გრემი 2021: ბიონსე დაჯილდოების რეკორდსმენი გახდა
14 მარტს ლოს-ანჯელესში მდებარე Convention Center-მა პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების, გრემის 63-ე ცერემონიას უმასპინძლა. კოვიდპანდემიის გამო ნაწილობრივ ციფრულად გამართულ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, ოთხი გრემის ჯილდო პოპვარსკვლავს, ბიონსეს ხვდა წილად, რომელიც ნომინაციების რაოდენობის (9) მხრივაც ლიდერობდა.
ბიონსე საუკეთესო R&B შესრულებისთვის (“Black Parade”), საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის (მეგან თი სტალიონთან ერთად – “Savage”), საუკეთესო რეპ -სიმღერისა (მეგან თი სტალიონთან ერთად – “Savage”) და საუკეთესო კლიპისთვის (“Brown Skin Girl”) დაჯილდოვდა. მუსიკოსის 2020 წლის შემოქმედება რასიზმისა და ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიით იყო გამორჩეული. იგი წელს გრემის ორმაგი რეკორდსმენიც გახდა – მას მუსიკოს ქალებს შორის ყველაზე მეტი, 79 ნომინაცია დაუგროვდა, 28 მოპოვებული ჯილდოთი კი მაიკლ ჯექსონის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა.
რაც შეეხება გრემის მთავარ ჯილდოს – წლის საუკეთესო ჩანაწერს, იგი ბილი აილიშს ერგო სიმღერისთვის “Everything I Wanted”. 19 წლის შემსრულებელმა მეორე ჯილდო საუკეთესო საუნდტრეკისთვის მოიპოვა ფილმიდან No Time to Die.
წლის საუკეთესო სიმღერის წოდება გაბრიელა სარმიენტო უილსონის, იგივე H.E.R.-ის ჰიტს ერგო, რომელიც გასულ წელს, პოლიციის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ისტორიითაა შთაგონებული.
საუკეთესო პოპ სოლო შესრულებისთვის თინეიჯერების კერპი ჰარი სტაილზი დაჯილდოვდა, როკ შესრულებისთვის კი – ფიონა ეპლი.
წლის საუკეთესო ალბომად ტეილორ სვიფტის Folklore დასახელდა, საუკეთესო ახალი შემსრულებლის წოდება კი მეგან თი სტალიონს ერგო, რომელსაც ჯამში სამი გრემი მოიპოვა.
გრემის წლევანდელი დაჯილდოება კრიტიკის მხრივაც იყო გამორჩეული. დაჯილდოება მკაცრად გაკიცხა პოპულარულმა შემსრულებელმა The Weeknd-მა, რომელიც მისი გახმაურებული ალბომითა (After Hours) და ჰიტით (“Blinding Lights”) ნომინირებას ელოდა. სამი გრემის ჯილდოს მფლობელ მუსიკოსს მხარი დაუჭირა ეშლი ნიკოლეტ ფრანჯიპანემ, იგივე Halsey-მ, რომლის ალბომი Manic უპრესტიჟულესმა მუსიკალურმა დაჯილდოებამ ასევე უყურადღებოდ დატოვა. წლევანდელი გრემი ასევე გააკრიტიკა ბრიტანელმა ზაინ მალიქმა, რომელიც ხმების მიცემის პროცედურით იყო უკმაყოფილო, ხოლო ჯასტინ ბიბერი მისი ალბომის (Changes) R&B ჟანრის ნაცვლად პოპის კატეგორიაში წარდგენამ გააღიზიანა.
წყარო: https://www.grammy.com/