fbpx

ევროთასებიდან მსოფლიო თასამდე


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითმა მერვედფინალურმა მატჩებმა ფეხბურთის მოყვარულთათვის მშვიდად, განსაკუთრებული ემოციების  გარეშე განვლო, რადგან თურმე „იუვენტუსი“ – „პორტოს“ მატჩის გამოკლებით, დანარჩენ შვიდ წყვილში მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე პირველი მატჩების შემდეგ ყოფილა გარკვეული.

„ქამ ბექის“ აუცილებლობის წინაშე მყოფმა გუნდებმა სათანადო ფსიქოლოგიური შემზადება ვერ გამოავლინეს თავ-თავიანთი პრობლემების გადასაწყვეტად და განმეორებითი მატჩები ზოგიერთმა მათგანმა ერთი და ზოგმაც მეტი ბურთის სხვაობით წააგო.

სეირის მოყვარულთა ყურადღება ბოლო დღეს „ჩელსი“ – „ატლეტიკოს“ წყვილისადმი იყო მიმართული, რადგან გარკვეული ალბათობით, ამ მატჩში მაინც ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი.

მაგრამ დაპირისპირების პირველი წუთებიდანვე აშკარა იყო, რომ „ჩელსი“ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა. 

თომას ტუხელის მიერ კონტრიერიშებზე აწყობილმა ტაქტიკამ, რომელიც მეტოქის უნიათო შეტევებთან შედარებით, გაცილებით ეფექტური იყო, ნაყოფი 34-ე წუთზე გამოიღო, როდესაც საკუთარ მოედანზე დაწყებული ელვისებური შეტევა, სამსვლიანი კომბინაციის შედეგად, მასპინძლებმა გოლად აქციეს.     

„ჩელსის“ დაწინაურების შემდეგ, წინა დღეს გამართული „რეალი“ – „ატალანტას“ მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ყოველგვარი ინტრიგა მოისპო.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ინგლისელებს ეყოლებათ. თანაც აღსანიშნავია, რომ როგორც „ლივერპულმა“, ისე „მანჩესტერ სიტიმ“ ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 2:0 მოიგო.

მათი მეტოქეები გერმანული გუნდები – „ ლაიპციგი“ და „მიონხენგლადბახი“ იყვნენ. მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის“ მეტოქედ ისევ გერმანული გუნდი – „დორტმუნდი“ ერგო, ხოლო „ჩელსის“ კი ნახევარფინალში მოსახვედრად „პორტოს“ წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

ამ ეტაპზე არასწორი იქნებოდა რომელიმე გუნდის აშკარა ფავორიტად წარმოჩენა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ და „ჩელსის“ სხვებთან შედარებით ნამდვილად  გაუმართლათ.

გაცილებით დამაინტრიგებელი დანარჩენი ორი მეოთხედფინალი იქნება, რადგან „რეალი“ – „ლივერპულის“ დაპირისპირება გულშემატკივარს ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალს, ხოლო „ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა კი უკანასკნელი გათამაშების გადამწყვეტ შერკინებას მოაგონებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩებისგან განსხვავებით, ბოლომდე არ დაუკარგავს ინტრიგა ევროპის ლიგის ზოგიერთ განმეორებით შეხვედრას. 

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა გასვლაზე „მილანის“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე გასვლა, სადაც მისი მეტოქე „გრანადა“ იქნება.

ტურნირი მოულოდნელად დატოვა „ტოტენჰემმა“, რომელმაც შინ თითქოს კომფორტული 2:0 მოგების შემდეგ, ასეთივე ანგარიშით დათმო განმეორებითი შეხვედრა ზაგრების „დინამოსთან“. 

მატჩის დამატებით დროში კი ხორვატებმა კიდევ ერთი გოლით დაასაჩუქრეს ჟოზე მოურინიოს გუნდი, რომელიც პრემიერლიგის ცხრილში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მომავალ სეზონში ისევ ევროპის ლიგის საგზურს თუ მოიპოვებს. 

საინტერესო იქნება „აიაქსის“ და „რომას“ მეოთხედფინალური დაპირისპირება, რადგან ამ კლუბების ამბიციებს მიღმა   ჰოლანდიური და იტალიური საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟიც დგას, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში.

ევროთასების მეოთხედფინალურ მატჩებამდე კი, რომლებიც აპრილში ჩატარდება, 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრები გაიმართება, რომლებშიც პლანეტის  211 ქვეყანა ჩაერთვება.

გამონაკლისი ჩემპიონატის მასპინძელი – კატარის ნაკრებია, რომელიც 2002 წელს, სამხრეთ კორეა-იაპონიის მუნდიალის შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი მესამე აზიური ქვეყანა იქნება.

მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ფორუმი მრავალ სიურპრიზს რომ გვპირდება, მისი რეგლამენტიდანაც გამომდინარეობს. 

თუკი აქამდე ტურნირი ტრადიციულად ივნისი-ივლისის პერიოდში იმართებოდა, კატარის განსაკუთრებულად ცხელი კლიმატური პირობების გამო, მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

იქამდე კი გუნდებს დიდი გზა ექნებათ გასავლელი და თუკი ზოგიერთი მათგანი „ცალი ფეხით“ უკვე კატარში იმყოფება, საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელით, უპირველეს ყოვლისა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ექნება დასამტკიცებელი, რომ გუნდი აღმავლობის გზაზეა.

მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდის მონაწილეობა ერთა ლიგის ტურნირის D და C დივიზიონებში წარსულს ჩაჰბარდა, მას ერთი ამხანაგური მატჩიც არ ჩაუტარებია. ამიტომ ქომაგებისთვის ბუნდოვანია მისი შესაძლებლობები ერთი კვირის განმავლობაში ჩასატარებელ სამ შეხვედრაში. 

თუმცა, პანდემიის პირობებში სანაკრებო ფეხბურთისთვის მსოფლიოს ნაკლებად სცალია და ამხანაგური მატჩებით განებივრებულნი არც ჩვენი მეტოქეები არიან.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 25 მარტს სტოკჰოლმში შვედების წინააღმდეგ გამართავს, 28 მარტს „დინამო არენაზე“ ესპანელებს უმასპინძლებს და 31 მარტს საბერძნეთის ნაკრებს თესალონიკში ეწვევა.

ამის შემდეგ შესარჩევ ეტაპზე პაუზა შემოდგომამდე დაისადგურებს, საქართველოს ნაკრები დანარჩენ ხუთ მატჩს სექტემბერ-ნოემბერში ჩაატარებს და შედეგიც მაშინ გაირკვევა.

ამჟამად კი გულშემატკივარი ტრადიციული მოლოდინის რეჟიმშია და ალბათ ისეთი ოპტიმისტებიც არსებობენ, რომლებიც თავიანთ სათაყვანებელ გუნდს უკვე კატარში ხედავენ…   

თუკი ჩვენში ასეთი ქომაგები ნაკლებადაა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისგან გულშემატკივრები ტიტულის შენარჩუნებას ითხოვენ. 

საფრანგეთის ნაკრები შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში უკრაინას უმასპინძლებს. ბუნებრივია, დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ თუკი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ევროპაში ზოგჯერ სათამაშო დღის მანძილზე ერთი საყურებელი მატჩიც არ მოიპოვება, სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე ტურნირი, რომელიც ათი გუნდისგან შედგება, გაცილებით თანაბარი და დამაინტრიგებელია. 

აქ გუნდებს უკვე ოთხი ტურის მატჩები აქვთ ჩატარებული და ქულათა მაქსიმუმით ბრაზილიის ნაკრები ლიდერობს. 

მეხუთე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს კოლუმბია – ბრაზილიის და არგენტინა – ურუგვაის შეხვედრები იწვევს. 

31 მარტს მეექვსე ტურის შეხვედრაში კი მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ბრაზილიის ქალაქ რესიფისკენ იქნება მიმართული, სადაც ერთმანეთს ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები შეხვდებიან. 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად ეს გუნდები 2019 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, არაოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა არგენტინელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს მე-13 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით. 

ლეო მესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ბრაზილიელთა გოლკიპერმა ალისონმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე არგენტინელთა მეათე ნომერმა იმარჯვა და ბურთი ძირს დაცემული ალისონის გვერდზე, ცარიელ კარში გადაგზავნა. 

ამ მარცხიდან გამომდინარე, სრულიად ბრაზილია რევანშის მოლოდინშია, არგენტინელთა მოგების შემთხვევაში კი სატურნირო ცხრილს სათავეში უკვე „ალბისელესტე“ ჩაუდგება, რაც კარსმომდგარ დაპირისპირებას განსაკუთრებულ დაძაბულობას ანიჭებს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.