სტარტაპ პრეაქსელერატორი დაიწყო
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო სტარტაპ პრეაქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩა 20 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მომდევნო 2 თვის განმავლობაში იმუშავებენ საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
პრეაქსელერაციის პროგრამას გაუძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში.
პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ფასეული შეთავაზება (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. პროგრამა დასრულდება 4 ივნისს დემო დღით, სადაც პრეაქსელერატორის მონაწილე სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარდგებიან და ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება სტარტაპის განვითარებისა და გაფართოებისთვის.
პროგრამის მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, EFSE Entrepreneurship Academy, რედბერის სტარტაპ სტუდია და ჰოლანდიის საელჩო, რომელიც პრეაქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში, საუკეთესო მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო სივრცითა და დამატებითი კონსულტაციებით.