი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

არტისტ ჯეიმს თიურელს 6 დღე რჩებოდა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოფენის მოსამზადებლად, რომელიც 11 ინსტალაციას მოიცავდა ლოს-ანჯელესის ქაუნთის მუზეუმისთვის, მას არცერთი მათგანი მზად არ ჰქონდა და საკმაოდ რთული ტექნიკური პრობლემების წინაშე იდგა – კომპიუტერი, რომელშიც ამ განათების დიზაინი ააწყვეს, რუსეთიდან ტრანსპორტირების დროს დაზიანდა, ლინზები, რომლებიც ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ინსტალაციებისთვის, ჩამოსვლას აგვიანებდა ფრანკფურტიდან. 

როდესაც თიურელმა Lacma-ს დირექტორ მაიკლ ჯოვანთან დაიწუწუნა, მან უპასუხა “ჯობდა მხატვარი ყოფილიყავი, თავს აარიდებდი 5-წლიან დაგეგმვას, 3-თვიან კონსტრუქციას და მაინც დაუსრულებელ ხელოვნების ნიმუშებს”.

 

 

THE SPACE THAT SEES (1992)

არტისტის ეს ნამუშევარი ერთ-ერთი პირველია მის  სერიაშიSkyspace, რომელიც თიურელმა 1960 წელს დაიწყო. ამ ნამუშევრებს აერთიანებთ ურთიერთქმედება გარემოსა  და ატმოსფერულ ცვლილებებთან დროთა განმავლობაში. ყველა ინსტალაციაში დამთვალიერებელი ერთფეროვანი, ცარიელი სივრციდან აკვირდება ცას და მისი ფერის ცვლილებას. 

ნამუშევარში – THE SPACE THAT SEES არტისტმა აირჩია იერუსალიმში, Art Garden-ის დასავლეთ ფერდობზე მდებარე ნახევარწრიული ტერასა. ადგილი ორ ნაწილად გაჭრეს და სივრცე მიწის ქვემოთ ისეა მოწყობილი, რომ სალოცავის მსგავს ატმოსფეროს ქმნის, დაახლოებით ისეთს, როგორიც მავზოლეუმებში, პირამიდებსა და ტაძრებშია. 

ნაგებობის ჭერზე ამოჭრილი კვადრატული ჩარჩო ქმნის ცის მუდმივად ცვალებად აბსტრაქტულ  სურათს. ცარიელ თეთრ ოთახთან კონტრასტში ეს ღიობი ბაროკოს პერიოდის ნახატს მოგვაგონებს. სივრცე, რომელიც ხედავს – ასე ითარგმნება ამ პროექტის სახელი და დამთვალიერებელში  მედიტაციურ გამოცდილებას იწვევს. 

 

 

ENCOUNTER (2015)

ჯეიმს თიურელის ეს ნამუშევარი პირველი ე.წ. SKYSCAPER-ია ლათინოამერიკაში, კულიაკანის ბოტანიკურ ბაღში, მექსიკაში. ელიფსურ, მწვანე ობსერვატორიაში დამთვალიერებლები ვიწრო კორიდორით შედიან, საიდანაც შეუძლიათ  თვალი ადევნონ ცის ფერების მონაცვლეობას, რომელიც ნაგებობის შიდა ორბიტაზე სხვადასხვა ელფერით გამოისახება. 

 

არტისტის Skyspace სერია ბევრ მსგავს ნამუშევარს აერთიანებს – ოთახებიდან, რომლებსაც ჭერზე ამოჭრილი ღიობი აქვთ,  მკვეთრად მოჩანს ცა. თიურელისთვის ეს ინსტალაციები ერთგვარი სინათლის ალეგორიაა. 

 

ჯეიმს თიურელი 1943 წელს დაიბადა პასადენაში, კალიფორნიაში, კვაკერების ოჯახში. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს ისტორიას, როდესაც კვაკერების შეკრებაზე ბებიამისთან ერთად იჯდა 6 წლის ასაკში, შეხვედრის დასაწყისში ყველამ თვალი დახუჭა, თიურელს ეს გაუკვირდა, რაზეც ბებიამ უპასუხა: “დაელოდე, ჩვენ სინათლესთან შესახვედრად ვემზადებით”. 

ეს ეპიზოდი არტისტს სამუდამოდ დაამახსოვრდა და საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მის შემდგომ ჩამოყალიბებაზე. 16 წლის ასაკში თიურელმა მამამისის მსგავსად პილოტის ლიცენზია აიღო და ერთი პერიოდი ლაოსში საჰაერო ძალების დაზვერვის მფრინავი იყო. 

1965 წლიდან არტისტი ფსიქოლოგიასა და პერცეფციაზე სწავლობდა, მისი შემდგომი არტისტული წარმატებაც ალბათ ამ საკითხებისადმი მისმა ხედვამ განაპირობა, როგორ თავად აღნიშნავს, შეუძლებელია განათების და ფერის აღქმის პროფესიულად შესწავლა, რადგან აღქმა სხვადასხვანაირია და სწორედ ეს არის საინტერესო. 

მისი შემოქმედება დაფუძნებულია იდეაზე, რომ ხელოვნების ნიმუში სხვადასხვა, არატრადიციული მასალებისგან შეიძლება შეიქმნას. ის გარდაქმნის განათებას ხელოვნებად ადამიანის ხედვის მანიპულაციის მეშვეობით. მისი ინსტალაციების შესაქმნელად კარგად გამართული, ინოვაციური კომპიუტერული ტექნიკაა საჭირო. 

 

BRIDGET’S BARDO

ამ ნამუშევარში, რომელიც თიურელის GANZFELDS სერიას ეკუთვნის, არტისტი შემაშფოთებელ გამოცდილებას ქმნის, რომელსაც განცფელდის ეფექტსაც უწოდებენ (Vision in the Ganzfeld). დამთვალიერებელი ხვდება სივრცეში, სადაც სხვადასხვა კუთხიდან და განათების ცვალებადობის მეშვეობით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გამოცდილებას იღებს. ამ მანიპულაციებს კიდევ უფრო ამძაფრებს სივრცეში ფერის მკვეთრი გამოყენება. 

 

GANZFELDS-ს ამ სერიის ნამუშევრებს აერთიანებთ განცფელდის ეფექტი: ეს არის გერმანული ფენომენი, რომელიც სიღრმის აღქმის სრულ დაკარგვას ნიშნავს. 

 

LIGHT RAIMENT II (2008)

თიურელის ეს ნამუშევარი მის ARCHITECTURAL LIGHT-ის სერიას ეკუთვნის. ამ თანამშრომლობამ ჯონ ვულფის სახლი ღამით კოლუმბიის შუქურად აქცია. LIGHT RAIMENT II არის პერმანენტული ინსტალაცია, რომელიც აღჭურვილია 7000 კომპიუტერით კონტროლირებადი LED სინათლის წყაროებით. 

ARCHITECTURAL LIGHT თიურელის კიდევ ერთი სერიაა, რომელიც არსებული შენობების საინტერესოდ განათებას ითვალისწინებს.

თიურელს მიიჩნევენ 1960-იანი წლების შუა პერიოდის კალიფორნიის სინათლისა და კოსმოსური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებლად. როდესაც თიურელი ქმნის ინსტალაციას გალერეისთვის, სივრცის კედლებზე, ჭერსა და იატაკზე სპეციალური განათებები ეწყობა, რომ დამთვალიელებელს შეგრძნება ჰქონდეს, თითქოს უსასრულო სივრცეში დგას და ამით განათების აღქმის განსხვავებული შთაბეჭდილება მიიღოს. 

როგორც თავად არტისტი ამბობს, მისი ინსტალაციები – “შენ ხედავ  როგორც უყურებ” (you can see yourself see) – ეს  მისი თვითგამოხატვა კი არა, უფრო დამთვალიერებლის შეგრძნებაა, როგორ აღიქვამს თავისივე ხედვას. 

ინსტალაციებში ისეთი განცდა იქმნება, თითქოს ამ სინათლის ხელით შეხებაც შესაძლებელია. ასეთი გარემოს ტექნიკურად მოწყობაშიც ჯეიმს თიურელი ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია. 

WEDGEWORKS არტისტის კიდევ ერთი სერიაა, რომლის ფოკუსიც  განათების მეშვეობით კედლის ან ბარიერის ილუზიის შექმნაა. 

PROJECTION PIECES თიურელის უფრო ბოლო პერიოდის სერიაა, და ეს ნამუშევრები იქმნება ოთახის მოპირდაპირე კუთხიდან ერთი, კონტროლირებადი სინათლის სხივის პროექციით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.