“შიდა სამზარეულო”, ტალღოვანი მუყაო და არტისტული წიგნები – სოფო ტაბატაძის ქაღალდის სამყარო
ფოტო: ნინო ალავიძე
ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი ქართული კომპანია “მუკაო”, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიც სოფო ტაბატაძეა, ბერლინში მცხოვრები ქართველი ხელოვანი. სოფო სხვადასხვა მედიუმში მუშაობს და მათგან ერთ-ერთი ქაღალდია.
“მუკაოს” პირველი პროდუქტი, მრავალფუნქციური საქაღალდეა გასაფერადებლებით – “შიდა სამზარეულო”, რომელიც უკვე მზადაა და იყიდება. მუყაოს საქაღალდეში სოფოს 12 ნახატი დევს გასაფერადებლად, ეს პანდემიის დროს სახლში ყოფნისას შექმნილი მისი ნამუშევრებია, რომლებიც ერთნაირად საინტერესო შეიძლება იყოს ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.
ამ ნახატებში სოფოს და მისი შვილის, ფილიპეს სამყაროები ერთმანეთს კვეთს და ერთად თანაცხოვრობს. პანდემიამ დრო, რომელსაც ერთად ატარებდნენ, გაზარდა და სივრცე, რომელიც უფრო ფართო და მრავალფეროვანი იყო, დაავიწროვა – ახლა გარეთ დაკეტილი მუზეუმების ნაცვლად ფილიპეს აშენებული მუზეუმი მათ სახლში ფუნქციონირებს, სოფო კი ცდილობს, სახელოსნოს ნაცვლად სახლში იმუშაოს და მარტივად მოსახმარ A4 ფორმატის ქაღალდებზე გადააქვს ყოველდღიურობა.
View this post on Instagram
“მუკაოს” მიზანი შემოქმედების, თამაშისა და შემეცნების გაერთიანებაა – საბავშვო და არასაბავშვო პროდუქცია, რომელსაც შექმნის, მხოლოდ ბავშვებისთვის არ იქნება განკუთვნილი. მთავარი პრინციპი ისაა, რომ ისე გავერთოთ და ვითამაშოთ, რომ ნაკლებად დავაზიანოთ გარემო, მოვიხმაროთ ნაკლები პლასტიკა და პროდუქტი მეტი ნარჩენების გარეშე.
“მუკაო” უახლოეს მომავალში ორ ახალ პროდუქტს გამოუშვებს: ერთი ხუთკუნჭულას მუყაოს სახლი იქნება, რომელსაც 5 კუთხე ექნება და ბავშვს შეეძლება თავად ააშენოს, შიგნით ითამაშოს, დაიმალოს და კედლები სურვილისამებრ მოხატოს, მეორე კი მუყაოს აგურები, სახელად “აგური ტალახის გარეშე”, რომელიც შეიძლება როგორც ბავშვებმა, ასევე უფროსებმა გამოიყენონ მაგალითად, ოთახების გასატიხრად.
ქაღალდი სოფოსთვის ნაცნობი მედიუმია. ნიუ-იორკში სწავლის დროს ქაღალდის კეთების კურსიც კი ჰქონდა აღებული. სხვადასხვა დროს აკეთებდა არტისტულ წიგნებს – პირდაპირი კავშირის დანახვა წინა ნამუშევრებსა და მუყაოს პროდუქციას შორის უჭირს, თუმცა ამბობს, რომ საბოლოოდ ყველაფერი ერთი, დიდი ხნის დაწყებული ხაზის გაგრძელება გამოდის.
სოფოს უყვარს ხაზები, არქიტექტურა, გარემოდან იმპულსების აღება და ამბობს, რომ, მაგალითად, გასაფერადებლებზე მუშაობისას მასზე გავლენას ახდენდა სახლში არსებული ეკლექტური გარემო, სადაც შეიძლება სათამაშო ხვლიკი წებოვანი ლენტით იყოს მიბმული ციგაზე, ან ისეთი ნაგებობები იყოს აშენებული, რომლის ალაგებისასაც ფიქრობ, ხომ არ ჯობია მის დაშლას, დაგეხატა.
სოფო ბერლინიდან “შიდა სამზარეულოს” ამბებს გვიყვება: “ისეთი ზომა და ფორმა ვიპოვე, რომელში ჩაღრმავებაც შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი აქეთ-იქით დადის და რაღაცებს გეკითხება. ეს არის ნამუშევრები, რომლებიც ეხება ყოველდღიურობას, რაც ჩვენს სახლში ხდება.
უცნაური ლანდშაფტები გხვდება საკუთარ სახლში, რომლებსაც ბავშვი რომ გყავს, თითქოს ვეღარც ამჩნევ, იცი, რომ ბავშვის სათამაშოებია. მცირე ზომის ნახატი კარგი გზა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე თვითონაც დამენახა ეს ყველაფერი.
პანდემიის დროს სახელოსნოში წასვლა და სხვანაირი ფოკუსი გაქრა და ამ გასაფერადებლებით გადმოვიტანე სახლურ სიტუაციაში ფოკუსირებული ნამუშევარი. მანამდე ბავშვის გამო გაქრა ისეთი წესრიგი, სადაც შენი ნამუშევარი ხელოვნებაა, რომელსაც არ უნდა შეეხონ, არ უნდა გაფუჭდეს.
ახლა ხელშეუხებელი აღარაფერია, ყველაფერი ყველაფრის ნაწილია, სახლშიც სხვანაირი წესები მოქმედებს და მე ვიპოვე ეს ენა და ფორმატი, რომლითაც შემიძლია ვიმუშაო.
View this post on Instagram
მუყაოს “შიდა სამზარეულოს” გასაფერადებლები განსაკუთრებით 10-12 წლის ბავშვებს მოეწონათ, არც ძალიან შემეცნებითია და არც ძალიან გაპრიალებული. საერთოდ, თავიდან უფროსებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ გზადაგზა მივხვდი, რომ ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ესაა არტისტის ნამუშევრები, არ არის ხელშეუხებელი, პირიქით, იძლევა გამოყენების და ინტერპრეტაციის საშუალებას”.
სოფოს, როგორც არტისტის მუშაობის პროცესს მუდმივად თან გასდევს კითხვა: ვინ უნდა რომ იყოს უფრო მეტად, შემოქმედებითი ადამიანი თუ პროფესიონალი არტისტი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნამუშევარიც კი შექმნა, სადაც თავისი ორი სახე Pie Chart-ზე გადაანაწილა და გრაფიკამაც უპასუხა, რომ მასში პროფესიონალი არტისტი ჭარბობს.
რაც უფრო მეტად პროფესიონალი არტისტი ვხდები, მით მეტად ვკარგავ იმ საწყისს, რისთვისაც საერთოდ ხელოვნების კეთება დავიწყე და ბავშვთან ურთიერთობა, ის სიმსუბუქე და ხალისი, რაც მისი თამაშის ყურებამ, მასზე დაკვირვებამ მომიტანა, გარკვეულწილად, გახდა ამ საწყისთან დაბრუნების გზა, – ამბობს სოფო.
მას ამ დრომდე უკვირს, როგორ შეიძლება ბავშვები თამაშობდნენ პლასტიკის ძვირადღირებული სათამაშოებით და ეს ჩვეულებრივი რამ იყოს. ალბათ ამიტომაც წამოიწყო “მუკაო”, რომლის პროდუქციაც ბავშვს თამაშის დროს მისი ინტერპრეტაციის საშუალებასაც აძლევს და არც ნარჩენებს ტოვებს გარემოში – ყველაფერი, რასაც “მუკაო” აკეთებს და გააკეთებს, ნარჩენის დაგროვების გარეშე დაიშლება ბუნებაში.
უფრო ადრე კი, სანამ იქნებოდა მუყაო, იყო ქაღალდი და სოფოს არტისტული წიგნები და ეს ამბავი ალბათ სოფოსაც შეიძლება დაევიწყებინა, რომ არა მისი შვილი, რომელმაც ხელახლა აღმოაჩინა წიგნი, რომელიც სოფომ მაშინ გაუკეთა, როცა 2 წლის გახდა და, ფაქტობრივად, ოჯახური ბალადაა პატარა ფილიპეზე.
View this post on Instagram
სოფოს გაახსენდა, რომ ამ წიგნის გარდა კიდევ ბევრი ჰქონდა გაკეთებული სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქალაქში და მალევე მიხვდა იმასაც, რომ წიგნების “გამოსაფენად” კარგი პლატფორმა იქნებოდა ინსტაგრამი.
Drawing Exercise
ეს წიგნი, მხატვრის სავარჯიშო, მუქ ქაღალდზე წებოთი, ფანქრით და თეთრი საღებავით შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს – წიგნის გმირები თავდაყირა დგანან, შარავანდედი ბურავთ, ცეკვავენ და თმას ქარი უფრიალებს – თითქოს არც არაფერი, განსაკუთრებული. იდგა მხატვარი და ვარჯიშობდა 1999 წელს.
View this post on Instagram
Love Game
წითელყდიანი წიგნი სიყვარულზე მაშინ გააკეთა, როცა თვითონაც შეყვარებული იყო. წიგნი ტესტის გარეშეა, მასში ყოველ გვერდზე სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებული გვირგვინია.
View this post on Instagram
Roof Book
არსებობს კიდევ ერთი შეყვარებულის წიგნი, რომელიც პარიზის კოლაჟებს და აი ამ ტექსტს აერთიანებს:
“რო დამიჯერებდე და ჩემთან ერთად წამოხვიდოდე,
წაგიყვანდი…
ავიდოდით სახურავებზე და იქიდან…
ხალხი სულ სულ პატარა გამოჩნდებოდა…
დავიჯერებდით, რომ სულ პატარები ვართ.
სულ პატარები, რამე რომ შევცვალოთ.
დავიჯერებდით, რომ ვერაფერსაც ვერ შევცვლით…
ცოტა სხვანაირად შევხედავდით ქვეყანას…
დიდი ცა თუ გინახავს? ვიცი, გინახავს…
სახურავებიდან ხალხიც და ქუდებიც ერთნაირად გამოჩნდებოდა…
ფანჯრებში ბაღები გამოჩნდებოდა ხალხის გაშენებული…
და ცოტა თავბრუდამხვევი სახურავები ან სულაც:
თბილისური რეალობა, ან:
ანტენები ფანჯრებში არეკლილი…
მე და შენ რახან ცხენით პარიზში წასვლა არ გვხვდა წილად,
ამ პარიზულ ფანჯრებს შენ გაძლევ:
ფანჯრებს და სახურავებს, ანტენებს, აივნებს, ხეებს, ცხენებს, ყვითელ ქაღალდებს, ყვითელი ქაღალდების ამოჭრილ ადგილებს, ქუდებს, პარკებს, ხალხს, ნათურებს და სხვადასხვანაირ ცას, ყვავილებს, აგურებს, სახლებს, კარებს, დარაბებს, პარიზულ დაგრეხილ რკინებს, ბუხრის მილებს თავისი ჭვარტლიანად, ზოგსაც გაწმენდილს, შუშებს, ცაში ყურებას, აივანზე გადმოყუდებას და ამ ხეს, რომ მოუარო”.
View this post on Instagram
Living In The Nature
ამ წიგნის ავტორი 20 წლის სოფოა, რომელიც ახალი ჩასულია ამსტერდამში, როტფელდის აკადემიაში სასწავლებლად. ყველაფერს ხედავს, ყველაფერი შთაბეჭდილებას ახდენს და ადვილად გადააქვს შთაბეჭდილებები ნამუშევრებში.
“ეს წიგნი მნიშვნელოვანია წიგნია და ახლაც ძალიან მომწონს. ამსტერდამული კულტურის ანარეკლია – იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობდი, ოთხშაბათს და პარასკევს ხალხი ნაგავს დგამს გარეთ და ამ ნაგავში შეიძლება ყველაფერი იპოვო, სანამ ნაგვის მანქანა მოვა. სტუდენტებისთვის არის მთელი სამოთხე – სახლს ააწყობ, თუ კარგი მძებნელი ხარ. ფოტოებს ვიღებდი და წარმოვიდგენდი, რომ სახლში კი არ მოგაქვს ეს ყველაფერი, ამსტერდამის ქუჩებია ჩემი სახლი”, – ჰყვება სოფო.
View this post on Instagram
ამსტერდამში ცხოვრებისას სხვა წიგნებიც გააკეთა, ნაწილი მათგან ასლის გადამღები ჯიხურების ინსპირაციით, სადაც სტუდენტები თვითმომსახურებით “აქსეროქსებდნენ” ქაღალდებს. სოფო მიხვდა, რომ ქსეროასლის გადაღების დროს ქაღალდს თუ გაანძრევს, საბოლოო შედეგი საინტერესო იქნება, თუკი მორჩენილ ქაღალდებს გაქექავს, იქ შეიძლება მასალა და შთაგონება იპოვოს და ასე.
View this post on Instagram
ამსტერდამის შემდეგ ნიუ-იორკი იყო, სადაც ხელახლა დაიწყო აღმოჩენების და ყველაფრით აღფრთოვანების, ყველაფრის შეწოვის ეტაპი. ნიუ-იორკის ქუჩებიც ამ დროის წიგნია.
View this post on Instagram
ასევე ის წიგნი, რომლის ფურცლებიც მისი გაკეთებულია ქაღალდის კეთების კურსის გავლის დროს და ამ ფურცლების წიგნად ასაკინძად იატაკის საწმენდი თოკი აქვს გამოყენებული.
View this post on Instagram
ამ წიგნებს ვაკეთებდი ზუსტად მაშინ, როცა უფრო მეტად შემოქმედებითი ადამიანი მეთქმოდა, ვიდრე პროფესიონალი არტისტიო, ამბობს სოფო.
“რასაც ვფიქრობდი, იმას ვაკეთებდი. თან დღიურია, თან რაც ხდება, ეგაა. ახლა, ბერლინშიც ძალიან მომწონს ასფალტიც და სხვა რამეებიც, ფოტოებიც მაქვს, მაგრამ ასე პირდაპირ აღარ ვაკეთებ პროექტებს.
ეს წიგნები უფრო პერსონალური მეხსიერებაა, ყველა თითო ეგზემპლარად არსებობს და რაღაც მომენტებს ასახავს – სულ ალბათ ორჯერ მქონდა გამოფენაზე, მათ შორის ერთი თბილისში.
არ არის ისე, რომ გამოფენა არ მინდა, უბრალოდ იმდენად პერსონალურია, რომ რთულია პროფესიულ წრეებში მისი წარდგენა. შეიძლება ვინმეს დაათვალიერებინო სახელოსნოში, აი ინსტაგრამის მოკლე ვიდეო კი კარგი გამოვიდა მათ გამოსაფენად”, – ამბობს სოფო.