სუკინ ტი სინ ხრამიაშვილი, ანუ ჰოთ დოგი ქართულად
ავტორი: გიორგი წითური
რამდენიმე წლის წინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ კაცობრიობის წინაშე უკვე ვალმოხდილი ვიყავი. არა ბატონებო, აუცილებელი საქმეებიდან თითქმის ვერც ერთი წამოვიწყე – ვერ დავრგე ხე და ვერ ავაშენე სახლი, მაგრამ, ჩემდა უნებურად, ვქენი მთავარი (თურმე) – ვითამაშე ქვეყნის ალბათ ყველაზე პოპულარული თუ არა, ნამდვილად საკულტო სერიალში, უცნაური სახელწოდებით – „ცხელი ძაღლი“. და არა მხოლოდ ვითამაშე, არამედ თითქმის ყველა სეზონის გადაღებას ასე თუ ისე დავესწარი.
სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ხანი სიბნელეში მიცხოვრია, რადგანაც წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა დონის პოპულარობით სარგებლობდა ეს სერიალი და რომ არა „ცხელი ძაღლის“ ფანების ასეთი ერთგულება „ჰოთ დოგის“ მიმართ, ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებდი. დიახ, „ცხელი ძაღლის“ გულშემატკივარი მართლაც რაღაც განსხვავებული კასტაა, ერთგულების ერთგვარი ფენომენი. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც წელიწადში ერთხელ თავიდან რომ არ უყურონ სერიალს, გამორიცხულია.
„აი ორი თვეც და კიდევ ერთხელ ჩავუჯდები“, – მითხრა ერთხელ ნაცნობმა სიამაყით. „გავიხსენებ, როგორ გცემეს ბათუმში“. ჩემს გმირს, ლევან მეხუზლას სულ სამი სცენა თუ ექნება სერიალში, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უცნობმა ადამიანმა მითხრას – „აუუ, ძალიან მეცნობი“. თავიდან ვერ ვხდებოდი, რაში იყო საქმე, ხან რას ვამბობდი და ხან რას. ახლა კი საზეპიროსავით მაქვს – “ცხელი ძაღლი”, აი ის ვარ, კმარელი, ბათუმში რო სცემეს. მინიმუმ 5 წუთი ვარსკვლავობა გარანტირებული მაქვს.
სიმართლე გითხრათ, საშინლად ვითამაშე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ “ცხელი ძაღლის” მთავარი პლუსიც ეს არის, ყველანაირ წუნს უძლებს და ამით უფრო საკულტო და მიმზიდველი ხდება. ცოლი მეუბნება, იმიტომ რომ თრეშიაო, მაგრამ არა, „ცხელი ძაღლი“ თრეში არ არის. აქ საქმე სულ სხვანაირად გახლავთ.
„ცხელ ძაღლს“ იმ პერიოდის სხვა სერიალებისგან განსხვავებით დრამატურგიული ხაზი ყოველთვის ჰქონდა. მართალია, ეს ხაზი სეზონიდან სეზონამდე ისე იცვლებოდა, როგორი პერიოდიც პროდუქტის დამფინანსებელს ედგა, მაგრამ წლების შემდეგ ამან „ჰოთ დოგს“ ერთგვარი იუმორნარევი ელფერი შესძინა, რომლის გარეშეც ახლა მისი წარმოდგენა შეუძლებელია. ჰო, ხან კმარელი ლევანი ხარ და ხან კი ჩინოვნიკი მეხუზლა.
სერიალი ერთი რეჟისორის გადაღებული არ არის, თუმცა ერთხმად შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ ვინმეს დამსახურებაა „ცხელი ძაღლის“ ასეთი პოპულარობა, ეს რეჟისორი ზაზა ურუშაძეა. მართალია, პირველ სეზონს სერიის გამოტოვებით ერეკლე ბადურაშვილიც იღებდა, თუმცა შემდეგი სეზონები მთლიანად ზაზას ეკუთვნის. ხოლო მეხუთე სეზონს რაც შეეხება, იგი „ბრაკად“ უფრო შეიძლება ჩაითვალოს და კონკრეტულად საკულტო „ცხელ ძაღლთან“, ჩემი აზრით, კავშირი არ აქვს. ამრიგად, მას აქ არც მოვიაზრებ.
დრამატურგიულ ხაზზე როცა ვლაპარაკობთ, მთავარი, რა თქმა უნდა, ბიძინა თაბაგარის და ლექსო ნიჟარაძის ურთიერთობაა. ახალი და ძველი თაობის მეგობრული შეჯახება. კომუნისტური წარსულის, თუმცა საღად მოაზროვნე ზახარიჩი და იმედებით აღსავსე, აუცილებელი ცვლილებების მომხრე ლექსო. ახალგაზრდა გმირის წყურვილი, შეცვალოს ქვეყანაში არსებული დამყაყებული სიტუაცია ისეთი დიდია, რომ მთელი სერიალის ხაზი ზუსტად ამ სურვილზე გადის და ყველაფერი, რაც პირველ სამ სეზონში ხდება, ამ სურვილის დამარცხების წყურვილია, იმ ანტიგმირების მხრიდან, ვისაც რამის შეცვლაზე ფიქრიც არ უნდათ. შემდეგ სააკაშვილის პერიოდიც მოდის, წესით და რიგით, ნანატრი დღეების, მაგრამ აქაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა. ამრიგად, სერიალში ახალი ანტიგმირები ჩნდებიან და ასე განაგრძობენ ჩვენი პერსონაჟები ახალ სივრცეში ცხოვრებას.
დღევანდელი გადასახედიდან “ცხელი ძაღლის” მთავარი სერიები მისი პირველი სამი ეპიზოდია, ასე ვთქვათ, ასლან აბაშიძის ბათუმიდან გაქცევის დრომდე. ხელმეორედ ყურებისას კი თავი დავიჭირე იმ აზრზე, რომ გამოგონილი ამბები შესაძლოა რეალობასთან უფრო ახლოს ყოფილიყო, ვიდრე ეს თავიდან წარმომედგინა და არა იმიტომ რომ იგი ისტორიულ ფაქტებზეა აწყობილი. არა, უბრალოდ იმ პერიოდის არქივების შესწავლისას მივედი დასკვნამდე, რომ იმ პერიოდში გამორიცხული არაფერი იყო.
ჰოდა, „ცხელი ძაღლის“ მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ ის შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდზე იუმორით გვიყვება და ამას სხვადასხვა პერსონაჟის სახით ისე აკეთებს, შეუძლებელია არ შეჰყვე. გურამ ჯინორია და კოშკა, კალდუნა და ბონდო, ფოთელი განაბი უშო, ქათამაძე, დობერმანა, კრაპივა, სკლინტა… და ასე დაუმთავრებლად.
ტექნიკური წუნები, გადათამაშება, ყველაფერი უხდება „ჰოთ დოგს“. სხვანაირად შუქს ვერ დააყენებდი, სხვა ხარისხის კასეტა არ არსებობდა და პრინციპში, არც იყო საჭირო. მოკლედ, რასაც კადრში ხედავთ და უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, სერიალის დადებითი მხარეა, რაც პრაქტიკაში, მგონი, ერთადერთი შემთხვევაა. კადრში თუ კადრს გარეთ „ცხელ ძაღლს“ ყველაფერი ავსებს.
ბოლო და ბოლოს ასეთი პოპულარული საუნდტრეკი 21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველოს არ ახსოვს. ნიაზ დიასამიძის მუსიკა კარაქივით წაესვა “ცხელ ძაღლს”. სერიალის ფრაზები კი ცალკე თემაა და საზეპიროსავით აქვთ დაზუთხული ცხელძაღლოლოგებს.
ფეისბუქზე საკმაოდ პოპულარული ჯგუფი აქვთ შექმნილი, სახელწოდებით „სუკინ ტი სინ ხრამიაშვილი“ (ასევე უკვდავი ფრაზა სერიალიდან), სადაც თქვენი მონა მორჩილიც კი გარკვეული პოპულარობით სარგებლობს. მე არ მახსენდება რომელიმე ქართულ პროდუქტს ასეთი დარაზმული ფანობა ჰყავდეს, ყველა და ყველაფერი „ცხელი ძაღლით“ არის გაჟღენთილი და სულაც რომ არ გიტაცებდეს ჰოთ დოგის გემო, ჯგუფში თუ მოხვდი, აუცილებლად მოგინდება მისი დაგემოვნება.
ზემოთ ნახსენებ ფეისბუქჯგუფში ისე ზედმიწევნით ზუსტად არის განხილული სერიალის ყველა დეტალი, ზოგიერთ წევრს სამეცნიერო ნაშრომის დაწერა რომ მოუნდეს, ალბათ უპრობლემოდ გამოუვა. ხოლო ნაშრომი ალბათ რამე ჯილდოსაც კი აიღებს, როგორც სახელმძღვანელო იმ ისტორიაში, რომელიც ყველამ ჩვენ ერთად გავიარეთ. ხოლო ვისაც ეს ყველაფერი არ გაუვლია ასაკის გამო, შეუძლიათ მოიძიონ „ცხელი ძაღლი“ და ნათლად შეიგრძნონ, რა საშიშროება გემუქრებოდა, როცა პატარა „ბუტკის“ მფლობელი იყავი და შენი მეზობელი კი „კრესტებში“ ნამყოფი „კალდუნა“ გახლდათ.
„ცხელ ძაღლს“ პირადად მე იმ პერიოდის საარქივო მასალებთან ერთად შევინახავდი, როგორც კი მოგბეზრდებოდათ დოკუმენტალისტიკა, მხატვრული ხერხით აგიხსნიდათ სერიალი, თუ რა პერიოდი იყო და როგორ გადავრჩით, თუ გადავრჩით საერთოდ? ცხელი ძაღლი ახლაც აქტუალურია, რადგანაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზახარიჩის და ლექსოს თავგადასავლები დღევანდელობაშიც შესაძლოა გაცოცხლდეს.
დღესაც ისეთ ნიუსებს გავიგებთ ხოლმე, თამამად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორ ჩაახუჭუჭებდნენ სცენარისტები, მაგალითად, ნიკა მელიას დაჭერას ან თუნდაც სხვა ნებისმიერ რამეს. დღევანდელობაშიც არ გვაკლია ისტორიები და ასე თუ გაგრძელდა, მგონი, კიდევ დიდხანს შეგვეძლება „ცხელი ძაღლის“ დაბრუნებაზე ფიქრი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. რადგანაც დიდი მოთხოვნის მიუხედავად, ძალიან მეეჭვება „ცხელი ძაღლის“ გაცოცხლება ათასი ფაქტორის გამო. სიმართლე გითხრათ, ალბათ არც არის საჭირო, მითუმეტეს, როცა პროდუქტის ხარისხში დარწმუნებული დღეს უფრო ნაკლებად თუ ვიქნებით.
ალბათ არ მოვიტყუებ, თუ ვიტყვი, რომ ლევან მეხუზლას გმირის გარდა სერიალში ალბათ მინიმუმ 10-ჯერ კიდევ ვჩანვარ – ხან მაღაზიაში, ხან პოლიტიკოსის ოფისში, კლუბში, ქუჩაში – მოკლედ, როგორც ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც პირველად უყურებს გადაღების პროცესს, სტატისტად სად არ გამომიყენეს. მაგრამ მე რა მაქვს სათქმელი, როცა სერიალში, მაგალითად, მსახიობ ზაზა სალიას მთლად ორი როლი აქვს და არამხოლოდ მას. არ გეგონოთ, ამით სერიალს ვაკნინებდე, არა ბატონებო, მისი მთელი პეწიც ეს არის. თუ დააკვირდები, რას არ შეამჩნევ და რით არ გაიხარებ.
„ბათუმის სცენაში ხარ“, – მითხრა ზაზა ურუშაძემ ოხ, ზედმეტი ფულია, გავიფიქრე თავში. არადა მეგობრულად მოცემული პატარა ეპიზოდი, უბრალოდ მისი და სცენარისტების თბილი ჟესტი იყო სტუდენტისთვის, რომელსაც ხან რა აინტერესებდა და ხან რა გადაღების პროცესში. სამწუხაროდ, ზაზა ისე წავიდა, რიგიანად მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, იმისთვის რომ მომცა შანსი 5 წუთი მეც მეგრძნო, რას ნიშნავს იყო საკულტო სერიალის პატარა ნაწილი.
მართალია, სერიალის თითქმის ყველა პერსონაჟი კომიკურია და მათ თრეშში გადასავარდნად სულ ნაბიჯი თუ აკლიათ, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ ეს ნაბიჯია “ცხელი ძაღლის” მარგალიტი. დავაკვირდი და თითქმის ყველა პერსონაჟს თავისი ქომაგი ჰყავს, ზოგს ზახარიჩი ეხატება გულზე, ზოგს კი გენო შავდია. მაგრამ გამორჩეულ სიმპათიას თუ ანტიპათიას, ან კი ორივეს ერთად, გივი სიხარულიძის პერსონაჟი იწვევს, სახელად გურამ ჯინორია. პირველ სერიაში ცალსახად ანტიგმირად წარმოდგენილი პერსონაჟი თანდათან დადებითი თვისებებით იხუნძლება და სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
საქმე მარტივად გახლავთ, მაყურებელს და თვითონ გადამღებ ჯგუფს (სავარაუდოდ) დაენანა ასეთი პერსონაჟის დაკარგვა და გაგრძელება მოუფიქრა. გივი სიხარულიძეს ცნობილი ფრაზის შემდეგ 25 სანტიმეტრზე, ნაკლებად წარმოსადგენი იყო მას რამე უფრო დასამახსოვრებელი შეექმნა, მაგრამ გურამ ჯინორია იმ ეპოქის ერთგვარი სარკეა – მკვლელი, მექრთამე, მოკლედ, გაფუჭებული ადამიანი და ამ დროს, რიგ შემთხვევებში, უერთგულესი, უთბილესი, ნამდვილი მეგობარი, მეოჯახე და ნაღდი „თბილისელი“ კაცი.
პარადოქსულ ქვეყანაში პარადოქსული პერსონაჟები ხარობენ მხოლოდ – აი, სადღაც აქ არის დამალული “ცხელი ძაღლის” გასაღები. იმ გმირებში, რომლებიც სარკე არიან პერიოდის, სადაც შუქი მარტო გამორჩეულებს ჰქონდათ, სადაც ტყვიას ჩვეულებრივად გადაგაყლაპებდნენ, სადაც ფენოვანი ხაჭაპურის ფული არ გაქვს და სადაც მაინც არსებობენ ათასი ნაკლის მქონე, მაგრამ პრინციპული და სამართლიანი ბიძინა თაბაგარი და იმედით სავსე ლექსო ნიჟარაძე.
ისევ ფრაზები მახსენდება და ალბათ ელდარ შენგელაიას ფილმებს თუ გამოვტოვებთ, უფრო მეტჯერ ციტირებული ნამუშევარი ქართულ კინო-ტელესივრციდან არ არსებობს. ახლაც თვე არ გავა, რომელიმე გადაცემაში ფრაზას არ მოვკრა ყური „ცხელი ძაღლიდან“ ან რომელიმე სტატუსში არ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია დავასკვნათ, მოგვწონს თუ არა სერიალი, ის აქტუალურობას ნამდვილად არ კარგავს. „მაღლა მიაქვს ამ ჩათლახს“, „იყოს რა, ოჯახი ხრამია“… და ასე თითქმის დაუმთავრებლად შეგვიძლია გავყვეთ ფრაზებს, რომლებიც ასე მოერგო ჩვენ დღევანდელობას.
მოკლედ, ეს „ცხელი ძაღლი“ სარკასტული დეტექტივია. სწორედ იმ სარკასტული ეპოქის, სადაც ახალი დღის იმედი მაინც არსებობდა და არ აქვს მნიშვნელობა, გამოუვიდათ რამე თაბაგარი-ნიჟარაძის წყვილს თუ არა, მთავარი ხომ მათი სურვილი იყო – თუ მთლიანად ვერ შეცვლი ახალ დღეს, ცოტა უკეთესი მაინც გახადე.
გიორგი წითური, ანუ მუდამ თქვენი ლევან მეხუზლა