fbpx

იკატი – ქსოვილის ხელოვნება


გააზიარე სტატია

ავტორი: ანანო აბდუშელიშვილი

 

იკატი უძველესი აღმოსავლური ტრადიციული ხელნაკეთი ქსოვილია, რომლის წარმოშობის ისტორიაც აზიის ქვეყნებიდან იწყება – იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. ქსოვილის სახელწოდების ეტიმოლოგია სწორედ მისი შექმნის ტექნოლოგიაზე მიგვითითებს. იკატი – მალაიზიური სიტყვაა და ნიშნავს განასკვას ან ერთმანეთთან დაკავშირებას.

იკატის სამშობლოდ უზბეკეთი სახელდება. აბრეშუმის გზის ქარავანთა მარშრუტი: ბუხარა, სამარყანდი, ნამანგანი, კოკანდი და ფერგანას ხეობის ქალაქი მარგილანი. სწორედ ამ ქალაქებში აწარმოებენ ნაციონალურ ტექსტილს უძველესი დროიდან, მესამე საუკუნიდან.

მეცხრამეტე, მეოცე საუკუნეში ქსოვილის წარმოება უფრო და უფრო განვითარდა და მოთხოვნაც გაიზარდა დასავლური ქვეყნებიდან. ბევრმა ფაბრიკამ  აღადგინა ტრადიციული მეთოდით ქსოვილის წარმოება. ამის შემდეგ იკატი   ბევრ ქვეყანაში გახდა პოპულარული.

მარგილანის ტექსტილის ცენტრი იუნესკომ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად დაასახელა. ტექნიკა ასეთია: სანამ ძაფები შეიღებება, ისინი კვანძებად ნაწილდება, რომელიც შემდგომ ქმნის უნიკალურ და ფერებით გაჯერებულ ვიზუალს.

ქსოვილის წარმოება იყოფა ორ ეტაპად: პირველი და მნიშვნელოვანი  აბრეშუმის ჭიების კულტივაცია და მათი გარსიდან აბრეშუმის მიღებაა.

ეს ტექნოლოგია, ნატურალური აბრეშუმის ქსოვილის მიღება, დაიწყო ქრისტეს შობამდე ათასი წლის წინ და მას მერე არაფერი შეცვლილა. აბრეშუმის ჭია ცოცხლობს 40 დღე, ამ პერიოდში ის დაახლოებით 7-8 სმ-მდე იზრდება.  მათი მოვლა დიდ შრომას მოითხოვს. ისინი მარტივად რეაგირებენ ტემპერატურაზე და ძალიან მგრძნობიარენი არიან. რეალურად აბრეშუმის ძაფი არის სითხე, რომელსაც ჭიების ჯირკვლიდან იღებენ, შემდეგ კი ჰაერთან კონტაქტში უფრო მყარდება. როდესაც აბრეშუმის გარსი ყალიბდება, მას სითბოში მოათავსებენ და აშორებენ მუხლუხოებს. ამის შემდეგ მდუღარე წყალში ალბობენ, იმისთვის რომ გათავისუფლდეს ცილოვანი წებოსგან.

ძაფის სიგრძე დაახლოებით 350/1000 მეტრამდეა, 1 კგ აბრეშუმის მისაღებად საჭიროა 18 კგ აბრეშუმის ჭია.

ამის შემდეგ ძაფები ირეცხება, ინასკვება და მზადდება შესაღებად. 

შეღებვის შემდეგ კი ისინი უკვე დაზგაზე იჭიმება და ამზადებენ  საქარგავად.

ძაფები ერთად ინასკვება და იღებება ჭრელ ფერებად: ყვითლად, ლურჯად, წითლად. თუ ქსოვილში ბევრი ფერი ჭარბობს, ამით ვხვდებით, რომ დიდი შრომა დასჭირდა ამ პროცესს.

ქსოვილის ყველა ნიმუში გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და მხატვრული ორნამენტებით. ხშირად გვხვდება სხვადასხვა ფორმები: ამულეტი, სავარცხელი, ნამგალი, ნუშის ხე, ბროწეული, მთვარე, პეპელა, მორიელი…

იკატის ვიზუალი საკმაოდ ელეგანტური და ეგზოტიკურია. მას ხშირად იყენებენ როგორც მოდის ინდუსტრიაში, ასევე ინტერიერში. ევროპული მოდის სახლები  ინსპირაციის წყაროდ ასახელებენ და შემდეგ  მათ კოლექციებში ვხვდებით.

დრის ვან ნოტენი, ოსკარ დე ლა რენტა, ჰერმესის სახლი, ეტრო – ტრადიციულ ქსოვილს ხშირად ნახავთ  დიზაინერების შემოქმედებაში.

იკატი – იმპროვიზაციაა და ოაზისის ხასხასა პალეტი. იკატი შეიძლება იყოს აბრეშუმის, ბამბის და ვისკოზის. ყველას თავისი სახელწოდება აქვს. თუ ქსოვილი აბრეშუმის და ბამბის ძაფებისგან არის მოქსოვილი, მას ადრასს უწოდებენ, თუ მხოლოდ აბრეშუმისგან – ხონ ატლასს. არსებობს ასევე ბახმალი – რომელიც უფრო სქელი შალით იქარგება.

იკატის შექმნის ტექნიკა დიდ შრომას მოითხოვს, რადგან ყველაფერი ხელით კეთდება. ხანდახან ზუსტი ფერის მისაღებად სამჯერ ან ოთხჯერ უწევთ შეღებვა, მაგრამ, საბოლოოდ,  უნიკალური ქსოვილი გამოდის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.