fbpx

2021 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატები – ჟან-ფილიპ ვასალი და ენ ლაკატონი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

“ზოგჯერ პასუხი არაფრის გაკეთებაა, არასდროს დაანგრიო, არასდროს  გააქრო, ყოველთვის გარდაქმენი, დაამატე და ხელახლა გამოიყენე”

 

“ლაკატონმა და ვასალმა შემოგვთავაზეს შეცვლილი დეფინიცია ამ ძალიან თვალსაჩინო პრაქტიკის”, – ამბობს პრიცკერის ჟიური. არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემია წელს ფრანგი არქიტექტორების დუეტს გადაეცა, ისინი პრიცკერის პრემიის 49-ე და 50-ე ლაურეატები არიან, ენ ლაკატონი კი პირველი ფრანგი ქალია, რომელმაც ეს პრიზი მოიპოვა. 

ჟან-ფილიპ ვასალმა და ენ ლაკატონმა თავიანთი 30-წლიანი კარიერა იმაზე ააწყვეს, თუ როგორ უნდა ჩაერიოს არქიტექტორი სწორად არსებულ გარემოში და ეს ჩარევა მიზნად ისახავდეს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, სწორედ ამ ხედვისთვის გადაეცათ მათ არქიტექტურის უმაღლესი ჯილდო. როგორც პრიცკერის ჟიურის თავმჯდომარე ალეხანდრო არავენა ამბობს, ისინი არიან რადიკალურები თავიანთ დელიკატურობით და თამამები თავიანთ დახვეწილობით.

როდესაც Lacaton & Vassal-ს დაუკვეთეს ბორდოში, საფრანგეთში საზოგადოებრივი მოედნის დიზაინის შეცვლა, მათი პასუხი მოულოდნელი იყო, არქიტექტორებმა დამკვეთს უთხრეს, რომ არ შეეხებოდნენ ამ ადგილს, მათ მიაჩნდათ, რომ ეს მოედანი მშვენიერი იყო და ინვესტიციის ჩადება სადმე სხვაგან ურჩიეს. როგორც ჟან ფილიპ ვასალი აღნიშნავს, როდესაც ექიმთან მიდიხარ, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ არაფერი გჭირს და არც წამალი გჭირდება, მისი თქმით, არქიტექტურაც ასე უნდა იყოს. “თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ზოგჯერ პასუხი არაფრის გაკეთებაა”, – ამბობს არქიტექტორი. ბორდოს პროექტის შემთხვევაშიც არქიტექტორების “დიაგნოზი” იყო, რომ მოედანს მხოლოდ ახალი ხრეში სჭირდებოდა.

იმ ხანაში, როდესაც უფრო ხშირად ვხვდებით დანგრეულ და ახლით ჩანაცვლებულ საცხოვრებელ კორპუსებს, ლაკატონმა და ვასალმა დაუღალავად იმუშავეს არსებული საცხოვრებელი კომპლექსების ქირურგიული სიზუსტით გაფართოებასა და განახლებაზე, რამაც ათასობით მცხოვრების ცხოვრება გარდაქმნა უკეთესობისკენ. არქიტექტორების ძალიან პრაგმატული მიდგომა ყველაზე თვალსაჩინოა საფრანგეთში განხორციელებულ თავიანთ პიონერულ ნამუშევრებში, როცა მათ გადააკეთეს რამდენიმე კორპუსი, გააფართოვეს ბინები და მკვეთრად გააუმჯობესეს არსებული რეალობა. 

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საფრანგეთის სახელმწიფო 167 000 ევროს ხარჯავდა ძველ კორპუსებში თითოეული ბინის დანგრევასა და აღდგენაში, არქიტექტორები ამტკიცებდნენ, რომ შესაძლებელი იყო ამ  ფასად სამი ბინის გაფართოება და აღდგენა. მათ ეს დაადასტურეს. 

 

Tour Bois le Prêtre

არქიტექტორებმა 2011 წელს პარიზში შენობა Tour Bois le Prêtre მთლიანად გადააკეთეს, კოშკის იატაკები სამი მეტრით გააფართოვეს და შენობა ახალი, მინის ფასადით შეფუთეს, სადაც აივნები და ზამთრის ბაღები მოაწყვეს.  გარდა იმისა,  რომ პროექტი ბევრად ეკონომიური გამოდგა, მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მშენებლობის პროცესში თავიანთ ბინებში დარჩენილიყვნენ. 

 

Grand Parc Estate

ვასალმა და ლაკატონმა იგივე სტრატეგია გამოიყენეს 2017 წელს Grand Parc Estate-ს პროექტში, სადაც შენობის სამ ბლოკს ფართობი მოემატა და განახლდა მათი ფასადები, ზოგი ბინა ორჯერ უფრო გაიზარდა და ეს ყველაფერი იმის მესამედი დაჯდა, რაც სახელმწიფოს ამ კორპუსების დანგრევასა და ახლის აშენებისთვის ჰქონდა გამოყოფილი. ამ პროექტისთვის არქიტექტორებს 2019 წელს გადაეცათ ევროპის არქიტექტურული ჯილდო – EU Mies van der Rohe Award. 

 

Palais de Tokyo

Lacaton & Vassal-ის ოფისს იგივე მიდგომა აქვს კულტურული ობიექტების მიმართაც, უნდათ, რომ შექმნან პოეზია პრაგმატულობისგან. ამის კარგი მაგალითია მათი Palais de Tokyo-ს პროექტი პარიზში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში 1930-იანი წლების სასახლის ექსპო-შენობის ოთახების გათხრების შედეგად გალერეის სივრცეების შთამბეჭდაობა გამოკვეთეს და შედეგად, ამ თანამედროვე ხელოვნების გალერეის დათვალიერება არქეოლოგიურ კვლევას ჰგავს. 

 

FRAC Dunkerque

FRAC Dunkerque – დუნკირკში მათი დაკვეთა ომისშემდგომი გემთმშენებლობის ქარხნის ხელოვნების ცენტრად გადაკეთება იყო. მათ გადაწყვიტეს, რომ დიდი გემების დარბაზი ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე იყო  გალერეისთვის მოსარგებად, ამიტომ მოჩვენების მაგვარი იდენტური შენობა აუშენეს გვერდზე გამჭვირვალე მასალებით, რომელიც ხელოვნების ცენტრად ფუნქციონირებს. არსებული შენობა კი თავისი ისტორიით და სიცარიელით დრამატულ ფონს ქმნის.

 

Nantes School of Architecture

Nantes School of Architecture არის მათი ახალი არქიტექტურის სკოლის პროექტი, რომელიც არსებულის გადაკეთებას არ მოიაზრებდა. ვასალმა და ლაკატონმა დააპროექტეს სამსართულიანი ღია ბეტონის სტრუქტურა პოლიკარბონატის კედლებით და გასაწევი კარებით კარკასი ისე არის მოწყობილი, რომ მასზე გეგმარების მრავალი კონფიგურაციის მორგებაა შესაძლებელი. ყველა სართული უკავშირდება ერთმანეთს ფართო პანდუსით. მათი მიდგომებით დამკვეთს შესთავაზეს ორჯერ უფრო დიდი შენობა იგივე ბიუჯეტით. “ეკონომია არ არის ამბიციის ნაკლებობა, არამედ თავისუფლების იარაღი”, – ამბობენ არქიტექტორები. 

მათი ეს მიდგომა ყოველთვის მათ სასარგებლოდ არ მუშაობს, განსაკუთრებით არქიტექტურული კონკურსების შემთხვევაში. მათი ვიზუალიზაცია არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც სხვა ოფისების რენდერები. “ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ვიზუალურად საბოლოო შედეგი და არ გვინდა თავი მოგაჩვენოთ, რომ ვითომ ვიცით”, – ამბობს ვასალი. 

“დანგრევა მარტივი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებაა, – ამბობს ენ ლაკატონი,  – ეს არის ენერგიის, მასალის და ისტორიის ფუჭად გაფლანგვა, უფრო მეტიც, მას ძალიან ნეგატიური სოციალური გავლენა აქვს, ჩვენ ამას  ისე ვუყურებთ, როგორც ძალადობრივ ქმედებას”. სოციალური საცხოვრებლებიდან დაწყებული და თანამედროვე ხელოვნების ცენტრებით დამთავრებული, ისინი ყოველთვის მუშაობას იწყებენ არსებული რეალობის შესწავლით, იმის შეფასებით, თუ რა არის უკვე ადგილზე და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება მინიმალური რესურსებით. არქიტექტორები ცდილობენ გამოიყენონ შედარებით იაფი მასალები და “გააკეთონ უფრო მეტი უკეთესი ნაკლებ ფასად”. 

კლიმატის საგანგებო სიტუაციის ფონზე მათი მიდგომები კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ჯილდო, რომელიც არქიტექტურის საკულტო ფიგურებს ეკუთვნოდათ, წელს გადაეცათ იმ შემოქმედებს,  , რომლებსაც ურჩევნიათ მათი შემოქმედება მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს. 

მოდერნისტების ოცნება, რომ ადამიანების ცხოვრება გაეუმჯობესებინათ ახლის შეთავაზებით, ამ არქიტექტურული ოფისის შემთხვევაში ჩანაცვლებულია დღევანდელი კლიმატური და ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და რეალური საჭიროებებით. “მათი არქიტექტურა ისეთივე ძლიერია თავისი ფორმებით, როგორც რწმენით და ისეთივე გამჭვირვალეა ესთეტიკურად, როგორც ეთიკურად”, – ამბობს პრიცკერის ჟიური.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.