fbpx

ფანჯრიდან დახატული ნახატები – ლევან გაბუნია


გააზიარე სტატია

ლევან გაბუნიამ ბოლოს გამოფენა 2008 წელს გამართა, თუმცა არ გაჩერებულა და სულ ხატავს, მგონი, უფრო მეტსაც კი, ვიდრე ლაპარაკობს. უბრალოდ აკეთებს არა სხვისთვის, არა გამოფენისთვის… ის ასე და ამით ცხოვრობს. ხატავს იმას, რასაც თავისი ფანჯრიდან ყოველდღე ხედავს. მისი ქალაქი ჩუმი, ლამაზი, მშვიდი, ცოტა სევდიანია. ასეთი თბილისი მხოლოდ მისი ფანჯრიდან ჩანს. 

ლევან, მამაშენის, ვახტანგ გაბუნიას პროფესიამ იქონია თუ არა გავლენა შენს პროფესიულ არჩევანზე? საერთოდ, როგორია შენი, როგორც მხატვრის ისტორია, საიდან იწყება და რა გზა გამოიარე დღემდე?

იწყება ინსტინქტით. უბრალოდ იღებ ფანქარს და კედელზე ხატავ. მერე გეტყვიან, რომ – არა, კედელზე აღარ დახატო. მოგცემენ ფურცელს და… მერე, დროთა განმავლობაში, რთულდება, ჩნდება კითხვები.

რა თქმა უნდა, როცა იზრდები მხატვრის სახლში, უყურებ, აკვირდები, რას და როგორ აკეთებს. 

მიყვარდა ყურება –  როგორ მუშაობდა მამა. ახლაც მიყვარს. ისე, არასდროს  მიფიქრია პროფესიულ არჩევანზე, მგონი, არჩევანი არ მქონდა.

2008 წლის მერე ნახატები არ გამოგიფენია, არადა მანამდე ძალიან აქტიურად იყავი ჩართული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებშიც,  შენი ნახატები უცხოეთში არაერთ კერძო კოლექციაშია. რა არის ამის მიზეზი?

2021  – დაუჯერებელი თარიღია. რეალურად ასე მოხდა. არ ვიცი.

შენი ნამუშევრების დიდი ნაწილი არის უბანზე, სადაც  ცხოვრობ. შენ არათუ არ გბეზრდება ხედი, რომელშიც ბავშვობიდან ცხოვრობ, არამედ თითქოს წლებთან ერთად უფრო გიყვარდება, იკვლევ და აფიქსირებ. ვიღაცამ თქვა, თითქოს უმეტესობა ერთი და იგივე ხედია, უბრალოდ სხვადასხვა დღეს დახატული და სხვადასხვა დროს დანახულიო.

ჩემს თავს არ ვთვლი რამე მიმდინარეობის მხატვრად. მთელი ცხოვრება სულ სხვადასხვა ნამუშევრებს ვაკეთებდი. რაც შეეხება იმ თემას, რაც მეორდება: მთაწმინდის ძირას, სადაც მე ვცხოვრობ, ეს არის საოცარი ადგილი. აქ დავიბადე, გავიზარდე. ყველაფერი აქაურობასთან მაკავშირებს. ამიტომ ეს თემა ალბათ სულ თან დამაქვს.

 

როგორია შენი მუშაობის პროცესი?

სხვადასხვანაირი, ახლა იატაკზე ვაკეთებ. რემონტის ნარჩენებით და პიგმენტებით ვმუშაობ.

შენი ხელოვნება რეფლექსიაა რაღაც გარკვეულ მოვლენებზე, თუ  გარშემო მიმდინარე ამბებს არ აქვს გავლენა?

ჩემი ანარეკლია – შთაგონება ყველგან შეიძლება იყოს. ასე ვერც დავაკონკრეტებ. გრძნობა გეუბნება, რომ ეს შენია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ახდენს გავლენას, რაც გარშემო ხდება.

იმ მასალის გარდა, რასაც მუშაობის პროცესში იყენებ, კიდევ რა გჭირდება იმისათვის, რომ იდეალური გარემო თუ განწყობა შეიქმნა ხატვისთვის?

ყველაზე კომფორტულად ვარ სახლში. სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ. სხვაგან რომ წავსულვარ სამუშაოდ, იქ სხვა რაღაც ხდება ხოლმე და შედეგიც სხვანაირი გამოდის.

საინტერესოა, შენი დამოკიდებულება ფერების მიმართ – რომელ ფერს რა დატვირთვით იყენებ?

რამე ფერს ვერ გამოვარჩევ. ინტუიციურად ვიღებ.

შენი პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს?

რაც მახსოვს, ეს იყო დათო ყიფიანი. ზურგით იდგა, 10 ნომერი მაისურით.

და ბოლოს, როდის ველოდოთ შენი ნამუშევრების გამოფენას?

ბოლო ერთი წელი ყველასთვის რთული იყო. თავიდან მეც გამიჭირდა, არაფერს ვაკეთებდი, თუმცა მერე გავაგრძელე ხატვა და გარკვეული რაოდენობის ნამუშევრებიც დამიგროვდა, იმდენიც კი, რომ წელს ვფიქრობ,  მზად ვარ გამოფენისთვის, სადაც აუცილებლად დაგპატიჟებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.